ნარკოდანაშაული

პროდიუსერი კახა მამულაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

0 კომენტარი
თბილისის საქალაქო სასამართლო ფოტო: ფოკუსი / ტაბულა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პროდიუსერს კახა მამულაშვილს (მამულიჩა) სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან 15 000-ლარიანი გირაო 10 დღეში უნდა გადაიხადოს.

"დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლა. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ბრალდებულ კახა მამულაშვილს 15000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მამულაშვილს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება", - აცხადებენ პროკურატურაში. 

აღსანიშნავია, რომ მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში დღეს, 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, ბრალდებულის ახლობლები და ჟურნალისტები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთ საათს ელოდებოდნენ. ამის შემდეგ, საქმის პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა თქვა, რომ სხდომა გადაიდებოდა. როგორც ინტერპრესნიუსი წერს, კახა მამულაშვილი მეორე სართულზე, მე-18 დარბაზიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მედიის არცერთ წარმომადგენელს მის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. მამულაშვილის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც იგი სასამართლოს ეზოში, ავტომობილში ჯდებოდა.

სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, მამულაშვილის საქმეზე წინასასამართლოს სხდომის სხვა დარბაზში გამართვის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა. კითხვაზე, რატომ არ აცნობეს ჟურნალისტებს სხვა დარბაზში სხდომის გადატანის შესახებ, სასამართლოში აცხადებენ, რომ ამის შესახებ თავადაც არ იცოდნენ.

კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები