რთველი 2015

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს ყურძნის სახლში დაწურვას ურჩევს

David Mdzinarishvili / Reuters

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს ყურძნის სახლში დაწურვას ურჩევს, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა  მედია კავშირ ობიექტივის ეთერში განაცხადა. ობიექტივთან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურიშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს საკმაოდ მძიმე რთველი იქნება, რადგანაც ღვინის ქარხნებს უკვე დაგროვილი აქვთ ღვინის მნიშვნელოვანი მარაგები, რაც რუსეთსა და უკარინაში ღვინის ექსპორტის კლების გამო გაუყიდავი დარჩათ.

"მე მოვუწოდებდი ყველას, რომ დავუბრუნდეთ ღვინის სახლში დამზადებას, ყველას გვაქვს სახლში ქვევრები, ჩვენ თუ ყველა ჩვენ ღვინოს ვაწარმოებთ და ღვინის მოხმარებას დავუბრუნდებით, ყურძენზე ფასიც გაიზრდება და კიდევ ახალი ვენახების გაშენება გახდება საჭირო." - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

"ტრადიციულად იქ იწურებოდა და ყველა ოჯახში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ღვინო. შარშან იქ იყო ისეთი მოთხოვნა და ისეთი აჟიოტაჟი, რომ შეიძლება ითქვას პირწმინადად ჩაბარდა და იყო ძალიან მაღალი თანხა, წელს ალბათ მოხდება სხვადასხვა ქალაქებშიც გატანა, რაც შარშან პრაქტიკულად არ იყო."- ამბობს გოჩა ცოფურიშვილი

ღვინის ეროვნული სააგნტო წელს დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდება, საიდანაც დაახლოებით 120-130 ათასი ტონა ქარხნებში გადამუშავდება. გიორგი სამანიშვილის თქმით, გასული 20 წლის მანძილზე ქართული ღვინის ექსპორტი მაქსიმალური 2014 წელს იყო, ქარხნები კი 2015 წელს მის კიდევ უფრო მეტ ზრდას  ელოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2015 წელს ღვინის სუბსიდირებას არ გეგმავდა, თუმცა ამ პროექტისთვის საჭირო 12 მილიონი სამინისტრომ საკუთარ ბიუჯეტში მაინც გაითვალისწინა. გიორგი სამანისვილის თქმით, სუბსიდიის მსგავსი ჩარევები ბაზრის სტრუქტურაზე დადებითად არ მოქმედებენ, მაგრამ წელს ის მაინც აუცილებელი გახდა, რათა მევენახეებზე ყურძნის დაბალი ფასიდან გამოწვეულ შემოსავლების კლებას უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯმდომარის, გიორგი სამანიშვილის შეფასებით, გასული ათწლეულის მანძილზე სახელმწიფო ღვინის ფასში ზედმეტად ერეოდა, რაც მინიმალური ფასის დაწესებასა და სუბსიდირებაში გამოიხატება. სააგენტოს მიზანს კი ამ პროექტებიდან გამოსვლა წარმოადგენს.

"საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავს სახელმწიფო და შედეგი არ არის ისეთი მაღალი, ამიტომაც ჩვენ გვინდა, რომ გავიდეთ ანუ სუბსიდირება, რომ არ იყოს, მაგრამ მომავალ წელსაც იქნება იგივე თუ ჩარევა გახდა აუცილებელი, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ყურძნის მოთხოვნა მიწოდებას და თუ მიწოდება იქნება მაღალი და მოთხოვნა მცირე  ჩვენ სუბსიდირებას გავაგრძელებთ, თუმცა გვესმის, რომ ეს დარგს ასუსტებს."- ამბობს გიორგი სამანიშვილი.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის შემდეგ ქართული ღვინის მარკეტინგისთვის გამოყოფილი თანხები თითქმის გააორმაგა. ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება მარკეტინგული საშუალებებით წელს იგეგემება აშშ-ს, ჩინეთის, იაპონიის, ბალტიისპირეთისა და სხვა ბაზრებზე.

კომენტარები