საპარტნიორო ფონდი

სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდის მოგება 69%-ით გაიზარდა

საპარტნიორო ფონდი

საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის მოგება 2014 წელს 69%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტორული კომპანია KPMG ავრცელებს. 2014 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების კონსოლიდირებულმა ფინანსურმა შემოსავლებმა ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა, წმინდა მოგება კი 69%-ით გაიზარდა და 124 მილიონი ლარი შეადგინა. სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა.

ფონდის ჯამური აქტივები შეადგენს 5.4 მილიარდ ლარს, რაც წინა წლის ჯამურ აქტივებს 8%-ით აღემატება. საინტერესოა, რომ ასევე გაზრდილია ფონდის კაპიტალიც და იგი 2.6 მლრდ ლარია, რაც 9%-ით მეტია 2013 წლის მონაცემებთან შედარებით. საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენენ საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფინანსური მაჩვენებლები შთამბეჭდავია, რაც ფონდს მომავალში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს. 

საპარტნიორო ფონდის აქტივები კი ასე გამოიყურება:

  • საქართველოს რკინიგზა - 100% წილი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი
  • ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი
  • სს თელასი - 24.5% წილი

საპარტნიორო ფონდი ასევე ჩართულია რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო პროექტში, მათ შორის ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის $1-მილიარდიანი პროექტია, რომლის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტიც უკვე ხელმოწერილია. საპარტნიორო ფონდმა ენერგეტიკის სექტორში გარდაბნის თბოსადგურის სახით $220-მილიონიანი ინვესტიცია უკვე განახორციელა. საქართველოში პირველი კომბინირებული ციკლის გაზის თბოელექტროსადგურის სიმძლავრე 230 მეგავატია. 

საპარტნიორო ფონდმა ტურიზმის სექტორშიც განახორციელა ინვესტიციები, მათ შორისაა: $48-მილიონიანი ინვესტიციით აშენებული სასტუმრო Rixos Borjomi, სასტუმრო ჯინო ველნეს სპა და სასტუმრო როიალ ბატონი. მიმდინარე პროექტები კი სასტუმრო წინანდალი Radisson-ი და სასტუმრო Best Western-ია. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საპარტნიორო ფონდს BB- მიანიჭა, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

კომენტარები