რთველი 2015

აგრარული კომიტეტის სხდომაზე კახელი მევენახეები მივიდნენ

აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით დაიწყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღის წესრიგში რთველი 2015-ის საკითხის შეტანა ითხოვეს. სხდომაზე იმყოფებოდნენ კახელი მევენახეები, რომლებსაც ყურძნის ფასთან დაკავშირებით საუბარი სურდათ. 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა თქვა, რომ ჯობს, "უახლოეს დღეებში" მოხდეს შეხვედრა. თუმცა, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, "არ ვიცით, უახლოესი დღეები როდის იქნება, რადგან ყურძენმა გაფუჭება დაიწყო. კახეთიდან ჩამოსულმა ხალხმა რაღაც პასუხი უნდა წაიღოს".

ამის შემდეგ, ოპოზიციის და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ თქვა, რომ უმრავლესობა არ გაურბის კითხვებს. მისი განცხადებით, "სანამ ჩამოვიდოდნენ, გეთქვათ წინასწარ". მან დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს მიმართა - "ნუ გვაიძულებთ, მანდატურს ვთხოვო, მიგაბრძანოთ სხდომიდან".

კამათის შემდეგ, ენმ-ის წევრებმა და მევენახეების ნაწილმა სხდომა დატოვეს. ტყემალაძემ კი განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მოსმენის შემდეგ, თითოეულ მევენახეს მისცემენ სიტყვას. 

"წინასწარ გეთქვათ და დღის წესრიგში პირველ საკითხად შევიტანდით", - მიმართა ტყემალაძემ მევენახეებს.

ამასთან, გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 
ინტეპრესნიუსის ცნობით, დაპირისპირების დროს, ოთხი ადამიანი დაიკავეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილეს სცემეს. 
 
თელავი-გურჯაანის მთავარი მაგისტრალი მევენახეებმა დღეს გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ. მევენახეების განცხადებით, ყურძნის ფასი მათთან შეთანხმებით უნდა დაწესდეს. გარდა ამისა, კახელი მევენახეები თბილისშიც ჩამოვიდნენ და აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რთველი 2015-ის საკითხის დღის წესრიგში შეტანა ითხოვეს.  

კახეთში რთველი 2015 გუშინ, საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. კახეთში უკვე გაიხსნა ოთხი ქარხანა - ყველა მათგანი სახელმწიფო ან მის მიერ დაქირავებულია. ქარხნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასის გადახედვას არ აპირებენ.

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული. 

კომენტარები