თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბერს იხსნება

Tbilisi Zoo

13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ თბილისის ზოოლოგიური პარკი ფუნქციონირებას კვირას, 13 სექტემბერს განაახლებს. ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის 10:00 საათიდან იქნება ღია. 12:00 საათზე დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ფოტოგამოფენა. დამსწრეებს ზოოპარკის ხელმძღვანელობა განვლილი 3 თვის მანძილზე განხორციელებული სამუშაოების ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

თბილისის ზოოპარკის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი. ვიზიტორები ტერიტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთის დათვალიერებას და გადარჩენილი ცხოველების მონახულებას შეძლებენ. სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული ქვედა ტერიტორიის აღდგენა და ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.  

თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე განაგრძობს.

„ზოოპარკის გახსნა სიმბოლურად დაიგეგმა 13 სექტემბერს, როდესაც სრულდება ზუსტად 3 თვე 13 ივნისის სტიქიის შემდეგ. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოოპარკს დაუბრუნდეს ჩვეული ხალისი და ის კვლავაც იყოს არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების საყვარელი ადგილი. 2016 წლის გაზაფხულისთვის ვგეგმავთ ახალი ცხოველების ჩამოყვანასაც. ამ ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკში უკვე შეგვეძინა რამდენიმე ახალშობილი, ასე რომ, სიცოცხლე გრძელდება. ველით ყველას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ზოოპარკი ისევ ძველებურად ხალხმრავალი ადგილი გახდება“, - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.

კომენტარები