facebook

Facebook-ზე “თანაგრძნობის” ღილაკი გაჩნდება

0 კომენტარი
ფოტო: http://techcrunch.com/

გუშინ, Facebook-ის სათავო ოფისში გამართულ კითხვა-პასუხის სესიაზე, Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ კომპანია მუშაობს ახალი, "თანაგრძნობის" გამომხატველი ფუნქციის დასამატებლად. მისი თქმით, ეს ღილაკი საჭიროა ტრაგედიებისა და სხვა სამწუხარო მოვლენების დროს, როცა "მოწონება" შეუსაბამოა.

შეკითხვას, რატომ არ არის ფეისბუქზე უფრო მეტი ემოციის გამოხატვის შესაძლებლობა, ვიდრე მოწონებაა (Like), მაგალითად, "ვწუხვარ", "საინტერესოა" ან "არ მომწონს", მარკ ცუკერბერგმა უპასუხა, რომ Dislike ღილაკს უკვე დიდი ხანია უამრავი ადამიანი ითხოვს.

"საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, დაგვემატებინა თუ არა "დაწუნების" (Dislike) ღილაკი. არ გვსურდა ფეისბუქი გადაქცეულიყო ისეთ ფორუმად, სადაც ხალხი ხმას აძლევს სხვების პოსტებს, მოსწონთ, ან იწუნებენ მათ. ეს არ არის ისეთი გარემო, როგორის შექმნაც ჩვენ გვსურს. არავის მოუნდება მისთვის მნიშვნელოვანი მომენტის გაზიარება, თუ არის შესაძლებლობა, რომ ვიღაცამ ეს ამბავი "დაიწუნოს".

მარკ ცუკერბერგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქის მომხმარებლები დაწუნების (Dislike) ფუნქციას ძალიან დიდი ხანია ითხოვენ, მათ ეს შესაძლებლობა არ სჭირდებათ სხვისი პოსტების დასაწუნებლად, არამედ თანაგრძნობის გამოსახატად, ისეთ დროს, როცა მოწონების (Like) ღილაკზე თითის დაჭერა შეუსაბამოა.

"ცხოვრებაში ყველა მომენტი კარგი არ არის, ხომ მართალია? თუ შენ აზიარებ სევდიან ამბავს, მიმდინარე მოვლენებიდან, მაგალითად, დევნილების კრიზისს ან ოჯახის წევრის გარდაცვალებას, ასეთი პოსტის "მოწონება" სხვებისთვის ნამდვილად არ არის კომფორტული. მაგრამ, ამავე დროს, შენს მეგობრებს და სხვა ადამიანებს აქვთ სურვილი თანაგიგრძნონ, გამოხატონ ემპათია".

სწორედ ამ ემოციის გამოხატვის საშუალების შექმნაზე მუშაობენ Facebook-ში, და როგორც მარკ ცუკერბერგმა დააანონსა, ძალიან მალე გაიტესტება თანაგრძნობის გამომხატველი ღილაკი, ხოლო ტესტირების შემდეგ ეს ფუნქცია ფართო მოხმარებაშიც ჩაეშვება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები