გიგი უგულავას საქმე

ბასილაია: სასამართლო არ უნდა გახდეს კონკრეტული მოსამართლის მძევალი

ტაბულა

გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, "საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა გახდეს კონკრეტული მოსამართლის მძევალი, კონკრეტული მოსამართლის ხელისუფლებასთან ალიანსის მძევალი". ბასილაიამ გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილების გადადებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ "იმ მოსამართლის მიმართ, რომელიც აჭიანურებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას, უნდა იყოს ადეკვატური ღონისძიებები მიღებული, რადგან საკითხი ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - ადამიანის თავისუფლების უფლებას". ცნობისთვის, გადაწყვეტილების გამოცხადება მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობის მიზეზით გადაიდო.

"საქმის განხილვა დასრულდა ივლისის ბოლოს ანუ თვე-ნახევარზე მეტი დრო ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს და ბატონ მერაბს საიმისოდ, რომ ამ მეტად საჭირბოროტო საკითხზე თავისი პოზიცია ჩამოეყალიბებინა. ყოველი წუთი, რომლითაც გვიანდება გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა, არის გიორგი უგულავას პატიმრობის ხელოვნური გახანგრძლივება... ნუ გგონიათ, რომ ეს კონკრეტული მოსამართლე მოქმედებს ხელისუფლებასთან, მთავრობასთან, პროკურატურასთან შეუთანხმებლად. პროკურატურას მოლოდინი აქვს, რომ თბილსერვისის საქმეზე, სასამართლოზე ზეწოლით მიიღებენ დაუსაბუთებელ, უკანონო გამამტყუნებელ განაჩენს უგულავას წინააღმდეგ", - თქვა ბასილაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ - გუშინ, 17:00-ზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, საქმის განხილვაში მონაწილე ცხრა მოსამართლიდან ერთ-ერთის - მერაბ ტურავას ავადმყოფობის მიზეზით, სხდომა გადაიდო. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ტურავას შესთავაზეს გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, რაზეც მან უარი თქვა და გამოუცხადებლობაზე ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს, უარი განაცხადოს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, თავი შეიკავოს კენჭისყრისას და არ მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია ეკავა მას კენჭისყრის პროცესში. სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა საპატიო მიზეზის გარეშე წარმოადგენს კანონის დარღვევას. 

ამასთან, დღეს მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ ხელმოწერაზე უარი ავადმყოფობის მიზეზით არ უთქვამს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მხოლოდ გუშინ გაუგზავნეს და ის წაკითხული არ ჰქონდა.

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ივნისში, მას შემდეგ შეიტანა, რაც ის წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასვლის მიუხედავად პატიმრობაში დატოვეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მეორედ, სხვა საქმეზე შეუფარდეს. 

გიგი უგულავა პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები