სავალუტო კრიზისი

2015 წლის ლარის გაუფასურების მაქსიმუმი დაფიქსირდა

ტაბულა

16 სექტემბრის სავალუტო აუქციონზე ლარის გაუფასურების მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.431 გახდა. აქამდე 2015 წლის ლარის გაუფასურების მაქსიმუმი 15 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.417 ღირდა. დოლართან მიმართებით გაუფასურების მიუხედავად ლარი ევროსთან მიმართებით 0.0020 თეთრით გამყარდა, ევროს ოფიციალური კურსი 2.7295-ია. 

კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი ოფიციალურ კურსთან შედარებით 3-8 თეთრით მეტია.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა არ გააკეთა. მეჭიაური ამბობს, რომ კომენტარისგან თავს შეიკავებს, რადგანაც მისმა კომენტარმა ლარის გაცვლითი კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას შეიძლება შეუწყოს ხელი. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები