NATO-საქართველო

იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გაუგზავნა

facebook.com/GaribashviliOfficial

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გაუგზავნა. სტოლტენბერგი მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ამბობს, რომ მოხარულია, რომ  საქართველოში ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო.

''მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მოსაზრებების ურთიერთგაზიარების და იმ არაჩვეულებრივი სადილის გამო, რითაც თქვენ გამიმასპინძლდით ჩემი ბოლო ვიზიტის დროს. მივესალმები თქვენი მთავრობის ურყევ მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ფართომასშტაბიანი რეფორმების ჩატარებას. მადლობელი ვარ წელს მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის მოწოდების გამო, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. მოკავშირეები და ნატო აგრძელებენ თქვენი მცდელობების მხარდაჭერას. ასევე, მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ერთად ჩაგვეტარებინა "ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის“ ინაუგურაცია, როგორც მთავარი ელემენტი, შარშან, უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტისა. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თქვენი ხელმძღვანელობის დროს საქართველოს მიერ მიღწეული ყველა წარმატება და გისურვოთ წინსვლა მომავალ საქმიანობაშიც."- წერია იენს სტოლტენბერგის წერილში.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში 26-27 აგვისტოს იმყოფებოდა, მან შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა. სტოლტენბერგი 27 აგვისტოს "ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის" ინაუგურაციასაც დაესწრო.

კომენტარები