ინფრასტრუქტურა

ADB-ს $20 მილიონიანი სესხით ბათუმის სანაპირო ზოლი გამაგრდება

adb.org

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებისთვის დამატებით $20 მილიონის მოცულობის გრძელვადიანი სესხი გამოყო. აღნიშნული თანხით ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიის შესაჩერებლად ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. პროექტი ბათუმის მიმდებარედ 5 კილომეტრის სიგრძეზე სანაპირო ზოლის ეროზიისგან დაცვას ითვალისწინებს.

ADB-ს ცნობით, პროექტის განხორციელებას ბათუმის მზარდმა ტურისტულმა პოტენციალმა შეუწყო ხელი, რადგანაც ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიის დაცვა და შენარჩუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

საქართველოში ADB-ს წარმომადგენლის ქეით ჯულიანის თქმით, აღნიშნული პროექტი ბანკის მიერ საქართველოს საგზაო, ენერგეტიკული და წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესების $1.6 მილიარდიანი პროგრამის შემადგენელი ნაწილია.

აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური ოფისი მანილაში არის განთავსებული, ორგანიზაციაში 67 ქვეყანა არის გაწევრიანებული.

 

კომენტარები