პანორამა - თბილისი

საერთაშორისო ორგანიზაციები პანორამა - თბილისის პროექტს აპროტესტებენ

ბრიტანული და საერთაშორისო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ორგანიზაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მინისტრებს მიმართავენ და თბილისში პანორამა - თბილისი პროექტის აშენებას აპროტესტებენ, რაც, მათი განცხადებით, ქალაქის ისტორიულ გარემოს განადგურების საფრთხეს უქმნის. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თბილისის ისტორიული ნაწილი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების წინასწარ სიაშია და არსებობს ვალდებულება, დაცული იყოს ადგილი, სანამ გადაწყვეტილება არ მიიღება.

"თბილისი გაშენებულია მთებს შორის მდინარე მტკვარზე. მთები დაცვის ქვეშ 1975 წელს შევიდა. 2015 წლის ივლისში ბიძინა ივანიშვილს ნებართვა მისცეს, ფართომასშტაბიანი მრავალფუნქციური კომპლექსი აეგო ფერდობზე, მის სასახლესთან, რომელიც ასევე ფორმალურად საჯარო და დაცულ მიწაზეა აშენებული. პანორამა მოიცავს ორ კოშკსა და მრავალსართულიანი ტერასების სერიებს. პროექტი დამტკიცებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ზონირების კანონს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც ეროვნული პარკები დაცულია და მასზე არაფრის აშენება არ შეიძლება.

თბილისის ისტორიული ნაწილი, რომელიც ზუსტად პანორამას ადგილის ქვეშაა, არის მსოფლიო მემკვიდრების ძეგლების წინასწარ სიაში - რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ვალდებულება, დაცული იყოს ადგილი, სანამ გადაწყვეტილება არ მიიღება. პანორამას პროექტი ისტორიული ქალაქის ოთხ ნაწილს საკაბელო მანქანებით დაუკავშირდება. ეს შექმნის ეფექტს, რომ ქალაქზე ქალაქია აშენებული, რომელიც ძველ ქალაქზე დომინირებას მოიპოვებს და გახვევს მას საკაბელო მანქანების ქსელში", - წერია წერილში.

ორგანიზაციებმა წერილი იუნესკოსაც გაუგზავნეს, რომელმაც დაადასტურა, რომ მათ საქართველოში შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართეს. 

ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ საფრთხის გამო, რომელიც თბილისის მემკვიდრეობას საფრთხეს შეუქმნის. 

წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები არიან - გადაარჩინე ევროპის მემკვიდრეობა, მსოფლიო მონუმენტების ფონდი, ევროპა ნოსტრა, ტრადიციული მშენებლობის, არქიტექტურისა და ურბანიზმის საერთაშორისო ქსელი, მეოცე საუკუნის საზოგადოება, ედინბურგის მსოფლიო მემკვიდრეობა, გლობალური მემკვიდრეობის ფონდი, ანტიკური მონუმენტების საზოგადოება, თბილისის მემკვიდრეობის ჯგუფი, ეროვნული კეთილმოწყობის საზოგადოებების ერთობლივი კომიტეტი და ა.შ.

კომენტარები