ხელისუფლება და ოპოზიცია

გაბაშვილი: ხელისუფლებას ოპონენტთან სამართლიანი დაპირისპირება არ შეუძლია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გოკა გაბაშვილი თვლის, რომ მოქმედ ხელისუფლებას პოლიტიკურ ოპონენტებთან სამართლიანი და პატიოსანი დაპირისპირება არ შეუძლია. მისი თქმით, სწორედ ამან გამოიწვია გიგი უგულავას გათავისუფლებით გამოწვეული ისტერია და იმ საქმის ერთ დღეში განხილვა, რომელიც 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

"ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც, ვინც მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს, ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო ისტერია, რომელიც ხელისუფლებამ მოაწყო. სამარცხვინო და აგონიური მდგომარეობა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მათ პოლიტიკურ ოპონენტთან სამართლიანი, პატიოსანი დაპირისპირება ერთი დღითაც ვერ აიტანეს და საქმე, რომელიც 3 წელი იხილებოდა, ერთ დღეში დაამთავრეს.

ჩვენ ეს გვაძლევს სტიმულს, ვიბრძოლოთ და ამ ქვეყანას სამარცხვინო ხელისუფლება მშვიდობიანი და საარჩევნო გზით აუცილებლად ჩამოვაშოროთ. ეს იქნება ყველა კანონიერი საშუალებით ბრძოლა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც პირველ რიგში სამოქალაქო მშვიდობას უფრთხილდება", - თქვა გიორგი გაბაშვილმა.

კომენტარები