ლარის გაუფასურება

ხადური: რეფინანსირების სესხებს ლარზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია

facebook.com/MinisterNodarKhaduriOfficial

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები უკვე სრულად ამოწურულია, ამიტომაც მთავრობა საშუალოვადიან პერიოდში მის გამყარებას ელოდება. ნოდარ ხადური აქვე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის გაცემულ რეფინანსირების სესხებს ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ხადურის თქმით, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობენ. 

"უნდა აღინიშნოს, რომ გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად ამოწურულია, ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას. რაც შეეხება დღევანდელი მდგომარეობით, აღსანიშნავია, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია. ჩვენი ორი უწყება, ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, არის მუდმივი ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი", - ამბობს ნოდარ ხადური. 

რეფინანსირების სესხებს ზოგიერთი ეკონომისტი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ რეფინანსირების სესხების სახით გაცემული თანხები სავალუტო ბაზარზე არ ხვდებოდა, მისი შემცირება კი ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახებოდა. რეფინანსირების სესხები არის ერთკვირიანი, მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი. რეფინანსირების სესხები ასევე სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. 

ბიუჯეტის გაზრდილ ხარჯვას ლარის კურსზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტის მოხდენა შეუძლია. თუკი ბიუჯეტის ოპერაციების შედეგად ბაზარზე ჭარბი რაოდენობით ლარის მიწოდება მოხდება, ამან ლარის გაუფასურებას შეიძლება შეუწყოს ხელი. 

კომენტარები