საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო: უსუფაშვილის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლას ახალისებს

0 კომენტარი

საკონსტიტუციო სასამართლო კატეგორიულად მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, მოახდინონ სათანადო რეაგირება მოსამართლეთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარაზე. ასევე, მოუწოდებს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელთაც შესაძლოა წაახალისონ ძალადობა და ხელი შეუშალონ სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და ახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო მოსამართლის მიმართ მუქარა სიხლის სამართლის დანაშაულია.

"როგორც მოგეხსენებათ, "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სხვა მოსამართლეების სახლებთან რამდენიმე ჯგუფმა ჩაატარა არაერთი აქცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო აგრესიული. მასზე ისმოდა მოსამართლეთა მიმართ შეურაცხყოფის, მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები. ქალაქ ბათუმში ასევე ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლის შესასვლელის ბლოკირებასა და ფანჯრების მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლას.

ხშირ შემთხვევაში აქციების ორგანიზატორებისთვის ცნობილი იყო, რომ საცხოვრებელ სახლებთან ორგანიზებული აქციის დროს თავად მოსამართლეები იქ არ იმყოფებოდნენ და, ამდენად, მუქარისა და ანგარიშსწორების ადრესატები ხდებოდნენ მოსამართლეთა ოჯახის წევრები. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს.

ასეთ ვითარებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მოსამართლეებს მოუწოდებს, პატივი სცენ ადამიანების უფლებას, გამოხატონ საკუთარი პროტესტი, შესაძლოა აღქმული იქნეს როგორც მოსამართლეებსა და მათ ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება.

უდავო ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება. ყველასთვის გარანტირებულია კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე თითოეული მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც შესაძლოა იყოს შემაწუხებელი და უსიამოვნო. ამავე დროს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოსამართლის სახლთან შეკრებილი პირების მხრიდან მუქარის, ძალადობისკენ მოწოდებისა და სახლის ფანჯრებში სხვადასხვა საგნების სროლის გამოხატვის თავისუფლებად შეფასება გარკვეულ კითხვებს აჩენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო კატეგორიულად მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, მოახდინონ სათანადო რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელთაც შესაძლოა წაახალისონ ძალადობა, ხელი შეუშალონ სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან გამართულ აქციებთან დაკავშირებით, მიმართავს მოსამართლეებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებას - დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და ხელი არ შეუშალონ მართლმსაჯულების განხორციელებას.

"მე მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებსაც, ვთხოვო, რომ პატივი სცენ ადამიანების უფლებას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ. მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოების დამოუკიდებლობას. ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას", - თქვა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის და მისი მოადგილის კოტე ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლებთან აქციებს მართავენ. ორგანიზაცია პროგრესული საქართველოს წევრები სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პაპუაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მიხედვით კი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისას სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება - გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები