ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 4 თეთრით, ევროსთან კი 7.5 თეთრით გამყარდა

ტაბულა

ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო - სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა, რომლის მიხედვითაც ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.40 ლარია. დღესვე ლარი ევროსთან მიმართებითაც, 7.5 თეთრით გამყარდა. ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.68 ლარი გახდა. ლარის გამყარება სხვა მიზეზებთან ერთად ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციას უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაიტანა, რომლიდანაც $26 მილიონი კომერციულმა ბანკებმა იყიდეს.

ეკონომიკის მინისტრმა დღესვე განაცხადა, რომ მთავრობა ლარის დასტაბილურებას ელის, რადგანაც კურსის მაქსიმალური რყევა უკვე გავლილია. ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი კი აქტიური ქმედების განსახორციელებლად მზადყოფნას გამოთქვამენ. 

"ყველასთვის ცნობილია, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება. საშუალოვადიან პერიოდში აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის. გუშინდელი შეხვედრა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იყო, რომელზეც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის მაკროეკონომიკური ფაქტორი და ეკონომიკური პარამეტრები, რაც ლარზე ზემოქმედებს, ასევე განხილული იყო ყველა ის შესაძლო ქმედება, რასაც ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად განახორციელებენ. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ისე ფინანსთა მინისტრმა დაადასტურეს მათი მზადყოფნა ქმედებისათვის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 21 სექტემბერს გამართული მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სებ-ი სავალუტო ინტერვენციების განხორციელებისთვის მზად იყო. გიორგი ქადაგიძემ ასევე აღნიშნა, რომ ლარის დასტაბილურების მიზნით მთავრობაც გამოთქვამდა სურვილს, საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯები შეეკვეცა. 

21 სექტემბერს სავალუტო კრიზისის მინიმალური ნიშნული ერთი აშშ დოლარის ფასი 2.4499 - დაფიქსირდა, რაც ლარის არსებობის ისტორიაში არსებულ მინიმალურ კურსს, მხოლოდ 0.0001 თეთრით ჩამორჩებოდა. 

კომენტარები