რუსეთი სირიაში

რუსეთი სირიაში თავის სამხედრო ძალებს ზრდის

wsj.com

რუსეთი სირიის ტერიტორიაზე საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის - ამაზე მიუთითებს სატელიტით გადაღებული ფოტოები, რომელიც სამშაბათს, 22 სექტემბერს გავრცელდა. მოსკოვი თავის შეიარაღებას ახლად დაარსებული რუსული საჰაერო ბაზის ლატაკიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორ ობიექტზე ათავსებს.

პირველ ობიექტზე, რომელიც პატარა ქალაქ ალ-სანობართან ახლოს მდებარეობს, ახალი სამხედრო მანქანები და კარვები შეიმჩნევა. მეორე ობიექტის ტერიტორიაზე, ისტამოს იარაღის საწყობის სიახლოვეს, გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც ახლად დაგებული ზედაპირი ადასტურებს.

„ახალი ობიექტები შესამჩნევად ზრდის რუსეთის შესაძლებლობებს, აწარმოოს სამხედრო შეტევა ან დაიცვას ლატაკიის რეგიონი", - აღნიშნავს რობერტ მონკსი, IHS Janes' Defense Review-ს რედაქტორი Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მან მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ითამაშოს კონსტრუქციული როლი სირიის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში. კერის აზრით, ახალი ამბავი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც რუსეთის მხრიდან თავდაცვის პოლიტიკის გატარება, თუმცა დამატებითი სამხედრო ბაზები კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის მოსკოვის განზრახვებს სირიასთან დაკავშირებით.

რუსეთს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობასთან დიდი ხნის კავშირი აქვს, თუმცა მთელი ეს პერიოდი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების სიმცირე შეინიშნებოდა. რუსეთის ძალებმა სირიის რეგიონში მატება აგვისტოს ბოლოდან დაიწყეს. სირიაში რუსი სამხედროების ყოფნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა სექტემბრის დასაწყისში აღიარა, თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ სირიისთვის რუსული იარაღის მიწოდებას დაუკავშირა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსი სამხედროები სირიაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ.

კომენტარები