გამამართლებელი განაჩენები

2012 წელთან შედარებით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

ShutterStock

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია. 2012 წელს საერთო სასამართლოებმა არსებითად სულ 1149 საქმე განიხილეს. მათგან გამამართლებელი განაჩენი დადგა 90 საქმეზე 117 პირის მიმართ, რაც არსებითად განხილული საქმეების 7.8%-ია. 

თუმცა, 2012 წლის შემდეგ, საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, იმის მიუხედავად, რომ არსებითად განსახილველი საქმეების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, 2013 წელს არსებითად განხილული 1813 საქმიდან გამამართლებელი განაჩენი დადგა 37 საქმეზე 70 პირის მიმართ, რაც არსებითად განხილული საქმეების 2%-ია. უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 53 საქმით, ანუ 58.9%-ით შემცირდა.

რაც შეეხება 2014 წელს, ბოლო წლების მანძილზე, საერთო სასამართლოებმა ყველაზე მეტი საქმე განიხილეს არსებითად - 4655 საქმე, რაც 2012 წელთან შედარებით, ოთხჯერ მეტია. აქედან გამამართლებელი განაჩენი 76 საქმეზე დადგა, რაც ჯამურად განხილული საქმეების მხოლოდ 1.6%-ია. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკით, 2014 წელს წინა წელთან შედარებით, 105.4%-ით მეტ საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებითად სასამართლოებმა 156.8%-ით მეტი საქმე განიხილეს, პროცენტულად გამამართლებელი განაჩენები 2014 წელსაც შემცირებულია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 7 თვეში წინა წელთან შედარებით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ მოიმატა. არსებითად განხილული 2 888 საქმიდან გამამართლებული განაჩენი 70 საქმეზე დადგა. ეს განხილული საქმეების 2.4%-ია, რაც წინა წლის შვიდ თვესთან შედარებით, 0.4%-ით მეტია. 

კომენტარები