მიგრანტების კრიზისი

ევროკავშირის ლიდერები მიგრანტების კვოტების სადავო გეგმას განიხილავენ

Reuters

ევროპაში მიგრანტების კრიზისი გრძელდება. ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც ამ დრომდე ვერ ახერხებენ, კრიზისს კოორდინირებულად უპასუხონ, მოგვარების გზების გამონახვას ცდილობენ.
სწორედ ამ პრობლემის განხილვას მიეძღვნება ბრიუსელში დღეს დაგეგმილი სამიტი. ევროკავშირის ლიდერებმა უნდა განიხილონ 120 ათასი მიგრანტის ევროპაში განაწილების გეგმა, რომელსაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგება. სამიტზე ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებასა და სირიის მეზობელი სახელმწიფოებისთვის დახმარების გაზრდაზეც.

სამშაბათს გამართულ კიდევ ერთ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა სავალდებულო კვოტების გეგმა დაამტკიცეს, თუმცა რუმინეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა ხმა გეგმის წინააღმდეგ მისცეს.

გაერთიანებულმა სამეფომ უარი თქვა 120 000 მიგრანტის ევროპის კონტინენტზე განსახლების გეგმაში მონაწილეობის მიღებაზე და განაცხადა, რომ მას საკუთარი გეგმა აქვს მიგრანტების სირიელი ლტოლვილების ბანაკებიდან გადასახლებასთან დაკავშირებით.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, სირიის კონფლიქტიდან გამოსავლის პოვნა მიგრანტების კრიზისსაც გადაჭრის.

ანგელა მერკელთან საუბრის შემდეგ ბარაკ ობამამ განცხადა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა უნდა შეთანხმდეს, თანაბრად გაიზიაროს ის პრობლება, რომელსაც თავშესაფრის მაძიებელთა ევროპის კონტინენტზე შემოდინება ჰქვია.

2015 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ჩრდილოეთ სახელმწიფოებიდან ხმელთაშუა ზღვა 430 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა, რაც, წინა წელთან შედარებით, ორჯერ მეტია. მიგრანტები ახლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიასა და უნგრეთში არიან თავმოყრილნი. ჯამში ყველაზე მეტი მიგრანტი გერმანიამ მიიღო. 

კომენტარები