ჩინეთი

ჩინეთის წარმოების ინდექსი გასული ექვსი წლის მინიმუმამდე შემცირდა

Getty Images

ჩინეთის კერძო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ინდექსი ექვსი წლის მინიმუმამდე შემცირდა. წარმოების ინდექსის შემცირება ქვეყნის შენელებულ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს. ჩინეთის მთავრობა წელს 7%-იან ზრდას გეგმავდა, თუმცა ბირჟებზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჩინეთმა დაგეგმილ ზრდას ვერ მიაღწიოს, რაც მსოფლიოს ეკონომიკურ ზრდაზეც უარყოფითად აისახება. 

ჩინური ვალუტა იუანი აგვისტოში 4.5%-ით გაუფასურდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ცვლილებაა. ვალუტის დევალვაციის გამო არსებობდა მოლოდინი, რომ ეს წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებელზე დადებითად აისახებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. საფონდო ბირჟების ვარდნამ ქვეყანაში ინვესტორთა მოლოდინები მკვეთრად გააუარესა, რის გამოც ინვესტორებმა და მოსახლეობამ ხარჯვა შეამცირა, რის გამოც ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნა შემცირდა. 

ჩინური ბირჟები ვარდნას ამ კვირაშიც განაგრძობენ, სამშაბათს შანხაი კომპოზიტის ინდექსი 2.2%-ით შემცირდა, გასული სამი თვის მანძილზე ჩინური საფონდო ბირჟის მოცულობა 40%-ით შემცირდა. მთავრობას აქციების გაყიდვაზე კომპანიებისთვის შეზღუდვები არ გაუუქმებია. კომპანიების მაჟორიტარ აქციონერებს ანუ მათ, ვინც აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს, მათი გაყიდვის უფლება დღემდე არ აქვთ. აქციების გაყიდვაზე შეზღუდვა მიზნად პანიკური ვაჭრობის თავიდან აცილებას ისახავს. 

მთავრობამ საფონდო ბირჟის გადასარჩენად სახელმწიფო საპენსიო ფონდისა და ცენტრალური ბანკის სახსრებით $500-მილიარდიანი ფონდი შექმნა, რომელიც კომპანიების გადასარჩენად მათი აქციების ყიდვას გეგმავს.

კომენტარები