ჰაჯის რიტუალი

საუდის არაბეთში ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 717-მდე გაიზარდა

AP

ისლამურ ქალაქ მექასთან, მინას ხეობაში ჰაჯის რიტუალის დროს ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 717-მდე გაიზარდა, დაშავებულია 863. უბედური შემთხვევისას მომლოცველები ე.წ. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალს ასრულებდნენ. ადგილზე ჯამში 2 მილიონამდე ადამიანი იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ჰაჯის რიტუალს 25 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური მსხვერპლი მოჰყვა. მომლოცველები ჯამარათის ხიდზე გადაადგილდებოდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს პროცესი ქაოტურად განვითარდა და ხალხმა ხიდიდან ვარდნა დაიწყო.

საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა მკაცრი გადაადგილების გრაფიკი, რომელიც მომლოცველებმა არ გაითვალისწინეს.

ეს არ არის პირველი უბედური შემთხვევა ჰაჯის რიტუალის დროს. მას შემდეგ, რაც 2006 წელს "ეშმაკის ქვით ჩაქოლვას" 364 ადამიანი ემსხვერპლა, საუდის არაბეთის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ჰაჯის რიტუალისთვის წინასწარი სამუშაოების მიმდინარეობისას ამწეს ჩამონგრევას 109 ადამიანი ემსხვეპლა.

ცნობისთვის, ჰაჯის რიტუალის დროს მომლოცველები თავს იყრიან ჯამარათთან (ეშმაკის სიმბოლოსთან) და თითოეული მათგანი სამ ადგილას განლაგებულ სვეტებს 7 ქვას ესვრის. მუსლიმთა რწმენით, სწორედ ამ სამ ადგილას აწამა ეშმაკმა აბრაამ წინასწარმეტყველი.

კომენტარები