პრემიები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრემიებზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის შეფასებით, კანონპროექტი კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მისი თქმით, საჯარო მოხელეთა პრემიების საკითხი ფრაგმენტული ცვლილებებით ვერ მოწესრიგდება. 

ქუცნაშვილის შეფასებით კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სწორედ კახიანის განცხადებაა. 

"ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ხალხთან. მე პირადად მაქვს ურთიერთობა ხალხთან. ერთ-ერთი მთავარი გაბრაზება, რაც ხალხიდან ჩვენზე მოდის, არის ის, რომ ეს ცუდი, მახინჯი მემკვიდრეობა დროულად არ შევცვალეთ. როგორც ჩანს, ხალხთან ურთიერთობა ნაკლებად გაქვთ", - მიმართა ქუცნაშვილმა კახიანს. 

კანონპროექტის მიხედვით, "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის მხარდასაჭერად, 2016 წლის 1 იანვრამდე 800-მდე საჯარო მოხელეს პრემიების მიღების უფლება უნდა შეეზღუდოს. კანონპროექტის მიღების მიზეზად ქუცნაშვილი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. 

კანონპროექტის თანახმად, 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღების უფლება უნდა შეეზღუდოთ 25 მაღალი რანგის დაახლოებით 800-მდე თანამდებობის პირს. აქედან 24 რანგი ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანადებობის პირებს და მათ მოადგილეებს, ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს - საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და გამგებელი. კანონპროექტით ინიცირებული შეზუდვა არ შეეხება საჯარო სამსახურის საშუალო და დაბალი რანგის მოსამსახურეებს. შემოთავაზებული პროექტით, მისი მიღების შემთხვევაში, კანონი იმოქმედებს 6 თვით და დაკარგავს ძალას ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებისთანავე თუ პარლამენტი არ ჩათვლის საჭიროდ, გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა.

კანონპროექტით, მისი ამოქმედებიდან 2016 წლის 1 იანვრამდე, პრემიის მიღების უფლება შეუჩერდებათ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მისი მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს; საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეს; მოსამართლეს; საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს; საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებს და გამგებლებს.

კომენტარები