ISIS

საფრანგეთმა სირიაში ისლამურ სახელმწიფოზე პირველი იერიში მიიტანა

სირიის საჰაერო თავდასხმა
reuters

საფრანგეთის სამხედრო ძალებმა პირველი საჰაერო იერიში მიიტანეს სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობა ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე გაგრძელდება. სამიზნე ობიექტების შესახებ ორი კვირის განმავლობაში საჰაერო სათვალთვალო ოპერაციების შედეგად გახდა ცნობილი.

"ჩვენ ყოველ ჯერზე განვახორციელებთ დარტყმას, როგორც კი საფრთხე შეექმნება ეროვნულ უსაფრთხოებას", - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ისლამური სახელმწიფო ქვეყნისთვის საშიშ ობიექტად მოიხსენია. "მიუხედავად იმ საშინელი ფაქტებისა, რომელსაც ისლამური სახელმწიფო აკეთებს, მთავარი დამნაშავე არსებულ სიტუაციაში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადია. სირიის მომავალი შეუძლებელია ბაშარ ალ ასადთან ერთად", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის მხარემ ოპერაციაში ექვსი საჰაერო გამანადგურებელი გამოიყენა, რომელიც ამერიკის სამხედრო ძალების მიერ იყო კოორდინირებული.

 

კომენტარები