პრემიერის ვიზიტი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი საქართველოს ეწვევა

საქართველოს მთავრობა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, ტონი ბლერს შეხვდა და მასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილა. ადმინისტრაციისვე ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ტონი ბლერი საქართველოში დაპატიჟა და მისგან თანხმობა მიიღო.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდსაც შეხვდა. შეხვედრის თემა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობა იყო.

„საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა", - იტყობინება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

 

კომენტარები