პროკურატურის შესახებ კანონი

პრეზიდენტი პროკურატურის კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ხელს მოაწერს

primetimenews.ge

პროკურატურის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს მოაწერს. ამის შესახებ მისმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტი კანონს ხელს აწერს, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში პროკურატურის რეალური რეფორმა დაიწყება.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გაცხადდა სამართალდამცველი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმირების აუცილებლობის თაობაზე, ასევე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და მაღალპროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული პროკურატურის მნიშვნელობის შესახებ.

უდავოა, რომ პროკურატურის სისტემაში რეალური და სიღრმისეული რეფორმების გატარების აუცილებლობის თაობაზე საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი.

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რაც წარმოდგენილია ხელმოსაწერად, არსობრივად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს ადგენს.

პროკურატურის სისტემის რეფორმირებასთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს პროკურატურის სტატუსი და ადგილი სახელისუფლებო ორგანოთა სისტემაში, სრულყოფილად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პროკურატურის ინსტიტუციური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები.

საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც არსებითად მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებური რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს და მოელის, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება და განხორციელდება პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმა", - თქვა გიორგი კვერენჩხილაძემ.

კომენტარები