ახალი ტექნოლოგიები

iPhone 6s-მა სმარტფონების გაყიდვების რეკორდი მოხსნა

cbsistatic.com

iPhone 6s-ის ბაზარზე გამოსვლიდან ერთ კვირაში Apple-მა 13 მილიონი მობილური გაყიდა, რაც სმარტფონების ბაზარზე ახალ რეკორდს წარმოადგენს. მობილურების გაყიდვების წინა რეკორდიც Apple-ს ეკუთვნოდა, როდესაც პირველ კვირაში 10 მილიონი iPhone 6 გაიყიდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის თქმით, ახალი სმარტფონის გაყიდვები ფენომენალური იყო და მან კომპანიის წინასწარ შეფასებას გადააჭარბა. 

iPhone 6 Apple-ის გაყიდვების რეკორდსმენი იყო. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიამ 80 მილიონი iPhone 6 და 35 მილიონი iPhone 6 Plus გაყიდა. წელს კი ნავარაუდებია, რომ iPhone 6s iPhone 6-ის გაყიდვებს გადააჭარბებს, ისევე როგორც ეს iPhone 5-ის შემთხვევაში მოხდა. Apple-მა iPhone 5-ზე 45 მილიონით მეტი iPhone 5s გაყიდა. კომპანიის შემოსავლები სმარტფონების გაყიდვებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც მასზე კომპანიის მთლიანი შემოსავლების 2/3 მოდის. სმარტფონების გაყიდვები განსაკუთრებით საახალწლო დღეებში იზრდება, გასული წლის საახალწლო კვირაში Apple-ი საათში 35 ათასზე მეტ სმარტფონს ყიდდა. 

iPhone 6s მისი წინამორბედისგან უფრო მყარი კორპუსითა და გამძლე ეკრანით გამოირჩევა, iPhone 6 Plus-ის მომხმარებლები სუსტი კორპუსის გამო მისი დრეკადობის პრობლემას აწყდებოდნენ, როდესაც ჯიბეში დების შემდეგ მობილური იღუნებოდა. ახალი სამარტფონი კი უფრო გამძლე და სქელი ალუმინის კორპუსისგან არის დამზადებული, თუმცა ამის გამო ახალი მობილური წინა მოდელთან შედარებით 2 მილიმეტრით სქელია. 

iPhone 6s-ის სიახლეს 3D Touch-იც წარმოადგენს. ახალი ფუნქციის შედეგად მომხმარებლებს ეკრანისთვის სხვადასხვა ძალით დაჭერის შემთხვევაში განსხვავებული ოპერაციების განხორციელება შეეძლებათ. კიდევ ერთი სიახლეა კორპუსის შეფერილობა - მომხმარებლებს ახლა მოვარდისფრო-ოქროსფერი კორპუსის მქონე მობილურების შეძენაც შეეძლებათ.

კომენტარები