გაეროს სამიტი

დიდი ბრიტანეთი სომალისა და სამხრეთ სუდანში საჯარისო დანაყოფებს გზავნის

David Cameron speaking during the United Nations Sustainable Development Summit in New York on Sunday (EPA) EPA
independent.co.uk

გაეროს სამიტზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგზავნის სამხედროებსა და ექსპერტებს გაეროს მისიაში სომალისა და სამხრეთ სუდანში.

დაალოებით 70 საჯარისო დანაყოფი გაიგზავნება სომალიში, ხოლო 300 - სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე განლაგდება. დიდი ბრიტანეთის განცხადებით, მათი მიზანია დაეხმარონ გაეროსა და აფრიკის კავშირს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში კონფლიქტების მოგვარებაში. სამხრეთ სუდანში გაგზავნილ დანაყოფებს, ჯარისკაცების გაწვრთნასთან ერთად, ასევე დაევალებათ სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.

„ის რაც კარგია სომალისთვის, კარგია დიდი ბრიტანეთისთვის, რადგან ეს ნიშნავს ნაკლებ ტერორიზმს, ნაკლებ მიგრაციას, ნაკლებ მეკობრეობას. ასევეა სამხრეთ სუდანის შემთხვევაც. თუ ჩვენ, როგორც მშვიდობისმყოფელები, შევძლებთ ამ ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, ეს ნიშნავს, რომ სიღარიბისა და მიგრაციის ნაკლები პრობლემები გვექნება გადასაწყვეტი ჩვენთან სახლში", - განაცხადა დევიდ კამერონმა.

დიდი ბრიტანეთი წელიწადში 323 მილიონ ფუნტ სტერლინგს რიცხავს გაეროს მშვიდობისმყოფელთა ბიუჯეტში.

სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა სუდანისგან 2011 წელს რეფერენდუმის გზით მოიპოვა. თუმცა დამოუკიდებლობის შემდეგ ახლადშექმნილი ქვეყანა სამოქალაქო ომებმა და ტომთა შორის დაპირისპირებამ მოიცვა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2013 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა, დინკას ტომის წევრმა, სალვა კიირიმ გადააყენა ვიცეპრეზიდენტი რიეკა მაჩარა, რომელიც მიეკუთვნებოდა ნუერის ტომს. დაძაბულობა მასობრივ არეულობასა და ორმხრივ შეტაკებებში გადაიზარდა. დღემდე, სამოქალაქო ომის გამო, მილიონობით ადამიანი საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩა, დაშავდა, დაიღუპა ან შიმშილს ემსხვერპლა.

კომენტარები