ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში

სამინისტრო: CPT-ის ანგარიში კომენტარებით, 6-თვიანი ვადის დაცვით გამოქვეყნდება

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში CPT-ის რეგლამენტის სრული დაცვით გამოქვეყნდება. ქართული მხარე მოითხოვს ანგარიში საპასუხო კომენტარებთან ერთად გამოქვეყნდეს, რომელთა მომზადებისთვისაც 6-თვიანი ვადაა განსაზღვრული. ანგარიში სამინისტრომ 31 ივლისს მიიღო.

"სამინისტრო ითვალისწინებს CPT-ის რეგლამენტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, სახელმწიფოსთვის გადაცემული ანგარიში კონფიდენციალურია. ამავე რეგლამენტის და წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომიტეტისგან მოითხოვს ანგარიშის სრულად გამოქვეყნებას სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ კომენტარებთან ერთად.

საქართველოს მთავრობის სათანადო სტრუქტურები, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, მინისტრის დავალების თანახმად და CPT-ის ოფიციალური წერილის შესაბამისად, კომენტარებზე მუშაობენ, რომლისთვისაც ექვსთვიანი ვადაა განსაზღვრული. სამინისტრო შესაბამის კომენტარებს ახლო მომავალში, ვადის ამოწურვამდე წარადგენს. ანგარიში უწყებამ CPT-სგან მიმდინარე წლის 31 ივლისს მიიღო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღიაა CPT-სთან და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის, ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს. სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის გამჭვირვალობა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, შესაბამისად, ანგარიში ყველა პროცედურის დაცვით გამოქვეყნდება", - წერია განცხადებაში.

აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ტაბულა სასჯელაღსრულების სამინისტროს რამდენჯერმე დაუკავშირდა, მაშინ გვითხრეს, რომ დოკუმენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა გამოქვეყნებულიყო.

კომენტარები