ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მანანა თურმანიძე

ადამიანის რელიგიური შეხედულებები და ღირსება, რომელიც ხშირად ილახება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა ბლოგმა, რომლის ბმულიც ქვემოთ მოცემულია. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო არაერთხელ ისეთი სისხლიანი დაპირისპირების მოწმენი გავხდით, როგორსაც ადგილი ჰქონდა სულ ახლახანს პარიზში და რომელიც სამწუხაროდ არ არის გამონაკლისი შემთხვევა, მგონი ცხადი უნდა გამხდარიყო რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის მათი რწმენა და რა შეიძლება გამოიწვიოს რელიგიური გრძნობების ან საკულტო სიწმინდეების შეურაცხყოფამ, რომლებსაც ადამიანები თაყვანს სცემენ. ჩვენ, ქრისტიანები, ცხადია მსგავსი ქცევისგან შორს ვართ, რადგან შურისძიება და კაცისკვლა ქრისტიანული მორალით მიუღებელი დანაშაულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულიად გულგრილები ვართ იმ ცინიზმის მიმართ, რომელსაც სამწუხაროდ ხშირად იჩენენ გარკვეული წრეები თავიანთი "ბოჰემური" იმიჯის წარმოსაჩენად ან ამ წრეებში ადგილის დასამკვიდრებლად. რასაკვირველია, ხელოვანი თავისუფალია მისი გამოხატვის ფორმების და საშუალებების არჩევანში, მაგრამ სასურველია გაითვალისწინოს, რომ რელიგიური შეხედულებების შეურაცხყოფა ადამიანის უფლებების შელახვაა და მათი ღირსების შეურაცხყოფის ტოლფასია. “ყოველ ადამიანს აქვს უფელება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისულებისა, ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიგიისა თუ რწმენის აღმსარებლობისა, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში, ღვთისმსახურებაში და რელიგიურ თუ რიტუალურ წესჩვეულებათა შესრულებაში საჯარო და კერძო წესით“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მე-18 მუხლი).

   ყოველი წევრი სახელმწიფო, რომელიც მიუერთდა ამ დეკლარაციას, ამ უფლების განხორციელებას საზოგადოებისთვის სასარგებლო მოვალეობად მიიჩნევს, უფრო მეტიც, მისი დაცვა კონსტიტუციური აუცილებლობაა.  ეს ის უფლებაა, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციით არის დაცული, არამედ აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის სწორედ ის მე-18 მუხლია, რომლის წყალობითაც შეიქმნა მოდელი „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისულების“ შესახებ.

   რელიგიურ თავისუფლებას ორი ასპექტი აქვს: ერთის მხრივ ის იცავს რწმენის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ მათ უფლებას, ვისაც არ სწამს. რელიგიის თავისუფლება ადამიანის ყველა სხვა უფლების საფუძველია, არავის აქვს უფლება, რომ ვინმეს რწმენის დისკრიმინაცია მოახდინოს, რელიგიური თავისუფლება გულისხმობს ნებისმიერი პიროვნების რწმენის ხელშეუხებლობას. გვქონდეს უფლება დავიცვათ საკუთარი აზრი არ ნიშნავს, რომ სხვას იგივე უფლება არ გააჩნია. ეს ის ზღვარია, რომლის მოშლაც იწვევს ყოველგვარ არეულობასა და დაპირისპირებას. ყოველ ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი და ყველანი ვალდებულნი ვართ პატივი ვცეთ მას, აგრეთვე ჩვენი უფლებაა მოვითხოვოთ, რომ სხვებმაც სცენ პატივი ჩვენს რელიგიურ შეხედულებებს, მიუხედავად იმისა იზიარებენ  თუ არა ისინი მას. წყალგამყოფი რასაკვირველია არსებობს და ეს გამოხატვის ფორმაა, რომლის მეშვეობითაც ვიცავთ ჩვენს რელიგიურ შეხედულებებს. ვიღაცის შემთხვევაში ეს შესაძლოა ტერორისტული აქტი იყოს, თუმცა ქრისტიანის შემთხვევაში ასეთ პროტესტად შესაძლოა გამოქვეყნებული სტატია, ტელე-ეთერში გაკეთებული განცხადება, ან თუნდაც სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტი იქცეს.

   სინდისის თავისუფლება ცნებებისა და იდეების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე გავლენას გულისხმობს და ძირითადად მორალურ ღირებულებებს აყალიბებს, ხოლო რელიგიის თავისუფლება არამარტო შეხედულებებს გულისხმობს, არამედ რწმენასა და მრწამსს. როდესაც ადამიანების რწმენასა და მრწამსს შეურაცხყოფთ, დაუტოვეთ მათ იმის უფლება, რომ პროტესტი მაინც გამოხატონ და გამოთქვან ის, თუ რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით. თუკი მათ გამოხატვის უფლებას აჟიოტაჟის ხარისხს მიანიჭებთ, მათაც ხომ აქვთ უფლება მკრეხელობად შეაფასონ ღვთისმშობლის გამოსახულების შეურაცხყოფა, რომელიც სხვათაშორის, შეგახსენებთ, რომ ქრისტიანისთვის ერთ-ერთი უმაღლესი იპოსტასია, წმინდა სამების შემდეგ. გარდა ამისა, თვითმკვლელობა ქრისტიანისთვის მომაკვდინებელი ცოდვაა, ამიტომ ღვთისმშობლის საფეთქელთან მიბჯენილი იარაღით გამოსახვა უდაოდ შეურაცხყოფს ქრისტიანების რელიგიურ გრძნობებს და მათ ღირსებას. ცხადია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი რწმენა, მსოფლმხედველობა, სინდისი და ასევე უფლება იცხოვროს მათ მიხედვით ან გამოხატოს აზრი ნებისმიერი ფორმით საჯაროდ, მათ შორის ათეისტებს, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ისე, რომ არ შეიზღუდოს სხვათა უფლებები და ღირსება. თითოეული ადამიანი ფლობს ღირსებას თავისი გონიერებისა და ადამიანთა მოდგმისადმი მისი კუთვნილების გამო, რაც გამოხატულია შემეცნების, რწმენის, ეთიკის ნორმების და ეტიკეტის დაცვის უნარში, მრავალ სხვა უნართა შორის. ეს სწორედ ის თვისებებია, რომლებიც ადამიანთა მოდგმას გამოარჩევს და განასხვავებს ცხოველთა სამყაროსგან, ანუ რაც ჰომოსაპიენსს მათზე აღმატებულს ხდის. ცნობილია, რომ ის, ვინც საკუთარ პიროვნებას ღირსეულად აღიქვამს და პატივს სცემს, სხვის ღირსებასაც სათანადოდ აფასებს და კრძალვით ეკიდება. 

   რაც შეეხება „სხვადასხვა საერო თუ სასულიერო ჯგუფების მიერ სკანდალის სამიზნედ ქცეულ, ისედაც ათვალწუნებულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს“, რომელიც მართლაც "პოლიტიკური მანიპულაციის საგნად გადაიქცა", მხოლოდ გულისტკივილით შემიძლია დავეთანხმო ავტორის ასეთ ფორმულირებას. ჩემთვის, როგორც წარსულში ამ უნივერსიტეტის კურსდამთრებულისთვის, ერთობ სამწუხარო ფაქტია, რომ საზოგადოებაში დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ილიას უნივერსიტეტი უღმერთობის და ნიჰილიზმის სავანედ იქცა. მე პირადად არაერთხელ გავხდი მოწმე ილიას უნივერსიტეტის მიმართ გამოთქმული უპატივცემლო განცხადებებისა, როგორც ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტების, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, გარეშე პირების მხრიდან. ჩვენ კლიშეების მოყვარული საზოგადოება ვართ და ადვილად ვაწებებთ იარლიყებს ამა თუ იმ ინდივიდებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს თუ ინსტიტუტებს. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ჩემი დაკვირვებით გავარკვიე, ძირითადად საზოგადოების გულისწყრომას იწვევს სწორედ ათეისტური განწყობები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად უკავშირდება ილიას უნივერსიტეტს. აქ იმიჯის მნიშვნელობაზე არ შევაჩერებ ყურადღებას, რადგან მიმაჩნია, რომ ყოველი განათლებული ადამიანისათვის ცხადი უნდა იყოს რას ნიშნავს და რაოდენ მნიშნელოვანია ინსტიტუციური იმიჯი. არგუმენტად თუნდაც დასავლური კულტურის ნაწილად განხილული, კორპორატიული იმიჯმეიკერების დაქირავების ტრადიცია და PR კამპანიებზე დახარჯული რესურსების მოცულობაც საკმარისი იქნებოდა დაინტერესებულ პირთათვის. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტს ამ კუთხით სჭირდება პოლიტიკის შეცვლა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. 

   დასკვნის სახით და დიდი  ბოდიშის მოხდით,  ბლოგის „ნახატები, რომლებიც “თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ გვერდზე ეკიდა“ ავტორს  ბ-ნ ლუკა ნახუცრიშვილს, ისევე როგორც ნამუშევრის ავტორს, ქ-ნ ლია უკლებას მსურს ვურჩიო -არასოდეს უგულვებელჰყონ ადამიანების რელიგიური გრძნობები და მათი ღირსება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არ დავსწრებივარ, ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებ აღნიშნული გამოფენის „სოციალურ, კრიტიკულ კონტექსტს“ და ვგმობ იმ უსახურ, უზნეო და ტრეფიკინგის დონემდე დაყვანილ პრაქტიკას, რომელსაც ახორციელებენ საქართველოში დამსაქმებლები დასაქმებულთა მიმართ. მომავალი თაობის განათლების კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც ილიას უნივერსიტეტი ცალსახად ემსახურება, პოზიტიურ ჩარჩოებში წარმოჩენა ესაჭიროება. წმინდა ილია მართლის სახელობის უნივერსიტეტს არ აქვს მორალური უფლება „ბოჰემური“ იმიჯის ერთგულებას გადააყოლოს მთავარი და მეტად მნიშვნელოვანი მისია.  და ბოლოს, ჩვენს საზოგადოებას დღეს, როგორც არასდროს, ესაჭიროება იმ სათნოებების და გულმოწყალების, მიმტევებლობის და კაცთმოყვარეობის სულისკვეთების შთაგონება, იმ ზნეობრივი კატეგორიების განმტკიცება, რომელსაც სწორედ ჩვენი დიდი წინაპრების, წმინდანებად აღიარებული მეფეების - დავითისა და თამარის, ასევე ჩვენი საამაყო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, წმინდა ილია მართლის და სხვა დიდ ქართველთა სათაყვანებელი სარწმუნოება - ქრისტიანობა ქადაგებს. სწორედ მართლმადიდებლობის ერთგულებას შეეწირა ერთდროულად ასი ათასი მოწამე ქართველი, თბილისში ხვარაზმელთაგან 1227 წელს წამებულნი, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა და რომელთა ხსენების დღე 13 ნოემბერს აღინიშნება. სხვათაშორის, მსოფლიოს არ ახსოვს ამის მსგავსი მასობრივი თავგანწირვისა და ღირსების გამოვლენის პრეცედენტი. ჩვენ კი, მათი შთამომავლები, ღირსეულად თუ ვერ გავაგრძელებთ მათ ღვაწლს, შევეცადოთ არ შევურაცხყოთ მათი ხსოვნა, არ გავთელოთ ფეხით ჩვენი მორწმუნე თანამოქალაქეების რელიგიური გრძნობები და მათი ღირსება.

   ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო ჩვენი დიდი, წმინდა წინაპრების მადლითა და ლოცვა-კურთხევით!

http://www.radiotavisupleba.ge/content/blogi-luka-nakhutsrishvili-nakhat...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები