ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

სიხარული და წყენა, ბედნიერება და უბედურება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

არის – უეცარი, უსაზღვრო სიხარული, არის – მშვიდი, წყნარი ბედნიერება:

პირველი – ხანმოკლეა, ის გულში არ ეტევა და გინდა იყვირო;

მეორე – ხანგრძლივია და სულს წყნარი ნათებით ავსებს.

 

ზუსტად ასევეა უცაბედი წყენა თუ სიმწარე და უბედურება ან დარდი:

პირველი – გულში დანის ჩაცემის ტკივილივითაა, გამწარების აზვირთებული ტალღა უცებ წაგლეკავს, წუთში სულს ამოგხდის და გაგანადგურებს;

უბედურება და ჯავრი კი – მონოტონურია, გულს გიჭამს და მძიმე სენივით მუდმივად გრღნის.

 

სიხარულსა და წყენას მუდამ კონკრეტული მიზეზი აქვს, ხოლო ბედნიერება (ან უბედურება თუ დარდი) ხშირად თავისთავადია, სპონტანური და თითქოს უმიზეზო;

პირველი – მყისიერი სიხარული – არცთუ იშვიათად მეორეში – ბედნიერებაში გადადის, წყენა კი ხანგრძლივ დარდად იქცევა.

 

მიდის, მიედინება ყოფიერების მდინარე – ბედნიერებას უსაშველო მწუხარება ცვლის, სიხარულს – გაუქარვებელი გულისტკივილი... და პირიქით...

სიხარული ან გამწარება გარედან მოდის, ბედნიერება თუ დარდი კი შენშია – ის შენგანაა დამოკიდებული, თუ მიეცემი შეგჭამს;

სიხარული თუ წყენა – ინტენსიური ემოციაა, ის მოულოდნელად დაგატყდება თავს და უცებ გაივლის, ხოლო ბედნიერება თუ უბედურება – ხანგრძლივი განწყობაა, რომელიც მუდამ თან გდევს;

პირველი – უფრო ახალგაზრდის წილია, მეორე – ასაკოვანი ადამიანის – ხვედრი.

 

მიდის, მიედინება ცხოვრება – დინება ხან ნელდება, ხანაც მძვინვარე ხდება...

შენ ხან გულჩათხრობილი, დანაღვლიანებული ხარ, ხანაც სიხარულით ივსები და უსაზღვოდ ბედნიერი ხდები;

უნუგეშო დარდს, მწუხარებასა თუ გასაჭირს ყოველთვის დიდი სიხარული და ბედნიერება მოსდევს, ოღონდ მას მოთმინებით, მორჩილად უნდა დაელოდო და ის აუცილებლად მოვა.

 

ადამიანისთვის დაბადება – სიხარულია და წყენა! სიკვდილი – უეცარი წყენაც და დაუსრულებელი უბედურებაც;

თავისუფლება – ბედნიერებაა, მონობა – ვარამი და დარდი;

სექსი – მომენტალური სიხარულია, სიყვარული კი – ხანგრძლივი ბედნიერება;

ნარკოტიკი, ალკოჰოლი – ხანმოკლე სიხარულია და ულევი მწუხარება, უსაზღვრო გასაჭირი...

 

P.S.

,,სიყვარული? რა არის სიყვარული? ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი – აი, რა არის. სიყვარული“ – უილიამ ბეროუზი (უკანასკნელი ჩანაწერი დღიურში, 1997 წლის, 1 აგვისტო)

 

ზურა ოდილავაძე. 2015 წელი, ნოემბერი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები