ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი სალომე ბელქანია

თოვლის ბაბუის დღიურები

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ძვირფასო თამარ,

მოგესალმები შორეული ლაპლანდიიდან. აქ უკვე დიდი ხანია მოთოვა. გუშინ გავწმინდე თოვლისგან მოაჯირამდე დაფარული პარმაღი. ჩემი ირმები ერთი წელია ელოდებიან მარხილში შებმას. უკვე რქებით მიკაკუნებენ ფანჯრებზე, ეჩქარებათ შობა-ახალი წელი. წელს განსაკუთრებით ბარდნის, ამიტომ შემაგვიანდა გამოფრენა სამხრეთის თბილი ქვეყნებისკენ. საჩუქარი მზად მაქვს. დიდხანს მოთმენა აღარ მოგიწევს, ახლოვდება დამსახურებული საჩუქრის მიღების დრო. მალე გავიცნობთ ერთმანეთს, დიდი სიხარულით ველოდებოდი მთელი წელი ამ დროს. მანამდე კი წარმატებებს გისურვებ!

პატივისცემით და თეთრპომპონიანი ქუდის მოხდით,შენი secret santa, რომელიც სულ მალე აღარ იქნება secret!

ho ho hoooo………

 

ძვირფასო თამარ,

მზიანი დღეა დღეს ლაპლანდიაში. ყინულის ლოლოებმა შუადღეზე წვეთ-წვეთად დაიწყეს დნობა. საღამოს ისევ წამოუბერა ჩრდილოეთიდან ციმა ქარმა. ეზოში ბეღურებისთვის საკენკი დავყარე. ალბათ იცი, რომ ისინი ზამთარში თბილი ქვეყნებისკენ არ მიფრინავენ. დღეს დილითაც დაყარეს გზებზე მარილი. ჩემს ირმებს სულ უსრიალდებათ ხოლმე ფეხები ყინულზე. მარხილის ტარებაც ჭირს ასეთ დროს თოვლზე. ამიტომ მადლიერი ვარ ჩვენი მეზობლი სვენის, რომელიც დილაადრიან, 5 საათზე დგება და გზებზე მარილს ყრის. ლაპლანდიის ერთ პატარა სოფელში ვცხოვრობთ. სულ რამდენიმე დიდი გზაა და ბევრი პატარა ბილიკი. ძირითადად თოვლისგან თეთრად დაფარული. მოუთმენლად ველი თბილი ქვეყნებისკენ გამომგზავრებას.

პატივისცემით და თეთრპომპონიანი ქუდის მოხდითშენი secret santa, რომელიც სულ მალე აღარ იქნება secret

ho ho hooooo… ..

შუადღემშვიდობისა თამარ,

თქვენთან უკვე შუადღეა, აქ ჯერ ისევ დილაა. ახლა შემოვიტანე ეზოდან შეშა. ბუხარი უკვე ავაგიზგიზე. ცოტა ხანში ირმებსაც დავუყრი საჭმელს. ალბათ ბევრი მანქანაა შენს ქალაქში. ჩვენ ირმებს ვიყენებთ გადაადგილებისთვის. ისეთი სიცივეები იცის ლაპლანდიაში, სულ ყინავს ყველაფერს. მანქანები ბევრჯერ მოსრიალებულა გზებზე. ამიტომ ირმები გვყავს. დღეს საგუნდაოდ მივდივარ, ანიკამ და ნილსმა დამპატიჟეს. რა უცნაურია არა? შენც გეპატიჟებიან ხოლმე საგუნდაოდ? აი მე მეპატიჟებიან. საუზმობა ჯერაც არ დამიმთავრებია. გაზეთების კითხვას შევყევი. იცი, დღეს დილით შორეულ სამხრეთზეც ეწერა ჩვენს ლაპლანდიურ გაზეთში. ბევრი ვიფიქრე, მე არ მეხება პოლიტიკა, არც მე ვეხები, თუმცა რუსეთი ოკუპანტია! მალე შევხვდებით.

პატივისცემით და თეთრ პომპონიანი ქუდის მოხდით,შენი secret santa, რომელიც სულ მალე აღარ იქნება secret

ho ho hooooo……  

დილამშვიდობისა თამარ,

შენ ალბათ ჯერ გძინავს, მანდ უკვე შუადღისკენ იხრება დღე, აქ ძალიან ადრეა. დილაუთენია მომიწია ადგომა, გუშინ ისეთი ქარბუქი იყო ჩვენს სოფელში, სულ ჩამოამტვრია ყინულის ლოლოები. ცივა ლაპლანდიაში. აქ ნამდვილი ზამთრის დილაა. კრისტალივით თეთრი თოვლით და მუქ ცაზე შერჩენილი ვარსკვლავებით. გუშინ იმდენი ვიგუნდავეთ ანიკამ, ნილსმა და მე, რომ სულ დამისველდა ჩემი წითელი თეთრპომპონიანი ქუდი. ახლა გადავფინე აგიზგიზებული ბუხრის წინ დადგმულ სკამზე. ჩემს ერთ ირემს რქა მოატყდა, ასეც ხდება ხოლმე, როდესაც ორი ირემი ჭიდაობს. მოუსვენრები არიან, ხშირად ეტაკებიან ხოლმე ერთმანეთს. მალინი და ჰენრიკი ჰქვიათ, არც კი მითქვამს აქამდე მათი სახელები. დღეს ჰენრიკის რქის სამკურნალოდ მივდივართ სოფელში ერთადერთ ვეტერინარ მარტინთან. კეთილი კაცია მარტინი, ყველას მასთან დაჰყავს ირმები. მალე გიხილავ თამარ, მალე მოვალთ მალინი, ჰენრიკი და მე.

პატივისცემით და სველი თეთრპომპონიანი ქუდის მოხდით,შენი secret santa, რომელიც სულ მალე აღარ იქნება secret!

ho hoo hoooooo…  

საღამომშვიდობისა თამარ,

შენ ახლა ალბათ ლექციაზე ხარ. მე შევარიგე გუშინ ჩემი ირმები. ჰენრიკს უკვე თითქმის მოურჩა რქა. ბევრი საქმეა წლის ბოლოს. ბუხართან ჩამოკიდებულ დიდ ნაჭრის ჩექმაშია ჩაკუჭული, ფურცლის ნაგლეჯებზე მაქვს სათითაოდ ყველა ჩამოწერილი. საშობაოდ ვემზადებით ლაპლანდიაში. ბედნიერებაა შენი თოვლის ბაბუობა, ისტორიები ხომ იმისთვისაა, რომ ადამიანებს მოუყვე, შენ რომ არა, ამ ისტორიების ქონას აზრი არ ექნებოდა. ყველა საჩუქარს ელის ჩემგან, ჩემი ამბები კი არავის აინტერესებს. სევდიანია თოვლის ბაბუის ბედი, მხოლოდ შობა-ახალ წელს სჭირდებათ ადამიანებს, მხოლოდ ამ დროს ვმუშაობთ და მხოლოდ საჩუქრები უნდათ ჩვენგან. ხანდახან მინდა ავდგე და სოფელში ყველას კართან ერთი ამბავი დავუტოვო, თუნდაც ულამაზოდ შეფუთული. ბევრი საქმე მქონდა დღეს, ბევრ ბავშვს დავურიგე საჩუქარი. ვახშმის დროა, ხვალაც არ მელოდება ადვილად გადასატანი დღე. გიფიქრია იმაზე, თუ რატომ აქვთ თოვლის ბაბუებს თეთრი თმა და წვერი? იქნებ იმიტომ რომ ისინი გულის სიღრმეში ძალიან სევდიანები არიან?

პატივისცემით და უკვე გამშრალი თეთრპომპონიანი ქუდის მოხდით,შენი secret santa, რომელიც სულ მალე აღარ იქნება secret!

hoo hooo hooooooo…………

 

ძვირფასო თამარ,

ჩვენს სოფელში ერთი ასეთი გამოთქმაა: თითოეული ნაოჭი ადამიანის სახეზე, ყვება ამბავს მის შესახებ. ვდგავარ სარკის წინ და ვფიქრობ, ამდენ ნაოჭში რამდენი ამბავი მაქვს ჩატეული. ზოგი უფრო ღრმაა, ზოგიც ჯერ ბოლომდე არ დანაოჭებულა. შუბლის ნაოჭი ყველაზე ბევრია, წარბებს შორის ნაოჭი, ყველაზე ღრმა, ლოყების ნაოჭები ღიმილისაა, კისრის ნაოჭები დაღლილობის. ერთი ჩვეულებრივი თოვლიანი დღეა ლაპლანდიის ერთ პატარა სოფელში. სამზარეულოს ფანჯრიდან ნახატივით მოჩანს თოვლზე მოგუნდავე ბავშვები, ჯუჯებივით პატარა და თოვლზე შავ წერტილებად დამჩნეული ბავშვები. საჩუქრებ დარიგებული და უზრუნველი ბავშვები. ბავშვები, რომლებმაც არ იციან, რომ მათ მეზობლად, ერთი საკვამურიანი და ქვით მოკირწლულ ბილიკიანი სახლია, რომელშიც ერთი მარტოსული თოვლის ბაბუა ცხოვრობს.

პატივისცემით და თეთრპომპონიანი ქუდის მოხდით,შენი secret santa, რომელიც სულ მალე აღარ იქნება secret!

hoooo hooooo hooooooooooooo………………

საღამომშვიდობისა თამარ,

სულ უფრო ცოტა დრო რჩება ახალ წლამდე და სულ უფრო მეტი საქმე მაქვს მე. გრძელი დღის დასასრულს, ბუხართან ჩამოჯდომა და გოგრის წვენის დალევა, საუკეთესოა განსატვირთად. იცი, მე ჯერ ჩემი ნაძვის ხის მოსართავად ვერ მოვიცალე. არც გირლიანდები მაქვს დაკიდებული სახლში. არც ფიფქები გამიკეთებია. თოვლის ბაბუებს არ გვცალია ჩვენთვის. შენი წარმატებების შესახებ გავიგე. იმსახურებ წელს საჩუქარს. ირმები უკვე გავამზადე, მალე შევხვდებით!

პატივისცემით და თეთრპომპონიანი ქუდის მოხდით,შენი secret santa, რომელიც სულ მალე აღარ იქნება secret!

hohohohooooooooo…… .

შუაღამემშვიდობისა თამარ,

შობას გილოცავ! ჩვენთან, ლაპლანდიაში, დღეს ვზეიმობთ, ვჩუქნით ერთმანეთს მანდარინებს და ვმღერით საშობაო სიმღერებს სანთლებანთებულ ნაძვის ხესთან. ჩუმათ დავდივარ სოფელში და ვიხედები ყვითელშუქიან ხის ფანჯრებში. ჰენრიკმა და მალინმა სულ კუნტრუშით ჩაირბინეს ვიწრო ქუჩები. აი ანიკას და ნილსის სახლთან გავჩერდით, უკვე გაუხსნიათ ჩემი საჩუქრები, ანიკას ხის ციგა შეხვდა, ნილსს ველოსიპედი უნდოდა. თვალები ორივეს ისე უბრწყინავს, მეც ჩამეღიმა მათი ბედნიერებისგან. შემდეგი სახლი სვენისაა, აი იმ სვენის, დილაუთენია გზებზე მარილს რომ ყრის. დიდ სარწეველა სავარძელში ჩამჯდარა დაღლილი სვენი. ჩემი საჩუქარი მუხლებზე უდევს. მიდი, გახსენი - ჩემთვის ჩავიჩურჩულე. უცნაურია, არ ხსნის სვენი საჩუქარს, ერთი წუთით, თვალები დახუჭული აქვს, ჩასძინებია დაღლილობისგან. გზას უკვე სახლისკენ ვაგრძელებთ, ახლა ჩვენი შობის დროა. ჰენრიკის, მალინის და ჩემი. მალე შენთანაც მოვალ, ცოტა მოთმინება დაგჭირდება, სულ ცოტა.

პატივისცემით და თეთრპომპონიანი ქუდის მოხდით,შენი secret santa, რომელიც სულ მალე აღარ იქნება secret!

ho hooo hooooo……

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები