ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი სალომე საგინაშვილი

ერთ ღამეში ნასწავლი სემესტრი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ბიბლიის მიხედვით, დასაწყისში იყო სიტყვა და მერე იყო საქმე. სტუდენტისთვის თავდაპირველი ნაბიჯი გადაწყვეტილებაა მეცადინეობის დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან საგანი, რომელიც 4-5-6 კრედიტიანია არ შეეტენოს და ოჯახის ბიუჯეტი, რომელიც ისედაც დაბალ ციფრიანია უფრო მეტად არ ამოცარიელდეს.

ფინალურების პერიოდი "გამხსნილდა" და ჩვენც მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, გამოცდის წინა დღეს "მამაო ჩვენო" იმდენჯერ ვთქვათ, სანამ არ მივხვდებით, რომ ბოლოსდაბოლოს ზემოთაც დაიღალა ვიღაც. პრინციპში, ლოცვის მეტი რაღა უნდა აკეთო კაცმა, როცა მთელი ერთი თვე ხელში ისე დაგადნა, როგორც ახალი წლის დღეებში მოსული თოვლი და დროც ისე სწრაფად გავიდა, (სიყვარულის არ ვიცი და) ზერელედ ნასწავლი მასალა კი , მართლაც არ დაინდო.

გაგიკვირდებათ და დასასრული აქვს ყველაფერს. დასასრული აქვს ფილმს, სერიალს, ინდურ სერიალსაც კი. მხოლოდ სწავლას არ აქვს დასასრული და როცა იღვიძებ, კონსპექტების მთა კვლავ ძველ ადგილზე გხვდება, მთელი გულითაც რომ გდომებოდა, მაინც ვერსად წავიდოდა. ამ დროს შენ მუჰამედი ხარ, ის-მთა და რადგან მუჰამედი არ მიდის მთასთან, არც შენ მიდიხარ კონსპექტებთან. უყურებ კონსპექტების გორას და გიკვირს, ამდენი, კი მაგრამ ამდენი როდისღა ვისწავლეთო? მერე გახსენდება, რომ ლექტორი ყოველთვის ყველაფერს ხსნიდა, აი, შენ კი ამ დროს Facebook-ზე "ჩეკინ-თაგებს" არ "მაზავდი.".

რა გინდა "რო" ქნა?

ბოლოს გადაწყვეტ შეაჯამო "ნასწავლი", ერთ ფაილად აქციო, გადაიკითხო და სადღაც, მოუსავლეთში მოისროლო განვლილი სემესტრი, თავისი კონსპექტებიან-საგამოცდო საკითხებიანად. მაგრამ, ნურას უკაცრავად! ეს წამოწყება რამდენიმე წუთში 90-იანების შუქივით ქრება, რადგან ხვდები, რომ აუარება მასალის გადახალისებას გამოცდამდე ფიზიკურად ვერ მოასწრებ. ერთ ღამეში მთელი სემესტრის სწავლა არც ისე მარტივია, დრო სჭირდება, შენ კი დრო აღარ გაქვს, დრო არის მთავარი პრობლემა და იმიტომ. 

რთული გამოცდა მიჩვენე და შეტენილ საგანს გიჩვენებ: რაცა ლექტორს არა სწადდეს, არ საგანი ჩაბარდების.  

თუ ლექტორი მკაცრია, ქულებს გამოგლეჯა უნდა და ხელის წაკვრაც გჭირდება, დაღუპული კაცი ხარ, გამოსავალი აღარ ყოფილა და ეგ არის! თავის მართლების მთელი კორიანტელი უნდა დაყენო სახლში და ცოტა წაუტირო კიდეც მეტი დრამატიზაციისთვის, თუ გინდა, რომ მიზეზებმა თავისი საქმე გაჩარხოს.

დილას გამწარებული, ნახევრად მძინარე ავტობუსის გაჩერებაზე ერთი მაგრად შეუკურთხებ სიზარმაცეს და ზედმეტი ფორმალობისთვის ჩანთიდან კონსპექტსაც ამოაჩეჩებ.  დაელოდები ავტობუსს, დაელოდები, დაელოდები. ბოლოს გაწითლებული დრო განულდება, მაგრამ ვინ რას შეგარჩენს? ნურას უკაცრავად! გქონდა იმედი? ხოდა სულ ტყუილად! ნემსის ადგილიც კი არ არის. ხალხის გროვა ერთმანეთს ისე ეწებება, სუნთქვა ჭირს. უნივერსიტეტამდე მისვლა მთელი ხელოვნებაა ან ოსტატობა, როგორც გსურთ. მიხვალ საგამოცდო აუდიტორიამდე, თმაგაჩეჩილს და მთელი ღამის უძინარს დამკვირვებელი ეჭვის თვალით, ერთი გემრიელად აგათვალიერებს, მობილურისკენ მიგითითებს, რაც გულისხმობს: მაგიდაზე ამოყარე ნივთებიო და კუთვნილი სკამისკენ დამაჯერებელი სიამაყით გაგიძღვება. ამ დროს ყველაზე მეტად გინდა, მის თავმოყვარეობას ცივი წყალი გადაასხა და ის ბილეთი შეგხვდეს, ასე რომ გინდოდა. უამრავი საგამოცდო მასალიდან თუ მაინცდამაინც ის "ერთადერთი" შეგხვდა, მაშინ ხარ ქალი. ხოდა მაშინ, აი, სწორედ მაშინ, საკითხების ნახვამდე, არის ერთი, პატარა, გარდამავალი წამი, როდესაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი. ამ დროს ორი ვარიანტია: შეგხვდება უამრავი საკითხიდან ის, რომელიც იცი, გაგიმართლებს ან...

საგანშეუტენელი სტუდენტი კარგი ვინმეა. მოხერხებული და ალბათ ჭკვიანიც. ასეთებს კურსზე პატივს სცემენ და მიაჩნიათ, რომ მისგან დიდი კაცი გამოვა! ხოდა მე ჯერ ჯერობით, " დიდი კაცობის" პერსპექტივა მაქვს, ასე ამბობენ და მეც ვიცი, რომ კალკულუსის და ეკონომიკის მერე, ცხოვრებაში ქედს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ მომახრევინებს. ერთადერთხელ დავეცი ბრძოლის ველზე, მაგრამ სული მოვითქვი, წამოვდექი და ბოლომდე ვიომე.

დიდი ადამიანების გზა, სულაც არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგი გამოცდაში ჩაიჭრა და უდიპლომოდ დარჩა, ზოგსაც უნიჭო უწოდეს და მომავლის იმედი ჩაუკლეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიმიტრი მენდელეევი ჩაიჭრა ქიმიის გამოცდაზე, პეტერბურგის უნივერსიტეტში, ხოლო ოტია იოსელიანი  მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში და ინსტიტუტის გარეთ დარჩა.

ეს გახსოვდეთ მაინც, რა იცი, რა ხდება...

ხოდა ასე.. აი, სწორედ ასე.

მაშა, მაშა! აგრე იცის 51-მა ქულამო...

ჩემი ცოდნის კი მწამს, მაგრამ „პწიჩკა“ მაკვირვებს. რაღაც ძალიან იგვიანებს ქულები და ამ გახსენებაზე, წავიდე, შევამოწმო. რაც არ უნდა იყოს, ჩემი განვლილი საგნების გვერდით პატარა, მწვანე ნიშანი მაინც ჩემი სიყვარულია და მის გამოჩენას ისე ველოდები ყოველდღე, როგორც ნათავადარი თეიმურაზ ხევისთავი თავის მარგუშის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები