ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მანანა თურმანიძე

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", ანუ კონფლიქტის პრევენცია

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

დაპირისპირება ჩვენს სინამდვილეში უცხო და იშვიათი მოვლენა აღარ არის, სამწუხაროდ და ამდენად არც გასაკვირია, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ღირს შევჩერდეთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და დავფიქრდეთ ჩვენს ყოფაზე, ზნე-ჩვეულებაზე, ჩვენში დამკვიდრებულ საზოგადოების პოლარიზაციაზე, გაანჩხლებულ-გაკაპასებულ დამოკიდებულებებზე საპირისპირო აზრის მიმართ, რაც შემაშფოთებელია და ამ საზოგადოების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს. ჩემი აზრით, მას-მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გამეფებული გაბოროტება და დაუნდობლობა ყოველგვარ გონივრულ ზღვარს აჭარბებს და მუდმივად მომაგონებს რუსთაველის უკვდავ აფორიზმებს: "ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა", "კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების", "ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", და ა.შ. თუმცა, ჩვენ ხომ ნიჰილისტების საზოგადოება ვართ და აღარც თვით შოთას არაფრად ვაგდებთ! ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ზოგადად, ჩვენში არ არსებობს არავინ და არაფერი, ვისაც ან რასაც ანგარიშს ვუწევთ ან პატივს ვცემთ, საკუთარი მერკანტიული ინტერესების გარდა.  ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ნიჰილისტური განწყობები არის ძირი და ფუძე იმ დაუნდობლობის და საპირისპირო აზრის მიუღებლობის, რომელიც თვალს გვიბრმავებს და საღ აზრს გვიხშობს.

სხვათაშორის, ინტერნეტ სივრცეში წავაწყდი კონფლიქტის ამსახველ მასალას, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის საკმაოდ ცნობილი დირექტორი ვერბალურად დაუპირისპირდა ახალგაზრდა, ჩემთვის პირადად უცნობ კაცს, რომელიც აკრიტიკებდა მის ტელევიზიას. გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ეს მეორეს მხრიდან მცდელობა პოპულარობის ეპატაჟური, სკანდალური გზებით მოპოვებისა?! არც ეს არის გამორიცხული, რადგან ჩვენში ხომ ეს მანკიერი პრაქტიკაც საკმაოდ წარმატებულად დამკვიდრდა.  დღეს, რატომღაც, პოპულარობის ციებ-ცხელება ჩვენში უტოლდება „ოქროს ციებ-ცხელებას“ ველურ დასავლეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში. იმედია ესეც გაივლის. ცნობილი ტელევიზიის დირექტორის ნააზრევმა კი ცოტა არ იყოს გამაოცა, ის უკრძალავდა ამ ახალგაზრდა კაცს მისი ტელევიზიის არა მხოლოდ რომელიმე გადაცემაში მონაწილეობას, არამედ აღნიშნული ტელევიზიის ტერიტორიაზე შესვლასაც კი.

ამ კონკრეტულ შემთხვევას პირადი გამოცდილება დავუპირისპირე და მსურს სხვებსაც გავუზიარო ჩემი მოსაზრება. უამრავ ადამიანს ვიცნობ, ვისაც  არასასურველ ე.წ. "კონტექსტში“ მოვუხსენიებივარ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემს სახლში მოსვლა და მითუმეტეს ჩემს ტერიტორიაზე გამოჩენა არამცთუ არ ამიკრძალავს, არამედ არც კი მიგრძნობინებია, რომ ვიცი ამის შესახებ. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ არასოდეს ჩამიდენია მსგავსი რამ, მაგრამ, როცა კი ასე მოვქცეულვარ,  საკუთარი თავით უკმაყოფილო დავრჩენილვარ, რადგან სულმოკლედ მიგვრძნია თავი ასეთი საქციელის გამო და  სინდისის ქენჯნისგან დავტანჯულვარ. ეს "სიბრძნე" რასაკვირველია წლებთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის, რასაც აგვირგვინებს მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ყველას უნდა მიუტევო და ილოცო შენს  მტრებზე.

ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში არისტოტელე ბრძანებდა: "გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე, ვისზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით, რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია." ის, რომ ადვილად ბრაზდები, ეს შენი სისუსტის უტყუარი ნიშანია. ბრაზი და ემოციები რასაკვირველია ადამიანურია და ყველას ახასიათებს, მაგრამ გააჩნია დოზას და რეაქციას. კარგია, რომ შეგვეძლოს ბრაზის გაკონტროლება და თავად ვმართავდეთ ემოციებს და არა პირიქით, ემოციები - ჩვენ. მარტივი ჭეშმარიტებაა და სათქმელად ადვილია, თუმცა მესმის, რომ ძნელია შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, ალბათ ყველას ესმის, მაგინებელს გინებას რომ შეაგებებ, ეს მხოლოდ დააკნინებს შენს პიროვნებას და მხილველსა თუ მსმენელს დაარწმუნებს შენს სისუსტეში, ისევე, როგორც შენი მაგინებლის გამარჯვებაში.  პლატონი თვლიდა, რომ "ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება". წინაპართა მიერ შემონახული ხალხური ზეპირსიტყვიერებაც ხომ ამასვე გვასწავლის: "ვინც მოითმენს, ის მოიგებს". და ბოლოს, მაცხოვრის სიტყვებია: „მოთმინებითა თქვენითა, მოიპოვნეთ სულნი თქვენნი".

ვფიქრობ, "სულნი ჩვენნი" რომ მოვიპოვოთ, სულიერად უნდა გავძლიერდეთ, რასაც ვერც მატერიალური კეთილდღეობა, ვერც თანამდებობა და ვერც პოპულარობა ვერ უზრუნველყოფს. როგორც სოკრატე ამბობს: „სიმდიდრესა და პოპულარობას ღირსება არ მოაქვს“. დავით გურამიშვილის შეგონებას თუ გავითვალისწინებთ: „ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.“ სულიერების შეძენა ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ამას ცოდნა სჭირდება და სულიერი განათლება, რომელიც ჩვენში ჯერ კიდევ მწირია. ჩვენ ხომ პოსტსაბჭოური საზოგადეოება ვართ, რომლისთვისაც ზნეობრივი კატეგორიები პარტიის და საბჭოების ერთგულებაზე გადიოდა, ხოლო სულიერება იმ ტაძრების გუმბათებთან ერთად ემხობოდა, რომელთაც მიწაზე ანარცხებდნენ.

შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ ხშირად უღმერთობას თავს გახვევენ ადამიანები, ვისაც სახარებაც კი არ წაუკითხავთ, რომ აღარაფერი ვთქვათ თეოლოგიურ და თეოსოფიურ ლიტერატურაზე თუ წმინდა მამების წერილებზე. თუმცა, შესაძლოა წაუკითხავთ კიდეც, მაგრამ ვერ გაუგიათ, რადგან ამისათვის საჭირო საბაზისო ცოდნა არ გააჩნიათ. ვგონებ იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც „ვეფხისტყაოსანს“ აკრიტიკებს ადამიანი, რომელსაც ან არ წაუკითხავს ან სათანადოდ ვერ გაუგია ნაწარმოების ფილოსოფიური სიღრმეები. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სამეცნიერო ნაშრომის „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“ წინასიტყვაობაში ავტორი წერს: ლიტერატურულ პროცესს ვერასოდეს შევისწავლით მისი წარმომშობი, ეპოქისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი ცნობიერებისაგან მოწყვეტით, მისგან იზოლირებულად, ვინაიდან იგი თავად არის ანარეკლი ამ ცნობიერების განვითარებისა, მისი სპეციფიკის განსაზღვრა კი შეუძლებელია ამ შინაგანი ურთიერთკავშირის გაუთვალისწინებლად.“

საზოგადოების ყოფა, მასში დამკვიდრებული ეტიკეტი, ანუ ქცევის ნორმები განუყოფელია მისი აზროვნების, მისი სულიერების ისტორიისაგან. ნიჰილიზმი სიტყვიდან "არაფერი" მომდინარეობს და ყველაფრის ხელაღებით უარყოფას, საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მიუღებლობას ნიშნავს. ჩვენს რეგიონში ნიჰილიზმი მე-19 საუკუნის სამოციან წლებში გაჩნდა რუსეთში, რაზნოჩინული ინტელიგენციის წრეში. ეს ის მიმართულებაა, რომელიც უარყოფითად ეკიდებოდა თავადაზნაურული საზოგადოების ტრადიციებს და გაგრძელებისათვის შეანიშნავი ნიადაგი ჰპოვა საბჭოეთის ეპოქაშიც. ის ჩვენი საზოგადოების ცნობიერების, მისი მსოფლმხედველობის წიაღიდან მოდის და სწორედ ამ შინაგანი ურთიერთკავშირის შედეგია, საბჭოური ეპოქის ანარეკლია და მასთან უშუალოდ არის დაკავშირებული ის გაუცხოება, გაბოროტება და განსხვავებული აზრის მიუღებლობა, რომელიც ჩვენში მკვიდრად სუფევს.

ვფიქრობ, რომ კარგია, როდესაც სნეულების გამომწვევი მიზეზები იცი, მაშინ უფრო ადვილია მასთან გამკლავება. კარგი დასაწყისი ხომ საქმის ნახევარია. იმედია ჩვენ შევძლებთ, გადავლახავთ და გავუმკლავდებით იმ სიძულვილის, რისხვის და გაბოროტების ეპოპეას, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით ნიჰილიზმის ნიადაგიდან იკვებება! არისტოტელე ბრძანებდა: „იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.“ 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები