ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი giorgi lagvilava

ვინ მოატყუა პატრიარქი და ვინ ჩაიგდო ხელში "სნოს" წყლის აქციების სრული პაკეტი?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

„სნო“ – ბრენდირებული წყალი, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქესთვის ცნობილია, როგორც საპატრიარქოს მიერ წარმოებული პროდუქცია. სწორედ ამ ნიშნით არის განპირობებული „სნოს“ წყლის ეფექტური რეალიზაცია ქართულ ბაზარზე. მომხმარებლის დიდი ნაწილი თვლის, რომ „სნოს“ თუნდაც ერთი ბოთლის ყიდვით მას წვლილი შეაქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის საქმეში. საქმე ისაა, რომ უკვე კარგა ხანია საპატრიარქო აღარ ფლობს კომპანია „სნოს“ აქციების არცერთ პროცენტს.

შევეცდებით, მოკლე ისტორიული ექსკურსით საზოგადოებას მივაწოდოთ საკვანძო ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

2009 წელს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრნენ  ბიზნესმენი ძმები ხარებავები, რომლებმაც პატრიარქს შესთავაზეს საპატრიარქოსთან ერთად დაეფუძნებინათ წყლის მწარმოებელი კომპანია, რომლის სახელწოდება კათალიკოსის მშობლიური სოფლის სახელს დაუკავშირდებოდა. ბიზნესმენებმა პატრიარქს თავბრუდამხვევი დაპირებები მისცეს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის შემოსავლების სოლიდური ნაწილი ქველმოქმედებასა და ეკლესია–მონასტრების ფინანსურ მხარდაჭერას მოხმარდებოდა. ილია მეორე დათანხმდა ერთობლივ საქმიანობას, რის შედეგადაც, დარეგისტრირდა „სნოს“ მწარმოებელი კომპანია, რომლის 50 %–იანი წილის მფლობელი იყო საპატრიარქო, ხოლო მეორე 50 %–ის – ძმები ხარებავები. ბუნებრივია, საპატრიარქოს სახელი კომპანიისთვის შეუფერხებელი კომერციული წინსვლის გარანტი იყო. წარმოების ლიცენზიის მოპოვება–შენარჩუნება თუ ბაზარზე „სნოს“ წყლის დისტრიბუცია–რეალიზება, ყველა ამ მიმართულებით კომპანიას უპირობო წინსვლა ჰქონდა. პირველ პერიოდში პატრიარქისთვის მიცემული პირობა ქველმოქმედებასთან დაკავშირებით სათანადოდ სრულდებოდა. თუმცა მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა, ძმები ხარებავებისთვის პატრიარქთან დადებული პირობის უდრტვინველად შესრულება ნელ–ნელა მიმზიდველობას კარგავდა. ძმებმა გადაწყვიტეს სხვადასხვა ხერხისთვის მიემართათ, რათა თავი დაეღწიათ პატრიარქის პირობებისგან.

პირველ ეტაპზე, თავიდან მოიშორეს პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირები – იღუმენია  ელისაბედ ზედგენიძე (დედა ელისაბედი იმ მონასტრის წინამძღვარია, რომლის ტერიტორიაზეც აშენდა “ სნოს“ მწარმოებელი ქარხანა) და  ქარხნის დირექტორი დავით გიგაია. ამ ადამიანებს ჰქონდათ წვდომა კომპანიის კომერციულ მონაცემებთან, რაც დისკომფორტს უქმნიდა ბიზნესმენ ძმებს. მას შემდეგ, რაც იღუმენია ელისაბედისა და გიგაიას საქმიდან ჩამოშორება მოახერხეს, ხარებავებმა გადაწყვიტეს ფართომასშტაბიანი დარტყმა განეხორციელებინათ საპატრიარქოზე. ამისათვის საპატრიარქოს შიგნით იყო საჭირო მოკავშირეების ძებნა და როგორც აღმოჩნდა შეძლეს კიდეც პატრიარქის გარემოცვაში რამდენიმე გავლენიანი  ადამიანის მოქრთამვა. ამასობაში იკლო ქველმოქმედებისთვის  გამოყოფილი თანხების ოდენობამ, რის გამოც პატრიარქი პერიოდულად გამოთქვამდა წუხილს. ამ კონტექსტში, ბუნებრივია,  საკუთარი მისია უნდა შეესრულებინათ საპატრიარქოს მოქრთამულ თანამშრომლებს და აქტივობამაც არ დააყოვნა: საპატრიარქოს მდივან–რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი,  ქორეპისკოპოსები იაკობ იაკობიშვილი და თეოდორე ჭუაძე პატრიარქს არწმუნებენ, რომ  „სნოს“ კომპანიას პრობლემები აქვს და ქველმოქმედებისთვის გამოყოფილ თანხებზე საპატრიარქომ დროებით უარი უნდა თქვას. ამასთან „ემისრებმა“ მოახერხეს პატრიარქი იმაშიც დაერწმუნებინათ, რომ ძმებმა ხარებავებმა „სნოს“ წარმოებისას საკმაო ფინანსური ზარალი განიცადეს და სამართლიანი იქნებოდა საპატრიარქოს 50%–იანი წილიდან 30% ბიზნესმენი ძმებისთვის გადაეცათ, ასევე ძმების წილებიდან აღარ გამოყოფილიყო საქველმოქმედო თანხები. პატრიარქი დიდსულოვნად დათანხმდა ამგვარ გადანაწილებას. შედეგად, ოფიციალურად დარეგისტრირდა „სნოს“ კომპანიის ახალი მონაცემები 80%– ძმები ხარებავები, 20%–საქართველოს საპატრიარქო. კათოლიკოს–პატრიარქი ამ გადანაწილებით საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა, ვინაიდან თვლიდა, რომ კომპანიის მოგების 20% საკმარისი იქნებოდა ქველმოქმედებისთვის.

2015 წელს შორენა თეთრუაშვილი და ქორეპისკოპოსები კვლავ დასხდნენ პატრიარქთან „სნოს“ თემაზე სასაუბროდ. ამჯერად მათ პატრიარქს გადასცეს ძმები ხარებავების მუქარა იმის თაობაზე, რომ თუ საპატრიარქო დარჩენილ 20 პროცენტსაც არ გადაუფორმებდა ძმებს, მაშინ ხარებავები სასამართლოში იდავებდნენ. მათ კომპანიის სრული დაპატრონების არგუმენტად მოჰყავდათ ის გარემოება, რომ კომპანიის მართვა და კომერციული განვითარება მთლიანად ხარებავების კისერზე იყო წლების განმავლობაში. არადა, არანაირი კამათი არ სჭირდება იმას, რომ „სნოს“ კომერციული წარმატება საპატრიარქოსთან მისი ასოცირებით იყო განპირობებული. ამ საუბარმა პატრიარქის განაწყენება გამოიწვია და მან გასცა განკარგულება საპატრიარქოს კუთვნილი 20 % დაუყოვნებლივ გადაეფორმებინათ ხარებავებისთვის.

გვინდა  საზოგადოებას მივაწოდოთ მოკლე ჩამონათვალი იმ კომპანიებისა, რომლებსაც „სნოსთან“ ერთად ფლობენ ბიზნესმენი ძმები ხარებავები. ესენია: „მეღვინეობა ხარება“, „ყვარლის გვირაბები“, „ვაჩნაძიანის ღვინის ქარხანა“, “ ბოსსი“ (BOSS), „შარკი“, “ზენია“ZEGNA, “გარდერობი“, ლილოს მაცივრები, ქრაუნ პლაზა ბორჯომში, მორფის ფაბრიკა მოსკოვში და ა.შ.

ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაო. ბუნებრივია, გულისწყრომას იმსახურებს ძმები ხარებავების სიხარბით გამსჭვალული ქმედებები, თუმცა არანაკლებ გასაკიცხია  შორენა თეთრუაშვილის, ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძისა  და ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის მზაკვრული საქციელი, რომლებიც, სავარაუდოდ, გამორჩენის მოლოდინით, ურცხვად ატყუებდნენ მხცოვან კათალიკოს–პატრიარქს. უნდა ითქვას, რომ პატრიარქის მეტი გარანტიით დარწმუნებისთვის საქმეში ჩართული იყვნენ  მასთან დაახლოვებული სხვა სასულიერო პირებიც, მათ შორის, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.      ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული აფიორისთვის ხარებავებს პატრიარქის გარემოცვის მოსასყიდად გამოყოფილი  ჰქონდათ 15 მილიონი ლარი.                 

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სამართალდამცავთა დაცვის ლიგის დამფუძნებელი: მამალაძის საქმე ბურუსით არის მოცული

კომენტარები