ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მანანა თურმანიძე

ქართველობას გვართმევენ თუ ნებით ვკარგავთ?!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

გარკვეულ წრეებში პოპულარულ ფრაზად იქცა ბოლო ხანებში -"ქართველობას გვართმევენ". შესანიშნავი პასუხი გასცა ბ-მა გელა ჩარკვიანმა - „ვის რაში ვჭირდებით?!“ (იხ.ბმული ქვემოთ). ნუთუ ასეთებს არ ესმით, რომ თუ არა დასავლეთი, ჩვენ აქამდე დაღუპული ვიქნებოდით, როგორც სახელმიფო და როგორც ერი?! ყოველთვის, როდესაც ეს ანტი-ეროვნული და ანტი-სახელმწიფოებრივი ფრაზა მესმის ვფიქრობ, რომ მისი ავტორი უთუოდ დემაგოგია, რომელიც ფიქრობს, რომ თავგზას აუბნევს მსმენელს და არასწორ გზაზე დააყენებს. როგორც წესი, ასეთი მოსაუბრე არ დააყოვნებს ხოლმე და განავითარებს მის ანტი-დასავლურ, ანუ ანტი-სახემწიფოებრივ დემაგოგიას, მტრის წისქვილზე წლის დასხმის ელემენტებით. სიმართლე გითხრათ, ამ დროს შეურაცხყოფილი ვრჩები, ნუთუ ასეთ უბადრუკ, უგუნურ არსებას ვგავარ, რომ ასეთი ადვილი ჰგონიათ ჩემი გაბითურება? არა, უბრალოდ მათ სქელი შუბლი აქვთ და ყოველთვის გააქვთ თავისი, ან მართლა არ ესმით რაზე საუბრობენ, თან მიჩვეულები არიან, რომ ყოველთვის გასდით! მე პირადად, ხშირად თავს ვიკავებ ხოლმე მსგავს დემაგოგიაზე პასუხის გაცემისგან, ალბათ იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს, თუკი ადამიანს ასეთი მარტივი ჭეშმარიტება არ ესმის, რა აზრი აქვს მასთან კამათს?! ხან ვთვლი, რომ მათ შესანიშნავად აქვთ გააზრებული რასაც აკეთებენ და ასეთ შემთხვევაშიც - რა აზრი აქვს კამათს?! ჩემნაირი "თავშეკავებული" ალბათ ბევრია, ამიტომაც, მომიტევეთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ვცდებით! არ შემიძლია არ ვაღიარო, ზოგჯერ მიჩნდება ეჭვი, რომ ბნელების და გაუნათლებლების გააქტიურების ერაში ვცხოვრობთ. მოვლენების განვითარებას თუ მივადევნებთ თვალს ასეც არის, მაგრამ პასუხები თუ არ მიიღეს, მოხდება ის რაც ხდება ხოლმე ასეთ ეპოქაში, ასეთი ეპოქა კი ისტორიას არაერთი ახსოვს. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი „მასა“ ყველა საზოგადოებაში უმრავლესობაშია, მაგრამ მათ იციან თავიანთი ადგილი და არ აქვთ ამბიციები ჩაერიონ ქვეყნის პოლიტიკის შექმნაში. თუმცა, ჩვენში, ისე როგორც არსად, დროდადრო ძალიან აქტიურდებიან და ზედმეტად თვითდაჯერებულები ხდებიან ისინი, ვინც, ლოგიკის ყველა წესით და კანონით მიწას უნდა ამუშავებდეს, ფეიქარი უნდა იყოს, დურგლობით ან მეწაღეობით ირჩენდეს თავს, ანუ სოფლის მეურნეობით და მსგავსი საქმიანობებით უნდა იყოს დაკავებული, სადაც ინტლექტის გარკვეული დონე საკმარისია. რასაკვირველია, დამამცირებელი და დამაკნინებელი არცერთ საქმიანობაში არაფერია, უბრალოდ ყველას თავისი შესაფერისი ადგილი უნდა ჰქონდეს საზოგადოებაში მოძებნილი, რომ ქვეყანა სწორად ვითარდებოდეს.  აქ ალბათ სოციალური პრობლემები იჩენს თავს, იქნებ იმის ბრალია, რომ აღარ გვაქვს ფაბრიკა-ქარხნები, სოფლებში კი არ არის გამართული ინფრასტრუქტურა და ეს დაუსაქმებელი ხალხი მხოლოდ დედაქალაქის იმედად დარჩა?! მართალია, ისინი განსაკუთრებული მოქნილობით და მოხერხებულობით გამოირჩევიან და უფრო ადვილად პოულობენ "თბილ ადგილებს", ერგებიან ყველა სიტუაციას, მაგრამ საზოგადოების დონეზე რამდენად ჯანსაღ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე?

როგორც წესი, ასეთი "აქტიური ბნელები" საზოგადოებას თავს ახვეენ თავიანთ აგრესიულ შეხედულებებს, რომლებიც, ბუნებრივია,  მცდარი და უსუსურია, მაგრამ დაუნდობლობით და სისასტიკით გამოირჩევა. მაგალითად, ხშირად გაიგონებთ მოწოდებებს - „არ უნდა მოკლა?!“ „არ უნდა დახვრიტო?!“ „არ უნდა ჩააჭედო ტყვია შუბლში?!“ და სხვა ამის მსგავს ძალადობრივ, სულისშემძვრელ გამონათქვამებს. ასეთ დროს მახსენდება ხოლმე, რომ პოსტ-საბჭოური საზოგადოება ვართ და ეს მენტალიტეტი ადამიანთა ყოფაზე, მათი ქცევის ნორმებზე აისახება.

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ თვითდაჯერებულობასთან ერთად ამ "კასტას" ამბიციებიც აწუხებს და მასთან ასოცირებული, დაუდგრომელი ლტოლვა, ანუ ამპარტავანთათვის დამახასიათებელი წადილი "სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა" სვლისა, მათ სრულიად დაიპყრეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო, ასე განსაჯეთ, იქამდეც მივედით, რომ სამეცნიერო ხარისხებსაც კი გადასწვდნენ, ამასაც ყიდულობენ! ალბათ ამიტომაც აღარ ფასდება ჩვენში სათანადოდ პროფესორი, დოქტორი, თითქოს არავისთვის აღარაფერს ნიშნავს. ამის გამო შესძულდა ინტელიგენციას ტელევიზია და ზოგადად მას-მედია, იმიტომ რომ მასების გემოვნებაზეა აგებული და არ ითვალისწინებს განათლებული ხალხის ინტერესებს. მოაზროვნე ადამიანს არ აინტერესებს არც იაფფასიანი სკანდალებით და ვულგარულობით პოპულარულობამოხვეჭილი ე.წ. ვარსკვლავები, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ჩინოვნიკების თუ ვაი-პოლიტიკოსების ლანძღვა-გინება, არც პრიმიტიული ინდური თუ თურქული სერიალები, რომ აღარაფერი ვთქვათ გადაყვითლებულ პრესაში უბადრუკი ქართულით დაწერილ სტატიებზე, ბილწსიტყვაობაზე, რელიგიური ფანატიკოსებისა და ურწმუნო ათეისტების მუდმივი დაპირისპირების რეჟიმზე თუ მსგავს „პოპულარულ თემებზე“. ის, რომ დემოკრატიული საზოგადოება პლურალისტულია სულაც არ ნიშნავს, რომ მდარე ხარისხის სუბ-კულტურა უნდა დავამკვიდროთ. სამზარეულოებში ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ წაგვლეკა სოფელმა და როგორ გახდა თბილისი პროვინციული ქალაქი, რომლის ქუჩებში გავლაც კი შეგძულდება, გამეფებული უხეშობის და უხამსობის გამო. მაგრამ არავინ საუბრობს გამოსავალზე, რომელიც ყველა სიტუაციიდან არსებობს!

ყველაფერში არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის იქით უკვე სავალალო უფსკრულია, ვფიქრობ, ჩვენ ამ ზღვარს უკვე მივუახლოვდით. ახლა ალბათ დროა გადავაბიჯოთ ჩვენი ინტელიგენტურობის ჩარჩოებს და მოკრძალებული, მაგრამ პრინციპული პასუხები გავცეთ ყოველგვარ დემაგოგიაზე და უხეშობაზე. სხვა გზა არ რჩება, ინტელიგენცია უნდა გააქტიურდეს და ყველას მიუჩინოს თავ-თავისი ადგილი. ამისათვის სახელმწიფოებრივი აზროვნებაა საჭირო. მაგალითად, ქვეყანაში, სადაც ამდენი წყლის რესურსია, წყალი უნდა მიეწოდებოდეს ყველა სოფელს, ჰესები თუ საწარმოები უნდა იქმნებოდეს და ხალხი საქმდებოდეს, ქალაქდაგეგმარება სწორად ვითარდებოდეს, ისევე, როგორც სოფლის განვითარების პროგრამები და ა.შ.. და ამაზე შესაბამისი უწყებები უნდა ზრუნავდნენ. ამის ნაცვლად რა ხდება? დამშეული ხალხი დედაქალაქს შეესია და აითვისეს ყველა სფერო, სადაც კი გამორჩენა, ან როგორც ხალხში უწოდებენ "სახრავი" დაინახეს. სხვათაშორის, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც საბჭოთა საზოგადოებაში ინტელიგენცია გააქტიურდა სსრკ-ს არსებობის ბოლო დეკადების მანძილზე, დაიწყეს კომ.პარტიის მანდატების მიღება და კრიტიკული პოსტების, ავტორიტეტული თანამდებობების დაკავება. მართალია, "გამოხვრით" ისინიც კარგად "ხრავდნენ", მაგრამ მიხვდნენ, რომ სხვა შემთხვევაში მანქურთები გადაჯეგავდნენ ქვეყანას, წალეკავდნენ კულტურას, გაყიდდნენ ყველაფერს ეროვნულს, მიწასთან გაასწორებდნენ ყოველივე წმინდას, თან მიაყოლებდნენ ინტელიგენციას, რომელიც მუდმივად უმცირესობაშია და რომელიც კონტრ-კულტურას უბრალოდ სძულს. ჩვეულებრივ, ასეთები ხომ ვერ ეგუებიან მოაზროვნეებს, უბრალოდ ვერ გპატიობენ, რომ მათგან განსხვავებული ხართ! ჩვენს რეგიონში ამის მაგალითები 30-იანი წლებიდან მწარედ გვახსოვს რეპრესიების სახით, რომელმაც გაანადგურა ინტელიგენციის დიდი ნაწილი. ვფიქრობ, რომ სუბ-კულტურების მოთოკვის დრო დადგა, მაგრამ არა ძალადობრივი გზით (ეს ხომ სხეულით კუნთმაგრების პრივილეგიაა), არამედ ჭკუით, დიპლომატიით და აზროვნებით (ეს კი ჭკუამაგრების ძლიერი მხარეა). მოკლედ, ტვინის კუნთით მოქმედების დროა!

მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის მიხედვით "თუ შეატყვე, რომ უმრავლესობის მხარეს ხარ, ესეიგი დროა შეიცვალო". დღეს დედაქალაქში ცვლიელებები ისევე აუცილებელია, როგორც ფანჯრის გაღება და დილის ნიავის შემოშვება. ეს ერთადერთია, რასაც შეუძლია გაწმინდოს მძიმე ჰაერი და გაანიავოს შენობა!

http://marshalpress.ge/archives/45657

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უდუმაშვილი: ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა აღემატება სახელისუფლო კანდიდატისას

კომენტარები