ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

ჭეშმარიტი ქართველის ათი მცნება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

,,მონა არ შეიძლება იყოს პატიოსანი, ის მოვალეა, დროთა განმავლობაში მაინც, გახდეს ნაძირალაო“,– ხშირად იმეორებდა ხოლმე სიურრეალისტი გენადი.

 

   ახლა კი თქმული მისივე, სიურრეალსტ გენოსი, დემო ძაღლისათვის, ახალსა დიღომსა განდეგილობის ჟამს:

   – საყვარელო დემო!.. გადის წლები, მოდიან ახალი თაობები, იცვლებიან ლიდერები, ერთი შეხედვით, გარშემოც ბევრი რამ განახლდა, მუდმივი დარჩა მხოლოდ სქელი სიყალბის ფენა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. ტყუილმა იმდენად მოიცვა ჩვენი ბუნება, რომ ის ჩვეული გახდა და კაცს ვერც კი წარმოგიდგენია მისგან გათავისუფლება – თანდათან ხომ ყველაფერს ეგუები. სიცრუე თავს ზემოთ ავიდა და დაგვფარა – ჩვენ მისით ვსუნთქავთ, ძვალსა და რბილს ჟანგბადის მაგიერ ის მიეწოდება. ჩვენ ტყუილის ოკეანეში ჩაძირული გვამები ვართ, ამას არ ვაღიარებთ, საკუთარ თავთანაც ვთალთმაქცობთ და ცოცხლებს ვთამაშობთ.

   – წკმუტუნ – გენო, ამას ხომ ადრეც მეუბნებოდი...

   – მშვიდად დემიკო, ჯერ მომისმინე და შემდეგ მიპასუხე... ზოგადად, თვალთმაქცობა არის ადამიანის მიერ გამოგონილი ერთ-ერთი ხერხი, უცნობ, საფრთხის მატარებელ გარემოებებს რომ შეეგუოს. შიშის დაძლევის ამგვარი ფორმა სავსებით დასაშვებია, თუ ის საწყის რეაქციას წარმოადგენს. პრობლემები მხოლოდ ამ შიშთან შერიგების შემდეგ იწყება...

   პასიური შეგუება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, საკუთარი თავის დაძლევასა და დამთრგუნველ გარემოებებთან ბრძოლას – ამგვარი ქცევა ხელსაყრელია. ამიტომ ხანგრძლივი დროის პერსპექტივაში, ადამიანი უხერხულობის დაფარვის მიზნით, საკუთარი მხდალობის ახსნის ათასგვარ ხრიკს მიმართავს – ის ეძებს და პოულობს კიდეც სათაკილო საქციელის გამართლებას. გადაულახავ დაბრკოლებასთან მარცხის აღიარება კი, ცნობილი ფორმულის მიხედვით (,,შიში შეიქმნს სიყვარულსა“), მჩაგვრელის შეყვარებასაც იწვევს. ასე იბადება საკუთარი ლაჩრობის განდიდების სურვილი...

   – ღრრ-ჰავ-ჰავ!

   – დემო, მოცლა მომეც, ვაა!.. ამ თვითგანდიდების ნარკომანიის ფესვები, ალბათ, საუკუნეების სიღრმეში იკარგება. ჩვენ ხომ მლიქვნელობა-მონობის დიდი სტაჟი გაგვაჩნია. ჯერ XIII-XIV საუკუნეების მონღოლთა შემოსევა, შემდეგ არაბთა, სპარსთა თუ ოსმალთა მიერ დაპყრობა, ბოლოს კი რუსეთის იმპერიის ნებაზე მიცემა, ცხადია დიდ დაღს დაასვამდა ჩვენს მენტალობას და იძულებულს გახდიდა ერს შემგუებლობისა და მონური მოხერხებულობის ფოიერვერკები გამოეგონებინა. ამის გამო ქართული ფარისევლობა, რაღაც სპეციფიური, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ფენომენია: აღმოსავლური ქვეშ-ქვეშობისა და მელიის ეშმაკობა-ვერაგობის, ავტორიტეტებისა და ტაბუირებული ფასეულობების მიმართ უხმო მორჩილების; ყოველივე ამას კი საბჭოური მონობა და ვირთხის ალღო ემატება და გამოდის ქართული საფირმო ნაზავი!

   – ...წკმუილ...

   – აი, ასე, დემიკო, საყვარელო!.. ბატონყმურ ცნობიერებას საფუძვლად რეალობის ნეგატიური და პასიური აღქმა უდევს. ასეთი პიროვნება მხოლოდ მითების საშუალებით ახერხებს დაუძლეველის დაძლევას – წარმატების მიღწევას და მტრის დამარცხებას. წარმოსახვითი დიდების ეიფორიაში ყოფნისთვის ,,ყმას“ ისტორიული მითები სჭირდება. მეტად მნიშვნელოვანია მისთვის რელიგიური მითებიც, რათა როგორმე მთავარი შიშის – სიკვდილის შიშის დაძლევა შეძლოს და ყოველდღიური ცხოვრების უსამართლობა, სამოთხის მოლოდინით შეიმსუბუქოს.

   მაშ ასე, შეგვიძლია დავასკვნათ – ,,ფარისევლობა მონური აზროვნების პროდუქტია. ფარისევლობა – ეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება! სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, ჩემო დემო, ფარისევლობა გახლავს საკუთარი მხდალობის დაფარვისა და კოლექტიური ცნობიერებისადმი დამორჩილების (ანუ მონობის) გამართლების ხერხი!

   – ჰავ-ჰავ!

   – ცხადია, ყოველივეს სათავე – თაობების ორმაგი სტანდარტების მორალით ცხოვრებაა. ქართველები მივეჩვიეთ ერთის ფიქრს, მეორეს თქმას და მესამეს კეთებას – ჩვენ ფარისეველთა ერად ჩამოვყალიბდით. ბოლო ლურსმანი კუბოს ფიცარში კი საბჭოეთმა დაგვაჭედა! ჯერ იყო უმოწყალო რეპრესიები, რამაც დაშინებულ ადამიანთა ერთობა – კოლექტივი და ახალი ,,ერის მამები” თუ ,,ზნეობის შუქურები” გამოჩეკა. კომუნისტური ინტელიგენციის მეცადინეობით საბჭოეთმა შეუძლებელი შეძლო – 50-იანი წლების შემდეგ საბჭოთა ადამიანისთვის მონობა ბუმებრივ მოთხოვნილებად გადაიქცა! 

   გამოგონილი ისტორია და მითები ქართველებს ძვალსა და რბილში გაგვიჯდა – მუდმივი მართლობით ტკბობის უძლიერესი ნარკოტიკი იმდენად აუცილებელი გახდა ჩვენთვის, რომ მის გარეშე ვერც კი ვძლებთ.

   ფარისევლობავ – ქართველების კისერზე გამობმული ლოდი უნდა გერქვას შენ!

    – წკავწკავ!

    – ახლა კი მთავარზე გადავალ: ფარისევლობავ, შენ გიმღერ ქებასა და გიძღვნი ათსა მცნებასა!

    – იეს!

1. ჭეშამარიტრი ქართველი და ფარისეველი – სინონიმებია: ჭეშმარიტი ქართველი მოვალეა მტრებისგან დაიცვას ეროვნული ფასეულობები; ფარისეველი კი, ერთი მხრივ, დარწმენებულია, რომ ივერია გაბრწინდება, ხოლო ინგლისი დაიძირება, და მეორე მხრივ, თავქუდმოგლეჯილი ოცნებობს ამერიკულ შმოტკებსა თუ იაპონურ ჯიპზე; 

2. ჭაშმარიტი ქართველის შეხედულებით, ქართველი ქალი წარმოადგენს უპრეცენდენტო წესიერებისა და სინაზის ნიმუშს. ქართველი ქალი შეიძლება ბოზობდეს კიდეც, მაგრამ მაინც ამერიკელთან შედარებით უპირობო უმანკოებასა და კდემას ინარჩუნებს!

3. თვალთმაქცი ვალდებულია საუბარში ხშირად იხმაროს არქაიზმები, ილაპარაკოს პათეტიკური ტონით. ფარისეველი გულისამრევად ხშირად ახსენებს სამშობლოს და მომაკვდინებელი კლიშეებით ჯერ თვითგვემით იწყებს – ,,ჩვენ ილიას ვესროლეთ“, ,,საბა წვერით ვათრიეთ“ – ხოლო შემდეგ იგივე ავტორიტეტებით მაღლდება – ,,ჩვენ შოთას, ილიას, აკაკისა და ვაჟას ერი ვართ!“;

4. თვალთმაქცის დევიზია: ,,ჰეროიკული წარსულისა თუ გმირების სათნოებების თავის თავზე პროეცირებიდან – საკუთარი პერსონის ქება-დიდებამდე!“. ფარისეველი უდრეკად მოხიბლულია საკუთარი სიწმინდითა და განათლებულობით;

5. ფარისეველი მუდამ ხაზს უსვამს, რომ ის ფულის, ტაშისა თუ ჩინ-მედლებისთვის კი არ ირჯება, არამედ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის კეთილშობილური იდეალები ამოძრავებს და მზადაა ეროვნული ღირსებისთვის თავიც გასწიროს.

6. თუ მლიქვნელს შეუვალი არგუმენტებით კედელზე მიაყენებ, ის ვალდებულია ხელიდან გაგისხლტეს და იწყოს თემიდან თემაზე ხტომა.

7. ჭეშმარიტ ქართველს რეალური საქმეები არც სჭირდება, ის წარმოსახვითი უპირატესობის რასისტული მითებით საზრდოობს. ფარისეველი მუდამ სხვისი გაკიცხვითაა გართული, რადგან მხოლოდ ასე წარმოჩინდება მისი არარსებული სათნოებები – ის მკაცრად შეაგონებს გარშემომყოფთ, არ განიკითხოო და იმავდროულად, გულში მუდამ იმეორებს ლოცვას: ,,ჩვენი ძალა – წარმატებულის ძაგებასა და სიძულვილშია!“.

8. ჭეშმარიტი ქართველი მუდამ სხვისი მორალის სადარაჯოზე დგას. მოვლენა, პიროვნება ან უკიდურესად უარყოფითი –,,იუდა” უნდა იყოს, ან კეთილშობილი – ,,ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი”. ის არ სცნობს შუქჩრდილებს, მისთვის მთავარია მორალური ნორმების ოდნავ დარღვევისას სასტიკი აღშფოთება;

9. ნამდვილი ფარისეველი ყველგან და ყველაფერში ეძებს ეშმას ხრიკებს (იგივე ,,666“), პოულობს კიდეც მათ და, რაც შეიძლება აბსურდული მითებით ასაბუთებს მსოფლიო მასონიზმის შეთქმულების თეორიას. ჭეშმარიტი ქართველი მოვალეა გააფთრებით ებრძოლოს არშემდგარ მამათმავალთა აღლუმებს!

10. დაბოლოს მთავარი! ჭეშმარიტი ქართველი გულით ,,ერთმორწმუნე“ რუსეთს ეთაყვანება, რასაც ასე გამოხატავს: ,,რუსეთმა ჩვენ გადაშებას გადაგვარჩინა! მართალია, დღეს ის ოკუპანტია, მაგრამ ამ გარყვნილ ამერიკელებს, ისევ რუსები მირჩევნია!“. შემდეგ ამ მერყევ კონსტრუქციას რუსული ლიტერატურის სიდიადით ამყარებს და ასე შეუმჩნევლად უყვარდება ვლადიმერ პუტინიც.

– წკმუტუნ-წკავწკავ...

P.S.

   ჩემო დემიკო, საკუთარი დიდებით ტკობას, რომ არ მივეცე, აქვე დავძენ... გემახსოვრება, თანამედროვე სარწმუნოების სახელოვანი აპოლოგეტი – მართალი ციალა... რაღა თქმა უნდა, მან მაჯობა და ეროვნული სულიერების არსი გაცილებით სხარტად ჩამოაყალიბა:

,,1. ქართველები უჯრედის დონეზე (მემბრანა, ციტოპლაზმა, მიტოქონდრიები, გოლჯის კომპლექსი, ლიზოსომები, რიბოსომები, ბირთვი და სხვა), გენეტიკურად (დნმ-რნმ), თქვენ წარმოიდგინეთ, ბიოქიმიურადაც (ცილები, ლიპიდები, ნუკლეინის მჟავა, ნახშირწყლები და სხვა) წმინდა სისხლის მართლმადიდებლები არიან. ეს, თავის მხრივ, გვაძლევს სითამამეს დავასკვნათ, რომ ივერიელები მართალ ერთა შორისაც კი ყველაზე ჯიშიანი მართლები ვართ!

2. ჩვენი რწმენა ერთადერთი სწორი სწავლებაა და ვინც მას არ მიიღებს ან ჯოჯოხეთის კუპრში ამოიხრუკება, ან გეენის უძღები მატლის ლუკმა გახდება!“.

  ისიც გემახსოვრება, დემარიონ ჩემო, რომ ამ ერთი ამოსუნთქვით წარმოთქმულ ტირადას მართალი ციკო იტალიური პარტიზანული სიმღერით ასრულებდა. მოდი, ჩვენაც მას ავყვეთ: ,,ავანტი პოპოლო, ალა რისკოსა, ბანდერა როსა, ბანდერა როსა...“.

– ყმუილ-ყმუილ-ყმუიი-ი-ილ...

სიურრეალისტ გენადისა და დემოს დიალოგი ჩაიწერა ზურა ოდილავაძემ, წელსა 2016, მკათათვე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები