ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მანანა თურმანიძე

საქართველო და ქალთა უფლებები

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   კაცობრიობის მიერ გამოგონილი ერთ–ერთი ყველაზე დიდი უზნეობა, ალბათ ქრისტეს მცნებების დამახინჯებული ინტერპრეტირებაა ძალადობის გასამართლებლად. როგორც ვიცით, ქრისტეს სწავლება ეფუძნება 10 მცნებას, რომლებიც ზოგადად ქრისტიანობის, და ცხადია, შესაბამისად მართლმადიდებლობის ძირითადი პოსტულატებია. ეს მცნებები სწორედ ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანურ ღირებულებებს ასახავს, როგორიც არის "არა კაც ჰკლა", რაც სამწუხაროდ არასწორად გაიგეს ადამიანებმა, როგორც ჩანს. სავარაუდოდ, მათ მიაჩნიათ, რომ ქალი კაცი არ არის და ის შეიძლება "ჰკლა"! ვფიქრობ არ უნდა იყოს საჭირო იმის მტკიცება, რომ სიტყვაში "კაცი" ამ შემთხვევაში მოიაზრება ზოგადად ადამიანი (homo sapiens) და არა მისი სქესი.

   აზრს მოკლებული და შეუძლებელია ბიბლიაში ან/და წმინდა მამების წერილებში, იყოს წახალისებული ქალთა მიმართ ძალადობა, ეს მხოლოდ ადამიანების არასწორი ინტერპრეტაციები გახლავთ, რადგან ადამიანი მიდრეკილია ისე გაიგოს ესა თუ ის ტექსტი, როგორც მას სურს. გავიხსენოთ იესოს დამოკიდებულება მარიამ მაგდალინელის მიმართ, რომელიც დღეს წმინდანად არის აღიარებული, ასევე მისი ცნობილი ფრაზა: "პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც უცოდველია", როდესაც მასთან მიიყვანეს მემრუშე დედაკაცი . ალბათ ამ მაგალითებით ჩვენთვის ნათელი ხდება, ვრცელდება თუ არა ქრისტეს სწავლება მიმტევებლობისა და გულმოწყალების, მოყვასის და მტრის სიყვარულის და შემწყნარებლობის შესახებ ქალთა მიმართ, თუნდაც "გზასაცდენილი", ან "ცოდვილი" ქალების მიმართ. ადამიანი ხომ ყველა ცოდვილია და სწორედ ამის ხაზგასმას ცდილობდა ქრისტე მისი ამ ფრაზით და შეაგონებდა ადამიანებს, რომ მათ ერთმანეთის განსჯის, მითუმეტეს დასჯის უფლება არ აქვთ! ასევე ქრისტიანული სწავლებაა: "არ განიკითხო და არ იქნები განკითხული!" თუმცა, რატომ არის ქმარსგაცილებული ქალი "გზასაცდენილი" გაუგებარია და ეს ცალკე თემაა.

   ქალი დაბადებიდანვე მიდრეკილია დედობისა და ოჯახის დიასახლისობისკენ, ეს მის ბუნებაშია ჩადებული. ამაზე თუნდაც პატარა გოგონების თამაშის მანერა მეტყველებს. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ, ბიჭებისგან განსხვავებით, ისინი ადრეული ასაკიდანვე ძირითადად თოჯინებით და როგორც წესი, სახლობანას თამაშობენ. ოჯახის და დედობის ინსტიქტი ბუნებით და გენდერული კოდით არის მინიჭებული ქალისთვის. თუკი ქალი არ შექმნის ოჯახს და არ გააჩენს შვილებს, ეს სავარაუდოდ მისი არჩევანი არ არის, სინამდვილეში, არც ერთ ქალს არ სურს იყოს მარტო, ან არეული ოჯახი ჰქონდეს. ყოველი ქალი ოცნებობს ტკბილ და თბილ ურთიერთობებზე, დიდ და დალაგებულ ოჯახზე, სადაც სიყვარული და ურთიერთგაგებაა. ქალი ფიზიკურად სუსტი არსებაა და ბუნებრივია ნატრობს დასაყრდენ მეუღლეს, რომლის გვერდითაც თავს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობს, ასევე ბევრ შვილებს, რომლებსაც ერთმანეთი და მშობლები ეყვარებათ, შემდეგ მათ შვილებს, ერთი სიტყვით დიდ ოჯახს, ამ ცნების კლასიკური გაგებით. თუკი ქალს ეს ყველაფერი არ აქვს, ეს მისი ბრალი, ან მხოლოდ მისი ბრალი ნამდვილად არ არის, ეს შეიძლება გარემოებების ბრალი იყოს, რომელთა ცენტრშიც ხშირად მამაკაცი დგას.

   ეჭვის შეტანა იმაში, რომ ქრისტე არ იყო შემწყნარებელი ქმარსგაცილებული ქალბატონების მიმართ, უბრალოდ მკრეხელობაა. ეს ალბათ ნებისმიერ ჭეშმარიტ ქრისტიანს უნდა ესმოდეს. მისი სიტყვები: „რომელმან განუტევოს ცოლი თვისი, თვინიერ სიძვისა და სხვა შეირთოს, იმრუშებს და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიც იმრუშებს“ - მეტ პასუხისმგებლობას მამაკაცს ანიჭებს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში და არამც და არამც მხოლოდ ქალს. დღეს, 20 საუკუნის შემდეგ, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია, არა მხოლოდ ქრისტიანისათვის, არამედ ნებისმიერი ცივილური საზოგადოების წევრისთვის.

კარგა ხანია საქართველოში ქალთა ორგანიზაციები ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოჯახში ძალადობას, რომელიც შეფარული ძალადობის სახეს ატარებს. თუმცა ძალადობის ჩვენში გავრცელებული არაერთი ფორმა, ისევ და ისევ რჩება ტაბუდადებულ თემად, შესაბამისად, ხშირად არც მათი გამოვლენა ხერხდება და ვერც მათ აღსაკვეთად ტარდება ეფექტური ღონისძიებები. ქალთა მიმართ ძალადობის ჩვენში გავრცელებულ ფორმებს შორისაა, ისეთი ქმედებები, როგორიც არის: სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, ადრეული ქორწინება, სექსუალური შევიწროვება სამუშაო ადგილებზე თუ საზოგადოებრივ ადგილებში, და სხვა.  სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოების გულგრილობის შედეგია, რაც დღეს ჩვენში ხდება, გაღებული მსხვერპლი კი უდაოდ დიდია. ჰუმანური და ცივილური საზოგადოება არ უნდა იყოს შემწყნარებლური ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლინებასთან სუსტების მიმართ. ბაბშვებისა და ქალების მიმართ ძალადობა ჩვენი ცხოვრების ატრიბუტი არ უნდა იყოს და ნორმად არ უნდა აღიქმებოდეს, ჩვენ ხომ ქრისტიანები და ბოლოსდაბოლოს ცივილური ადამიანები ვართ?!

   არ იყო შემთხვევითი არც ის რეაქცია, რომელიც გამოიწვია არცთუ დიდი ხნის წინ "ანტი-დისკრიმინაციული კანონი"-ს მიღებამ საქართველოში. ხალხის გარკვეული კატეგორია აპროტესტებდა იმას, რის შესახებაც სრული წარმოდგენა არ ჰქონდა, ან უფრო სწორად სრულიად არ ჰქონდა წარმოდგენა. ერთ-ერთ ლექციაზე ასეთ "გამპროტესტებელ" ყმაწვილებს კითხვა დავუსვი, იცოდნენ თუ არა სიტყვა "ანტი-დისკრიმინაციული"-ს მნიშნელობა.  აღმოჩნდა, რომ ჯგუფში, რომელიც ამ კანონის მიღების წინააღმდეგ ყველაზე მეტად აქტიურობდა, არავინ არ იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც მე მათ განვუმარტე, რომ დისკრიმინაცია ეს ჩაგვრაა, ხოლო ანტი-დისკრიმინაციული კი ჩაგვრის საწინააღმდეგოს ნიშნავს, დავინტერესდი, თუ ვინ იყო ჩაგვრის-საწინააღმდეგო კანონის მიღების მომხრე. აღმოჩნდა, რომ არცერთი მათგანი აღარ იყო ამ კანონის წინააღმდეგი, პირიქით, მომხრეების გუნდში გადაინაცვლეს! ვფიქრობ, რომ ადამიანები ხშირად უცოდინარობის გამო აკეთებენ მცდარ დასკვნებს და ცხადია, ვერც აცნობიერებენ, რომ ამის მიზეზი გაუნათლებლობაა. სწორედ ამიტომ, ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება ამ შემთხვევაში ერთად-ერთი გამოსავალია. დაწყებული საჯარო სამსახურებიდან, სამოქალაქო სექტორით და მოსწავლე–ახალგაზრდობით დამთავრებული, ყველა უნდა აცნობიერებდეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულლებების მნიშვნელობას, იმას, თუ რას ნიშნავს უფლებები და თავისუფლებები, რომ დისკრიმინაცია ჩაგვრაა და ანტი–დისკრიმინაციული აქედან გამომდინარე ცუდი ვერ იქნება, რომ გენდერი სალანძღავი და "სექსუალური" სიტყვა არ არის და ანტიქრისტეს მოსვლაზე სულაც არ მეტყველებს მისი გამოყენება, და არც ცუდი ტონი და უღმერთობა არ არის მასზე საუბარი, რომ გენდერული ურთიერთობები, ეს ის ურთიერთობებია, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში ჩვენგან დამოუკიდებლად გვხვდება ყოველ წამს და მათ (ამ ურთიერთობებს) შესწავლა და გაანალიზება სჭირდება, რომ ეს არ არის სექსუალური ურთიერთობები და რომ გენდერი სექსი არ არის, და ა.შ.

   ზოგადად, ადამიანის უფლებათა კონცეფცია საზოგადოებაში თანასწორუფლებიანობის პრინციპებს ეყრდნობა. მისი მთავარი მიზანი და ამოსავალი წერტილი, რომელიც ლეიტმოტივივით გასდევს ამ მიდგომას, არის ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციის (ანუ ჩაგვრის) პრევენცია ან/და აღმოფხვრა. ყოველ ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები, მინიჭებული საერთაშორისო კანონმდებლობით და ეს არის თანამედროვე, ცივილური სამყაროს უდიდესი მიღწევა. თუმცა, კიდევ უფრო მეტი მიღწევა იქნებოდა, ამ კონცეფციის სრულად და დაუყოვნებლივ განხორციელება რომ იყოს შესაძლებელი ადგილებზე. მიუხედავად ამისა, ეს უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯია კაცობრიობისათვის, რადგან, მისი წყალობით ადამიანები აცნობიერებენ თანასწორუფლებიანობის სიკეთეებს და ეზიარებიან ამ ზოგადსაკაცობრიო, პროგრესულ ფასეულოებებს. ცხადია, ყველგან ერთნაირი ტემპით არა, მაგრამ მეტ–ნაკლებად საგრძნობი ხდება აღნიშნული კონცეფციის ზეგავლენა საზოგადოებათა განვითარების ტემპებზე და განწყობებზე, მათ დამოკიდებულებებზე. აღსანიშნავია, რომ. რაც უფრო დემოკრატიულია სახელმწიფო, და შესაბამისად საზოგადოება, მით უფრო მეტად დაცულია ადამიანის უფლებები, რაც სწორედ თანასწორუფლებიანობაშია გამოხატული. რაც შეეხება ჩვენში ხშირად არასწორად გაგებულ გენდერული ურთიერთობების საკითხს, რომელიც დაძაბულობას და გაურკვევლობას იწვევს, ის ნიშნავს მამაკაცებსა და ქალებს შორის სოციალური როლების და ურთიერთობების გარკვევას, მათ დაბალანსებას და არ არის გამიზნული ამ ურთიერთობების დაძაბვისაკენ. პირიქით, გენდერული ურთიერთობების შესწავლა ემსახურება საზოგადოებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის გაძლიერებას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა შორის.

   თანასწორუფლებიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, ეს არის ფუნდამენტური ღირებულებები ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელთა დაცვაც ჩვენი ვალდებულებაა, რადგან ჩვენი სახელმწიფო მიერთებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვა სახელმწიფოსთვის, მისი ხელისუფლებისთვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, მოვალეობას წარმოადგენს. ის, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორი უფლებებით სარგებლობენ, არავისთვის შეურაცხყოფა არ არის, პირიქით, ეს საზოგადოების ჯანსაღ და სწორ განვითარებაზე მიუთითებს. სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, განვითარებული ეკონომიკების სახელმწიფოებში საჯარო სამსახურში მაღალ პოზიციებზე და გადაწყვეტილების მიმღებ ქალთა რაოდენობა საგრძნობლად მაღალია. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მიუხედავად მისი აზიური წარმოშობისა, ერთ–ერთ ასეთ სახელმწიფოდ გვევლინება ჩინეთი, რომლის ეკონომიკის ბუმმა ბოლო ათწლეულებია მთელი მსოფლიო აალაპარაკა. 

   ზოგადად, გახშირებულ აგრესიას გაუნათლებლობა იწვევს. ცხადია, გაუნათლებელი ადამიანი ნაკლებად მოაზროვნეა და მეტად აგრესიულია, ის უხეშია და მეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ვიდრე განათლებული და ერუდირებული ადამიანი, რომელიც ინფორმირებულია, ფართო თვალსაწიერი აქვს და ამდენად უფრო ჰუმანურია, მისი ქცევა კი მეტად დახვეწილია. ამიტომ, ამ კუთხით დასავლური ღირებულებების გაზიარება, მათი გამოცდილების შესწავლა და საკითხის ანალიზი, ინფორმაციის მიწოდება, ალბათ უნდა იყოს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ქვაკუთხედი. აქედან გამომდინარე, ცხადია, მას–მედიის და კომუნიკაციის როლი შეუცვლელია ყველა დონეზე. სწავლება, ლექცია–სემინარები, თოქ–შოუები, ინფორმაციის გაზიარება, ვფიქრობ გამოსავალი უნდა იყოს, თორემ გენდერული ურთიერთობების დაძაბვის მძაფრმა შემოტევებმა უკვე კარგა ხანია საგანგაშო ფორმები მიიღო. დღევანდელ საქართველოში ქალის მიმართ პატივისცემის გამოხატის აშკარა დეფიციტია. ამას მასშტაბურმა ურბანიზაციამაც შეუწყო ხელი. სამწუხაროდ დღეს თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის არაპროპორციულად დიდი რაოდენობა, რაც დედაქალაქელების ქცევის კულტურაზეც მძაფრად აისახა. მათ ევროპული ქცევის წესი და თავისუფლება ნიჰილისტურ განწყობაში და ყველაფრის ნიველირებაში ერევათ და ეს მიაჩნიათ ევროპელობად.

   ჩვენ რატომღაც უარი ვთქვით ისეთ კარგ ტრადიციებზე, რომლებიც ჩვენს ერს გენეტიკურ მეხსიერებაშიღა შემორჩა, როგორიც არის მანდილოსნისათვის გზის დათმობა, ტრანსპორტში ადგილის დათმობა, ქალბატონის, მითუფრო ასაკით უფროსის ოთახში შემოსვლისას - ფეხზე წამოდგომა და ა.შ. დღეს მსგავს მანერებს მხოლოდ ძველი თაობის წარმომადგენლებს შორის თუ შეხვდებით, რაც სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება, გასაგები მიზეზების გამო, ის თაობა მიდის. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ჩვენი დასავლური კურსის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოება რატომღაც აღმოსავლური კულტურის ზეგავლენას მეტად განიცდის, სადაც ქალი მამაკაცის მონა უფროა, ვიდრე თანასწორი და თანამეინახე. ამ კუთხით ჩვენი ხედვა, ალბათ ისევ ეროვნულ ტრადიციებზე უნდა შევაჩეროთ, სადაც ქალი ყოველივე საკრალურის საწყისთან იყო გაიგივებული. სწორედ ამის დასტურია ჩვენს ენაში არსებული სიტყვები და ცნებები - დედამიწა, დედაქალაქი, დედაენა, დედაბოძი, და ა.შ.  სიტყვა მანდილოსანიც ხომ სწორედ ქალის კულტის ძველ ტრადიციას მოგვაგონებს, სადაც ქალის მიერ მანდილის ჩაგდების შემთხვევაში, მამაკაცებს არ ჰქონდათ უფლება ორთაბრძოლა გაეგრძელებინათ. იქნებ ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს მაინც მივსდიოთ, თუკი ახლის და უცხოს გაზიარება არ გვსურს და არ ხელგვეწიფება, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენი ტრადიციები არანაკლები და ზოგჯერ უპირატესიც კი გახლავთ. სწორედ ქართული უნიკალური ტრადიციაა, ოჯახის დედას დედაკაცი უწოდო, რაც დღეს ისე იქნა გაგებული, თითქოს ქალი ოჯახში კაცივით უნდა შრომობდეს, კაციც უნდა იყოს და ქალიც. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დღეს, უმეტეს შემთხვევაში ასეც არის, ქალი არჩენს ოჯახს, ზრდის შვილებს, შრომობს მამაკაცზე მეტს, მაგრამ ფიზიკურად სუსტია და ამდენად უუფლებოა, ხოლო თუკი რაიმე შეეშალა, მკაცრი განსასჯელი არ ასცდება. საინტერესოა, სად მოიაზრება აქ, ამ ქცევაში ან ღმერთი და ან სამართალი?!

   გული მწყდება იმ თბილისზე, რომელშიც ეს ურთიერთობები მოწესრიგებული იყო, ქალის პატივისცემა იცოდნენ მამაკაცებმა და არც ამაზე საუბარი იყო საჭირო. დღეს კი ასე აღარ არის, ბრგე ვაჟკაცებს ტრანსპორტში წამოსკუპულებს რომ ვხედავ, მაშინ, როდესაც ხანდაზმული ქალბატონები ფეხზე დგანან, განსაკუთრებით შემომაწვება ხოლმე იმ თბილისის ნოსტალგია. თუმცა, რა დროს ტრანსპორტში ადგილის დათმობაზეა საუბარი, ქალების მიმართ გახშირებული ჰომიციდის პრობლემა ვერ მოგვიგვარებია! ერი, რომელიც მუდმივად ვითარდება - პროგრესს განიცდის, ხოლო სისტემატიური რეგრესი კი დეგრადაციას იწვევს. ვისურვებდი, რომ ჩვენს საზოგადოებაში რეგრესი პროგრესმა ჩაანაცვლოს და იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე ოდესღაც ვყოფილვართ! ჩვენს წინაპარს უთქვამს, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო!

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები