ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

,,კლასიფიკატორი”- მერო და მისი ვირტუალური ქალები (,,ქართველების ექვსი ვნება” – ნაწილი II)

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

1. მერო

 გასაოცარი იყო ჩვენი გმირის, მერაბის მიდრეკილება საგანთა, ადამიანთა თუ ცნებათა კლასიფიცირებისადმი. ნებისმიერ მოვლენაზე დაფიქრება, აუცილებლად სრულდებოდა მისი განმასხვავებელი ნიშან-თვისებების მიხედვით ჯგუფებად დაყოფით. ასე ჰქონდა მეროს ყველა და ყველაფერი წარმოსახვით თაროებზე განაწილებული – მხოლოდ ამოცანის გადაწყვეტის ამგვარი მეთოდი ამშვიდებდა მის მუდამ მშფოთვარე ტვინს. დროთა განმავლობაში ეს აკვიატება მეგობრებმაც შეამჩნიეს და ნახევრად ხუმრობით მერო-,,კლასიფიკატორი“ უწოდეს.

   იგივე დაყოფის მეთოდით მიუდგა საწინააღმდეგო სქესსაც, ოღონდ ამ შემთხვევაში თემა მეტისმეტი დაკვირვებითა და სკრუპულოზურად განიხილა – ქალები ხომ მეროს სუსტი ადგილი იყო, მუდმივი გულის კვნესისა და აჩუყების მიზეზი. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, აიღო, ქართველი ქალის ძირითადი ფსიქოტიპები ჩამოაყალიბა და ,,ფეისბუკზეც“ დადო...

   ...აქვე მერაბის კიდევ ერთ, უცნაურ თავისებურებაზეც ვიტყვი. მამაკაცის ერთადერთ ოთახში ყველა საგანი თუ ნივთი მეროს დესპოტურ გეომეტრულ დიქტატს ემორჩილებოდა. ეს სიმეტრიისა და პარალელიზმის იდილია წარმოადგენდა მისი სულიერი სიმშვიდის ღერძსა და მკაცრი მეთვალყურეობის საგანს. საკმარისი იყო, სტუმარ ქალბატონს ამ  კოსმიურ წესრიგში შემთხვევით მინიმალური ცვლილება შეეტანა, რომ მერო მეტად ღიზიანდებოდა, მაგრამ ,,უსაყვარლესი“ და ,,თვალებციმციმა“ ღვთაების დასანახად ამას არ იმჩნევდა. როგორც კი ,,სექსოდრომში“ რომანტიკული პაემანი სრულდებოდა და მორიგ შეყვარებულს სახლამდე აცილებდა, შინ დაბრუნებული მამაკაცი, პირველ ყოვლისა, საგნებსა თუ ნივთებს თავის პირვანდელ ადგილს უბრუნებდა.

   შეუძლებელია საბოლოდ დაასკვნა – იყო ეს ასაკში შესული მამაკაცის აკვიატება თუ რაიმე ტიპის ფსიქიკური აშლილობა, მაგალითად – შიზოფრენიისა თუ აუტიზმის დუნედ მიმდინარე ფორმა, ან პერფექციონიზმისა თუ ნევროზის გამოხატულება? კიდევ უფრო ძნელია დაადგინო უშუალო ან თუნდაც სიღრმისეული კავშირი – მერაბის ხასიათის აღწერილ თვისებებსა და იმ ამბებს შორის, რომლებზეც ქვემოთ მინდა მოგითხროთ, მაგრამ, რატომღაც, მაინც აუცილებლად მივიჩნიე გმირის ამ უცნაურობებზე დეტალურად შეჩერება.

2. ფიქრები ქალებზე და... ახალი კლასიფიკაციაც – არის!

 მერო ქალისა და კაცის ურთიერთობების საკითხს ჩაუღრმავდა. ,,დესკტოპზე“ ,,პაპკა“ გაშალა და ჩაწერა: ,,ხშირად გაიგონებ და მართალიცაა – კაცისთვის ქალი ამოუცნობი ფენომენია, მას ბოლომდე ვერც ამოწურავ და ვერც ჩაწვდები. გასაკვირიც არაფერია – ზოგადად, ადამიანის პიროვნებაც უშრეტია. იმავდროულად, არის ქალზე ამგვარი შეხედულების ერთი მიზეზიც – ქვეყნიერების შექმნისა თუ სხვა ფუნდამენტურ პრობლემებს კაცი გაცილებით ნაკლებ დროსა და ყურადღებას უთმობს და ამის გამო, შესაძლოა ეჩვენება, რომ ქალი უფრო რთულია, ვიდრე დანარჩენი სამყარო...“,– ამ ღრმად ფილოსოფიური განსჯის შემდეგ მოდიოდა ფრიად უცნაური, თითქოს უადგილო, მინაწერი: ,,...რაც მე შემეხება, არ მოვერიდები და აღვნიშნავ შემდეგს: შემიძლია გულწრფელად ვაღიარო – ვერ ვხვდები, რატომ იპრანჭებიან ხოლმე ჩემთან ქალები ზომაზე მეტად და, მიუხედავად საკმაო ასაკისა, რატომ საჭიროებენ, ამა თუ იმ სახით, რაღაც განსაკუთრებულ მონდომებასა თუ ხვეწნას? რატომ?!.. უფრო რომ დავკონკრეტდე და უხეშ რეალიზმამდე დავიდე, ვაღიარებ რომ  ვერცერთხელ ვერ გამოვიცანი მიზეზი და, ალბათ, ცხოვრების ბოლომდეც ვერ გავიგებ, თუ რატომ არ წვება ჩემთან ესა თუ ის მდედრი – მე ხომ მასთან სექსისთვის მზად ვარ და ამას სასიყვარულო გზავნილებითა თუ შესაბამისი ქცევით აშკარად გამოვხატავ? მაინც რატომ, რა მიზეზით, რას მიწუნებს?..

   35 წლის ზემოთ ასაკის ქართველ ქალებს კვლავ უჭირთ სექსზე გადაწყვეტილების მიღება – რაოდენ მოწინავე და პროგრესულიც არ უნდა იყოს ის, პრაქტიკულად, ყველა ქალი უშუალოდ სექსის მომენტზე ,,ჭედავს“ და რაც შეუძლია დებს მას; დამატებით, უსექსო საბჭოეთში მამრებმა ქალი ისე მიაჩვიეს თხოვნასა და მუდარას, რომ ის დღესაც ცდილობს, არ დანებდეს. ამ დროს ქალი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტად გაუჯინიანდება მამაკაცს, მით უფრო შეიყვარებენ... და ხშირად გაწბილებულიც რჩება – ხვეწნის ეპოქა დასრულდა“.

   ამის შემდეგ მოდიოდა კვლავ ზოგადი განსჯა: ,,ისე, ქალისა და კაცის ურთიერთობებზე დგას სამყარო, ყოველივე დანარჩენი მეორადია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამყარო ამისთვის შეიქმნა და სხვა დანარჩენი მხოლოდ ამ ურთიერთობების ხელისშემშლელ თუ შემწყობ დეკორაციად დაწესდა.

   ჰო, არ გამომრჩეს! არ შეიძლება ქართველი ქალის ამ თავშეკავებულობასა და გაუბედაობაში მხოლოდ ის დავადანაშაულოთ. ქართველი მამრების ყველაზე მასობრივი სპორტი ხომ ასეთია: უფულოებისთვის – ეზოში ,,ტრუხა“ პლანის მოწევა, ლუდის სმა და დომინოს ჭახუნის ფონზე მორიგი მთავრობის გინება; შედარებით მდიდრებისთვის უფრო დახვეწილი სახეობა – რესტორანი, სადღეგრძელოები, კაი სმა-ჭამა და ისევ მორიგი მთავრობის გინება; მესამე განცალკევებით მდგომი ,,ელიტური“ ჯგუფი – წამლის კეთება, მაგარი პლანის მოწევა და კვლავ მორიგი მთავრობის გინება“.

   მერომ სიგარეტს მოუკიდა და უცებვე ჩააქრო – აზრების მოზღვავება ჩიბუხის გაღვივებას მოითხოვდა. თამბაქო გატენა და გააბოლა... ღამის ძილის დრო ახლოვდებოდა, დღის გეგმას გადახედა, გაკეთებული საქმეები გადაშალა. შემდეგ კვლავ კომპიუტერის ეკრანს მიუბრუნდა და ქალთა ნაირნაირი სიები და ჯგუფები დაკვირვებით შეისწავლა, საბოლოოდ გააანალიზა და მორიგი კლასიფიკაციის შედგენას შეუდგა – ამჯერად ნუსხის დასახელება ასე გამოიყურებოდა:

ქალის სექსუალური პორტრეტი – სექსუალური ფსიქოტიპები:

1. ,,მუდამ მართალი, ტოტალიტარული დეიდები“ – უმანკოებაზე შერყეულები ანუ კდემამოსილი მრუშები;

2. ,,გადაქალებულები“ – ვინც გსურდა და ვერ თუ არ გაჟიმე, შემდეგ დაქალი გახდა, ურთიერთობამ მშვიდი ხასიათი შეიძინა, ოღონდ სიყვარული და ლტოლვა ბოლომდე არ ჩამქრალა;

3. ,,პუტანები“ – ტელეფონით გამოძახება, ასი ლარიდან – ას დოლარამდე;

4. ,,სასოწარკვეთილი დიასახლისები“ – კარგ გაჟიმვას მონატრებული, გათხოვილი თუ გაუთხოვარი, უფუნქციოდ დარჩენილი ქალები, რომელთაც გული უწუხთ სიმარტოვისა და ყოველდღიურობის წნეხისგან. ეს მდედრები თავიანთ ნდომას ხშირად პოეზიასა და უსაზღვრო რომანტიკულობით ფუთავენ და ინტერნეტით დაუსრულებელ პოლიგამიურ ფლირტს ეწევიან. შეიძლება ითქვას, მათ სრულიად დაავიწყდათ კიდეც, რომ არსებობს რეალური სამყარო და ასეთივე სექსი;

5.,,ახალგაზრდები“ – 20-30 წლის, ოიდიპოს კომპლექსის გამო, ბევრად უფროსებით დაინტერესებულები;

6. ,,წარმატებულები“ – მდიდარი, საქმიანი, კარგმანქანიანი ქალები, მაგარ კაცზე (ტვინის მოტყვნის გარეშე) მონდომებულები;

7. ,,ვირტუალები“ – ძირითადად, გათხოვილი ქალები ან გაუთხოვარი და ახალგაზრდა ქალიშვილები იგივე უმანკო მრუშები;

8. ,,ლოკოკინები“ –  უარყოფითი გამოცდილებით, მამაკაცისგან მიყენებული დიდი ტკივილით, სიყვარულზე საბოლოოდ გულაცრუებულები, ნიჟარასავით ვირტუალურ სამყაროში სამუდამოდ ჩაკეტილები, რომლებიც კატეგორიულად არ ექვემდებარებიან რეალურ სამყაროში ,,განსხეულების” აქტს;

9. ,,გადამგდებები“ – სექსუალური სურათებით ფულის ჩარიცხვის მოყვარულები ანუ აფერისტები;

10. ლეზბიანკები, ტრანსვესტიტები – გასაგები მიზეზების გამო, ეს ჯგუფი გამოუკვლეველი დამრჩა;

11. ,,გრუპენსექსის“ მოყვარულები – ორი ქალი (ეჰ, დაუვიწყარი დუეტი!);

12. სადომაზოხისტები;

13. ინცესტის მაძიებლები;

14. ,,საზღვარგარეთელები“ – ნოსტალგიით შეპყობილები და მშობლიურ ქართველ კაცებს მონატრებულები;

15. ,,მეოცნებე ინტელექტუალები“ – ძალიან ძნელად ექვემდებარებიან ,,განსხეულებას”, ძირითადად, შემოიფარგლებიან ინტერნეტით და, სავარაუდოდ, კმაყოფილდებიან ,,ფსიქიკური ორგაზმითა“ თუ მასტურბაციით“.

  თითქოს დაასრულა... კვლავ ჩიბუხს მოუკიდა... და მეხსიერებაში ერთი მეტად უცნაური ინტერნეტ-გაცნობა ამოუტივტივდა:

  განცალკევებით შენახული ორი წერილი გახსნა:

Alen Delon: ,,მერო, რა ვქნა, ხელს მკრავ, მაგრამ მაინც ვერ გელევი.................... :))) ... მინდაააა!

 მერო კვლავ წერას შეუდგა: ,,რომ არ ვიცოდე მისი სქესი, ვნებიანი ქალის სასიყვარულო ბარათი მეგონებოდა! რა არის ეს, თუ არა ძლიერი ვნება, ლტოლვა, სიყვარული? ამ შემთხვევაში ცალმხრივი, უპასუხო, მაგრამ ის ხომ აშკარაა?! ნუთუ ამ სიტყვებიდან არ ჩანს გრძნობის სიღრმე, რომანტიზმი, იმედი? არა?! ვინ დააწესა, რომ ამ ლტოლვას არ აქვს არსებობის უფლება და ის ასე სასტიკად უნდა იდევნებოდეს? აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მაღალი ცივილიზაციის ქვეყნებშიც კი, ტრადიციული ორიენტაციიდან გეი-ლეზბო-გადახვევები, აღიქმება როგორც პრობლემა. 

   ...როგორც ჩანს, ყველა მამრში, მეტ-ნაკლებად ბუდობს მამათმავალი. უბრალოდ, ზოგმა პირველად ამ ხერხით დაიკმაყოფილა სექსუალური ვნება. შემდეგ ეს გზა ადვილი და ჩვეული შეიქნა. ბოლოს, ჩამოყალიბდა ადამიანი, რომელსაც მხოლოდ კაცებზე უდგება... ჩვენ, ,,ტრადიციონალისტებს” ასე არ შეგვემთხვა, ,,გაგვიმართლა“ – გეტეროსექსუალურ გარემოში გავიზარდეთ! ვითომ მხოლოდ ამიტომ არის ჩვენი ორიენტაცია ნორმალურად მიჩნეული?

   დასკვნა. დიდწილად, გარდა წმინდა ჰორმონალური ფაქტორებისა, შიში მართავს ჩვენს ,,სპეტაკ” ორიენტაციას, საზოგადოებიდან გარიყვის დიდი შიში. სავარაუდოდ, ლესბოსური სიყვარულის საფუძველშიც ამგვარი ფაქტორები დევს“.

  სულ ახლახანს დასრულებულ კლასიფიკაციას კიდევ ერთხელ გადახედა და მიაწერა: ეჰ, სქესიც არ ყოფილა მყარად ფიქსირებული რამ და ამიტომ პრობლემას ღიად ვტოვებ და მოვეშვები მასზე ფიქრს... წინ, ახალი სექსუალური გამარჯვებებისკენ, წინ!“.

 ზურა ოდილავაძე, 2016 წელი – ,,ქართველების ექვსი ვნება“, თავი 6. მამაკაცი და ქალი – ფარისევლობა

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები