ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მანანა თურმანიძე

ქართველთა ჩაგვრა 21 საუკუნის საქართველოში

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   სამწუხაროდ, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, უცხოელების მხრიდან ქართველთა ჩაგვრა საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების უფლებები მწვავედ დადგა დღის წესრიგში დღეს, 21 საუკუნეში. ადგილობრივების ცემის გახშირებული ფაქტების ფონზე არ ცხრება პოლემიკა ამ თემაზე საზოგადოებაში და ცხადია მას მედიაშიც. ჩინელების მიერ ქართველების ცემის ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდა წევრი, ლადო სადღობელაშვილი ასე ეხმაურება ამ მოვლენას მის ფეისბუქის გვერდზე: “ახლა არ დამიწყოთ შოვინისტური განწყობებიო და ფაშიზმიო! ნურას უკაცრავად, ჩვეულებრივი სოლიდარობა საქარათველოს მოქალაქეებს! საქართველოს მოქალაქე დაუცველია საკუთარ ქვეყანაში! ეს მხოლოდ ჩინელებს არ ეხება! თურქები და არაბები არა ნაკლებ ფუფუნებაში არიან - მედია ხელოვნურად ახშობს და არ აშუქებს მსგავს შემთხვევებს, თუმცა მერწმუნეთ, ქვეყნად უარესებიც ხდება. .. საქართველოში არ არსებობს ჩამოყალიბებული საემიგრაციო კანონი, სამაგიეროდ არსებობს უცხოელის პატივისცემა და ზედ გადაყოლა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. პროტესტი ჩინურ მაღაზიებს! პროტესტი თურქულ კაფე-ბარებს! პროტესტი მანამ, სანამ უცხოელებისთვის ნათელი არ გახდება, რომ საქართველოში არ შეიძლება იძალადო საქართველოს მოქალაქეზე!“ - წერს სადღობელაშვილი. (იხ. ბმული ქვემოთ)

   სამწუხაროდ ახლოა ჩვენს რეალობასთან, მაგრამ ეს საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე გადასაწყვეტი პრობლემაა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვარდეს მოქალაქეების დონეზე, თორემ ამან შესაძლოა კატასტროფამდე მიგვიყვანოს.  ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლების მხრიდან დაცულია უპირველეს ყოვლისა საკუთარი მოქალაქეების უფლებები. სხვათაშორის, შვეიცარიაში შვეიცარიის მოქალაქე განუზომლად დიდი პრივილეგიებით სარგებლობს ნებისმიერ მიგრანტთან ან ქვეყნის სტუმართან შედარებით, და ეს კანონმდებლობის დონეზე ხდება. მაგალითად, თუკი შვეიცარიის მოქალაქე არ ხართ და თქვენთვის ბინის ყოველთვიური საფასური დაუშვათ 5,000 შვეიცარიული ფრანკია, ადგილობრივისთვის შესაძლოა ამის ნახევარი იყოს, მაშინ, როდესაც ანაზღაურება პირიქით, ადგილობრივისთვის თუ 5,000 შვეიცარიული ფრანკია, თქენთვის დიდი ალბათობით ნახევარი იქნება (ან ნაკლები). იქ ყველა დონეზე, ადგილობრივი მოსახლეობა კარგად დაცული და პრივილეგირებულია. სწორედ ამიტომ, შვეიცარიაში არალეგალური მიგრაცია ნაკლებია და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ძალიან ძვირი ქვეყანაა. რასაკვირველია, შვეიცარიას არ ვედრებით, თუმცა, მითუმეტეს, თუკი მოწინავე დასავლური, დემოკრატიული და ნეიტრალური სახელმწიფო ამის უფლებას აძლევს საკუთარ თავს მიგრანტებთან მიმართებაში, ხომ შეიძლება ჩვენთან საკუთარი მოქალაქეების ელემენტარული უფლებები მაინც იყოს დაცული?! ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ პირიქით ხდება, ისედაც უკვე მრავალგზის შევიწროვებული და დაჩაგრული მოსახლეობის უფლებები უგულვებელყოფილია. ეს არ ახალია, ძველია, ასე იყო ოდითგან და ამაში ალბათ ჩვენი მენტალობის ხელი ურევია, მაგრამ ერთი კი ცხადია, ეს ხელისუფლების დონეზე გადასაჭრელი პრობლემაა და ამაზე რეაგირება სწორედ ხელისუფალთ მოეთხოვებათ, თუკი რასაკვირველია ეროვნული ხელისუფლება გვყავს და ეს საკითხები ისევე აწუხებს, როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობას. შეიძლება ვინმეს ხმამაღალ განცხადებად მოეჩვენოს, მაგრამ ზოგადად მიჩნეულია, რომ ხელისუფლება, რომელსაც ხალხის აღარ ესმის და არ ზრუნავს მათი ინტერესებისთვის, არ შეიძლება იწოდოს ეროვნულ ხელისუფლებად.

   საემიგრაციო კანონის თემა მართლაც აქტუალურია. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და ბიზნესმენთა ექსპანსიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ეს გლობლიზაციის ნაწილია, ასევე საბაზრო ეკონომიკის პრინციპია და ამას ვერსად წაუხვალ, მაგრამ დღეს, დიდი ფულით ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქე, აპრიორი დიდი უპირატესობით სარგებლობს ჩვენს გაღატაკებულ და კლებად მოსახლეობასთან შედარებით, რომელიც სიღატაკის და დაუცველობის წყალობით დაბეჩავებულია, დემოგრაფიის პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ! ამით სარგებლობენ სხვადასხვა ჯურის არაკეთილსინდისიერი უცხოელი "ბიზნესმენები" და მათ სრულიად დისკრიმინაციულ პირობებში აყენებენ, ამუშავებენ ბევრს, უხდიან ცოტას, აკავებენ მათთვის ღირსებისშემლახველ სამუშაოებზე ან ღირსებისშემლახველ პირობებში და ა.შ.

   ხშირად, მოქალაქემ არც მისი უფლებების შესახებ იცის რაიმე და არც სახსრები აქვს საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლოს მიმართოს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ქმედებებით უნდა იქნას დაცული ბალანსი, რომ ადგილობრივი მოქალაქე უცხოელთან შედარებით პრივილეგირებული თუ არა, თანასწორუფლებიანი მაინც იყოს. ასევე, გადასახედია შრომის კოდექსი, უნდა დაწესდეს ანაზღაურების გონივრული მინიმალური ზღვარი და განისაზღვროს ნორმები დაქირავებული მოქალაქის შრომის პირობების შესაქმნელად. აუცილებელია დაცული იქნას მოქალაქის შრომითი უფლებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები ძალიან ხშირად საკუთარ ქვეყანაში ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. იცის რა მათი უუფლებობის და დაუცველობის შესახებ, ბევრი უცხოელი "ბიზნესმენი", განსაკუთრებით კი აღმოსავლური კულტურიდან მიგრირებული, ბოროტად სარგებლობს მათი უუფლებობით, დაუცველობით და არაპრივილეგირებული მდგომარეობით, ამიტომ თავს უფლებას აძლევს დაჩაგროს, არ გადაუხადოს ღირსეული ანაზღაურება, არ შეუქმნას შრომის სათანადო პირობები, ზოგჯერ ფიზიკურადაც კი გაუსწორდეს. გასაგებია, რომ ეს მათი კულტურის ნაწილია, მაგრამ რამდენად არის მისაღები ეს პრაქტიკა ჩვენთვის, დასავლური ღირებულებების და ევროპული სამყაროსკენ მომზირალი სახელმწიფოსთვის?! ამ პრაქტიკის დანერგვა ჩვენთან მიუღებელია და ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა გაირკვეს და არა საზოგადოების დონეზე, თუმცა საზოგადოების მხრიდან აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება უპრიანია, მაგრამ არა საკუთარი ძალებით გამკლავება და პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრა. სამოქალაქო საზოგადოების პირობებში გამორიცხულია ნებისმიერი ძალისმიერი მეთოდის გამოყენება!

   ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ გააქტიურებული დისკრიმინაციის ფონზე, იმედია ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია იქნება და მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უსამართლობების აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ გააქტიურდებიან არაკეთილმოსურნე და ქსენოფობიურად განწყობილი ძალები, რამაც შესაძლოა უკიდურესად დაძაბოს მდგომარეობა ქვეყანაში და უმართავი პროცესები გამოიწვიოს. ეს სავალალო შედეგი კი ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და შესაძლოა მტრის წისქვილზეც კი ასხამდეს წყალს.

http://www.info9.ge/sazogadoeba/face-aqtivoba/159569-lado-sadghobelashvi...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები