ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მაია შენგელია

გზანი უფლისანი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

      გზანი უფლისანი!

      (წერილი პირველი)

   რამდენიმე ხნის წინ კინემატოგრაფისთა ეროვნული ცენტრი იუწყებოდა: "კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ლიტერატურატურული კონკურსი "გალა" აწესებს ახალ ნომინაციას, - "წლის საუკეთესო კინოსცენარი", - სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის." როგორც დაინტერესებული პირი, იმთავითვე ყურადღებით მოვეკიდე ამ შეტყობინებას და ფილმისათვის საინტერესო ამბის მოძიებას შევუდექი, რათა მხატვრულ სიუჟეტად გარდამექმნა. ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა საგაზეთო სტატიების მთელი წყება ერთ-ერთი ისტორიული ფაქტის შესახებ. ერთ-ერთ საჟურნალო სტატიაში ამ მასალის გამო პირდაპირვე იყო მინიშნებული: "ესაა მზა კინოსცენარი, რომლის მიხედვითაც ულამაზესი დრამის გადაღება შეიძლება" (1). მეც ბევრი აღარ მიფიქრია და სასწრაფოდ შევუდექი ამ ისტორიული ფაქტის ირგვლივ არსებული მასალის მოძიებას, რათა სცენარისათვის მეტი კონკრეტიზაცია მიმეცა. ძიებისა და მუშაობის პროცესში მივაკვლიე და ერთმანეთს დავუკავშირე ისეთი მოვლენები, რომლებივ მანამდე ერთმანეთთან კონტექსტში არავის განუხილავს. ამდენად, ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო გასცდა უბრალო კინოსცენარის შექმნისათვის საჭირო მასალის ფარგლებს და სერიოზული კვლევის სახე მიიღო. ვინაიდან, მოძიებული მასალა, გარდა თვით ძირითადი ამბის რომანტიკულობისა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ მონაკვეთსაც მოიცავს, მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს, მანამდე ცნობილი ფაქტების განსხვავებულად გააზრებული ანალიზი. ფაქტების გადმოცემის კვალდაკვალ მკითხველი დარწმუნდება სახარებისეულ ჭეშმარიტებაში, - შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი!

   ეს რომ ასეა, ნათლად ჩანს ჩვენს მიერ მოსათხრობ ისტორიამდე რამდენიმე საუკუნით ადრე მომხდარი ამბიდანაც. 1689 წელს რუსეთის ისტორიაში მოულოდნელი რამ მოხდა: მეფის "მსროლელთა" ჯარი, რომელიც მონარქის საყრდენ ძალას წარმოადგენდა და მისი დაცვა ევალებოდა, 7-8 აგვისტოს ღამით აიყარა და დედაქალაქის მახლობლად მდებარე სოფელში მყოფი ხელმწიფის მოსაკლავად გაემართა. მეფე გადარჩა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ წინა ღამით მსროლელებთან მივიდა მისი ნახევარდა და ამცნო, რომ რუსეთის ტახტზე ავიდა არა მამამისის, მეფე ალექსის კანონიერი შვილი, არამედ ქართველი ბატონიშვილის და მეფე ალექსის მეორე ცოლის უკანონო ძე. მეფის ასულისათვის რუსეთის ტახტის ხელში ჩასაგდებად აუცილებელი იყო ძმის თავიდან მოცილება, რადგან სანამ ვაჟი მემკვიდრე ცოცხალი იყო, ქალი ტახტზე ვერ ავიდოდა. ამიტომაც ქალმა გაამჟღავნა რომანოვების სახლის საიდუმლო. ეს ცნობა თვით რუსულ წყაროებშია დაცული (2). რომ არა უფლის ნება, სად ქართველი ბატონიშვილი და სად რუსეთის იმპერიის ტახტი?! მაგრამ ისევ და ისევ, შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი...

   მეფე ალექსი რომანოვი დაქორწინებული იყო მარია მილოსლავსკაიაზე. მათ 5 ვაჟი და 6 ქალიშვილი ჰყავდათ. ხუთივე ძე ავადმყოფი იყო და ეს ავადმყოფობა, სჩანს მემკვიდრეობით ხასიათს ატარებდა. ალექსის მამაც, პირველი რომანოვი ხელმწიფე, - მიხელილი, ასევე ავადმყოფი გახლდათ. ავადმყოფობა გონებრივ სისუსტესა და გადაადგილების შეზღუდულობაში გამოიხატებოდა. თავად ალექსი კარგი პიროვნება იყო, მაგრამ 40 წლის ასაკში ერთბიშად მოტყდა და მოხუცებულს დაემსგავსა. რუსეთის სამეფო სახლი უიმედო მდგომარეობაში ჩავარდა.                                ქართველ ბატობიშვილში, რომელივ რუსეთის დიდი იმპერატორის, პეტრე I მამად მოიაზრება (სწორედ მის წარმოშობაზე ვსაუბრობთ), იგულისხმება თეიმურაზ I ვაჟის, დავითის შვილი, ერეკლე I ნაზარალი-ხანი (ჯერ ქართლის, შემდეგ კახეთის მეფე, რომელიც ტახტზე სპარსეთის შაჰის დახმარებით ავიდა, თეიმურაზ II მამა და ერეკლე II პაპა). თეიმურაზ I შვილიშვილი ერეკლე რუსეთის სამეფო კარზე ჯერ კიდევ 1652 წელს გაგზავნა, სადაც მან 20 წელი გაატარა (3). იგი ახლოს იყო მეფე ალექსი მიხეილის ძესთან და რუსულ არისტოკრატიასთან, დიდი პოპულარობით სარგებლობდა  რუს ქალბატონებს შორის. მის შესახებ გრ. კოტოშიხინი წერს" როცა საქართველოს ბატონიშვილი თავის დედასთან ერთად მოსკოვში იმყოფება, მას ისეთსავე პატივს სცემენ, როგორც მეფის ნამდვილ შვილს; მას, დედამისს, მის ხალხს ყველაფერი მეფური აქვთ - ტანსაცმელიც, საცხოვრებელიც, სასმელ-საჭმელიც." პოლონელი მოგზაურის, ი. რეიტენფელსის სიტყვით კი ერეკლეს კრემლის მიმდებარედ, "კიტაიგოროდში უბრწყინვალესი სახლი" ჰქონია. იგი გადმოგვცემს: "ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ მას მოსკოვში, სადაც იგი კერძო პირივით ცხოვრობდა დედასთან, უკეთილშობილეს და უჭკვიანეს ქალთან ერთად. მის ღირსეულ ვაჟს აქვს მეფური გარეგნობა და სული, სრულიად შეულახავი თავისი უბედური ხვედრით. საზეიმო გამოსვლების დროს ის მეორეა მეფის შემდეგ. ხელმწიფე ყოველწლიურად ბრწყინვალე ჯამაგირს აძლევს მას" (4). ერეკლემ გაიცნო ნატალია ნარიშკინა, რომელიც თავისი ნათესავის, თავად არტამონ მატვეევის (დავიმახსოვროთ ეს გვარი!) ოჯახში იზრდებოდა. თავადი ხელს უწყობდა ახალგაზრდების დაახლოებას და მათი ურთიერთობა არავისთვის არ წარმოადგენდა საიდუბლოებას. მოსალოდნელი იყო, რომ ეს ურთიერთობა ქორწინებითაც დასრულდებოდა. (5)

    1669 წელს გარდაიცვალა მეფე ალექსის მეუღლე. სამეფო ტახტზე ასაყვანად რუსეთს ჯანმრთელი მემკვიდრე არ ჰყავდა, ამიტომ ალექსი იძულებული იყო მეორედ დაქორწინებულიყო. საეჭვო იყო, რომ მას ჯანმრთელი შვილების გაჩენა შესძლებოდა, ამიტომ დიდგვაროვნებმა ნარიშკინა გააცნეს, რომლის ურთიერთობა ნიკოლოზ ბატონიშვილთან (ასე მიმართავდნენ ერეკლეს რუსები) ყველასათვის ცნობილი იყო. იმ მომენტისათვის სამეფო კარს ხელს აძლევდა ეს კავშირი. მეფის ქორწილში ბატონიშვილი ერეკლე "ტისიაცკატ" (ჯვარისმამად, მესტუმრედ) იყო მიწვეული. მას ევალებოდა სტუმრების მიღება, მეფე-დედოფლის თანხლება, ფულის გადახდა და სხვ. (6). (დაიმახსოვრე ეს ფაქტი მკითხველო! სამეფო პერსონისათვის საყვარელი ქალის დათმობის ფაქტს კიდევ შევეხებით ამ ისტორიაში!!)

    მეფე ალექსიმ და ნატალია ნარიშკინამ იქორწინეს 1671 წლის 22 იანვარს, პეტრე კი დაიბადა 1672 წლის 30 მაისს, ე. ი. არა 9, არამედ 4 თვის შემდეგ სამეფო წყვილის ქორწინებიდან. რადგან ალექსის პირველი მეუღლე 1669 წელს გარდაიცვალა და მართლმადიდებლური გლოვის წესი ერთწლიან პერიოდს მაინც მოიცავდა, საეჭვოა, რომ მეფეს ნარიშკინასთან რაიმე ურთიერთობა ქონოდა ქორწინებამდე. ამას ადასტურებს ის ცნობაც, რომ მიუხედავად მეფისადმი მოკრძალებისა (მატვეევი არ ეკუთვნოდა წარჩინებულ გვარეულობას და უფრთხილდებოდა მეფესთან კავშირს), მატვეევმა მოითხოვა, რომ მეფეს დაეცვა მოსკოვის სახელმწიფოში არსებული სადედოფლოს არჩევის წესი (ეს წესი ბიზანტიიდან მომდინარეობდა), რასაც მეფე დათანხმდა. ამ მიზნით, 1669 წელს მოსკოვის კრემლის სასახლის ექვს დარბაზში ჩასახლდა სამოცდაათამდე ულამაზესი ქალიშვილი. დღისით სასახლეში ერთფეროვანი ცხოვრება სუფევდა, სამაგიეროდ ღამით დარბაზი ხალხით ივსებოდა, ალექსი მეფე და მისი პირადი ექიმი ქალიშვილებს ათვალიერებდნენ, დღისით კი გოგონებს სეფე-ქალები სინჯავდნენ.  დათვალიერებაში მონაწილეობა ქალიშვილისათვის პატივად ითვლებოდა და შემდგომში ისინი წარმატებით თხოვდებოდნენ. ალექსიმ პირველი მეუღლე (მილოსლავსკაია) 200 ქალიშვილში ამოარჩია. ამჯერად დათვალიერებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. 1670 წლის მაისში მეფის საცოლედ ნატალია ნარიშკინა გამოცხადდა. (7). შესაძლოა მატვეევს გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ მეფე სხვა ქალიშვილს აირჩევდა და მისი აღზრდილი და ნიკოლოზ ბატონიშვილი დაქორწინდებოდნენ. მაგრამ ახალგაზრდების კავშირი, უკვე დასახელებული მიზეზების გამო, სამეფო კარს ხელს აძლევდა და მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში პეტრეს გარდა ნარიშკინასთან ალექსის კიდევ ორი ქალიშვილი შეეძინა, იგი ფოზიკურად უკვე ძალზე მოტეხილი იყო და ქორწინებიდან მეექვსე წელს გარდაიცვალა კიდეც. (8). ამდენად, სამეფო კარის შეშფოთება იმ მომენტისათვის უსაფუძვლო არ იყო.

    შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ერეკლეს დედა, დედოფალი ელენე თუმცა პატივით იყო მიღებული მარია დედოფლის (მილოსლავსკაია) კარზე, ნატალია ნარიშკინას ორმოცდაოთხ სეფე-ქალს შორის უპირველესი იყო, - "საქართველოს დედოფალი ელენე ლეონტის ასული". (9).

    ერეკლე ბატონიშვილი პეტრეს ნათლობის ზეიმზეც, 1672 წლის ივნისში, გამორჩეული იყო, მაგრამ ეტყობა ერეკლესა და ნარიშკინას შორის რომანი უფლისწულის დაბადების შემდეგაც გაგრძელდა, რამაც აღაშფოთა რუსეთის დიდგვაროვნები. 1674 წლის თებერვალში ერეკლე რუსეთიდან ცივად გამოისტუმრეს. (10). პრისტავ ივანე ტელეპნევს და დიაკს ბოგდან ეფიმოვს ებრძანათ გაეცილებინათ უფლისწული მხოლოდ ყაზანამდე, ხოლო ყაზანიდან ასტრახანამდე უნდა გაჰყოლოდა ყაზანელი აზნაური. ასე აცილებდნენ უმნიშვნელო დიპლომატიურ შიკრიკს. ამით გაწყდა თითქმის ნათესაური კავშირი მეფე ალექსისა და ერეკლე ბატონიშვილს შორის და იგი აღარც განახლებულა, თუ არ ჩავთვლით ერთმანეთისადმი მიწერილ რამდენიმე წერილს. მართალია, ერეკლესადმი ასეთი მოქცევის საბაბად მოჩანს ქართლის ტახტის დასაკავებლად მისი ირანის შახისაკენ გადახრა, მაგრამ ეს გადახრა თვით რუსეთის ხელმწიფის უმოქმედობით იყო გამოწვეული და ამას გარდა, თუ ქართლის ტახტზე მისი აღზრდილი და ერთგული კაცი ავიდოდა, ალექსი კმაყოფილიც კი უნდა ყოფილიყო ამით და რუსული სამეფო კარის გულისწყრომა ამ საბაბით ვერაფრით ვერ აიხსნება. (11).

    აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა მოსკოვის ერთ-ერთ არქივში მიაკვლია ნარიშკინასა და ერეკლეს მიმოწერას, სადაც იგი პეტრეს მათ შვილად მოიხსენიებს. დღეს ამ მიმოწერის ბედი უცნობია. (12).                                    

       არავინ იცის, იცოდა თუ არა პეტრემ საკუთარი წარმომავლობის საიდუმლო. იგი საქართველოსადმი ყურადღებით არ გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით მეფე არჩილის ძის, ბატონიშვილ ალექსანდრესადმი მის განსაკუთრებულ სიყვარულს. ალექსანდრემ ორგანიზება გაუკეთა და ჩამოაყალიბა რუსეთში საარტილერიო საქმე. შვედებთან ომში ტყვედჩავარდნილი, პეტრემ იგი დიდძალი თანხის სანაცვლოდ გამოისყიდა.

      ალექსანდრე ტყვედ ჩავარდა რუსეთის არმიის მთელ გენერალიტეტთან ერთად, სულ 79 გენერალი და ოფიცერი. მათი განთავისუფლების საქმე წლობით გაჭიანურდა და მხოლოდ 1710 წელს დასრულდა. ქართველმა ბატონიშვილმა ვერ გაუძლო ჰავას და ტყვეობას და მძიმედ დაავადდა. უკვე რუსეთში მომავალი 1711 წელს გარდაიცვალა 38 წლისა. მამამისმა, არჩილმა მოსკოვში ჩამოასვენა და დონის მონასტერში დაკრძალა. (13). შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი!                             

     პირიქით, პეტრე ღალატობდა კიდეც ქართველ მეფეებს. მაგრამ თუნდაც უკვე ნახსენები "მსროლელთა ჯარის ამბოხის"  შემდეგ, შეუძლებელია პეტრე არ დაინტერესებულიყო საკუთარი წარმომავლობს საკითხით. მით უმეტეს, რომ დედამისის აღმზრდელი პოლკოვნიკი არტამონ მატვეევი, სწორედ მოსკოვის "მსროლელთა" უფროსი იყო მეფე ალექსის დროს (14) და შესაძლოა მასთან დაახლოებულ სამხედრო პირებს სცოდნოდათ კიდეც ამის თაობაზე სიმართლე. არსებობს ერთი ირიბი ცნობაც ამ საკითხთან დაკავშირებით. პეტრეს წინააღმდეგ შეთქმული ბოიარების გასამართლების დროს პერტემ წარმოთქვა სიტყვა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ძირძველი სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო. ცხადია, რომანოვების დინასტიას ვერ იგულისხმებდა, რადგან რომანოვები სამეფო ტახტზე მხოლოდ 1613 წელს ავიდნენ. საფიქრებელია, რომ პეტრეს თავისი ნამდვილი მშობლის დინასტია ჰქონდა მხედველობაში. (15). ამას გარდა თვით ნატალია ნარიშკინა ხშირად იმეორებდა პეტრეს მისამართით: - " ის არ შეიძლება მეფე იყოს!". ამ ვარაუდს ადასტურებს  პეტრეს ნახევარდა სოფიოს უნდობლობაც, რასაც ის ხაზგასმით გამოთქვამს მისი გამეფების საკითხთან დაკავშირებით  თავად გოლიცინისადმი მიწერილ წერილში: -  არ შეიძლებს ტახტი ვანდოთ "ბუსურმანს" (ანუ უცხოტომელს). საყურადღებოა, რომ როცა პეტრეს ქართვე პრინცესაზე დაქორწინება შესთავაზეს, მან მკაცრად განაცხადა: "მე მოგვარეზე არ ვიქორწინებ!"

   სხვა ვარაუდით პეტრე შესაძლოა იმერეთის მეფე არჩილ II შვილი ყოფილიყო, რომელიც სპარსეთის მიერ განდევნილი და მოსკოვს ჩასული დიდებულებმა დაარწმუნეს, რომ საღვთო საქმისა გამო უნდა სწვეოდა დედოფლის სანთიობოს. საოცარია პეტრეს და არჩილის ფიზიკური მსგავსება (თუმცა არანაკლები მსგავსებაა პეტრესა და ერეკლეს შორის!), უკვე აღნიშნული განსაკუთრებული სიყვარული არჩილის მემკვიდრის ალექსანდრესადმი, შვედების დამარცხების შემდეგ პეტრეს მიერ არჩილის ქალიშვილთან დარიასთან (დარეჯანთან) სტუმრობა სვესვიატასკოეში და დიდი წვეულების გადახა გამარჯვების აღსანიშნავად. იგი რატომღაც პირველ რიგში დარიას ესტუმრა. ამ ეჭვს ამძაფრებს არჩილ მეფის მიერ ნარიშკინასადმი მიწერილ წერილში პატარა პეტრეს შემდეგი სიტყვებით მოკითხვა: - "როგორ არის ჩვენი პატარა ანცი?"

    გარდა უკვე აღნიშნულისა, რუსი ისტორიკოსები მიუთითებენ იმ ფაქტზეც, რომ პეტრემ ვახტანგ VI შეგნებულად ჯერ წააქეზა სპარსეთთან საომრად და მერე მიატოვა, რათა ქართული სახელმწიფო დაკნინებულიყო და თავად იოლად დაეკავებინა ქართლის ტახტი. ვახტანგიც საოცარი და უცნაური სიჯიუტით უცდიდა პეტრეს, მაშინ  როცა შეეძლო შეჭრილიყო ირანში და საქართველოს ისტორიის მანძილზე პირველად ქართველ მეფეს დაეპყრო შაჰის ტახტი. ამის მაგივრად ის პეტრეს ელოდა, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ქართველები არა თუ დამარცხდნენ, ვახტანგი იძულებული გახდა ქვეყნიდან გადახვეწილიყო. ის აზრი, რომ პეტრე საკუთარ თავს განიხილავდა ქართლის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ, იქიდანაც დასტურდება, რომ როცა არჩილმა მემკვიდრე ალექსანდრეს დაღუპვის შემდეგ მიმართა პეტრეს, რომ ნება დაერთო მისი ქალიშვილისათვის დაქორწინებულიყო წარჩინებულ თავადზე და ქალის ხაზით გაგრძელებულიყო ბაგრატიონთა ეს შტო, პეტრემ კატეგორიული უარი განუცხადა.

   არსებობდა სხვა მოსაზრებებიც პეტრეს ნამდვილ მშობლებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართული თეორია ყველაზე უფრო გამართული და საფუძვლიანი მოსჩანს. ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებით ცნობები ვრცელდება თვით რუსული წყაროების მიხედვით. კერძოდ, საყურადღებო ფაქტად სახელდება მწერალ ალექსეი ტოლსტოის მიერ თავის რომანზე "პეტრე პირველი" მუშაობის დროს, არქივებში აღმოჩენილი მასალები, რომლებიც უარყოფთდნენ პეტრეს რუსულ წარმომავლობას და რომლეთა შესახებ მწერალმა სასწრაფოდ აცნობა იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა მწერალს დუმილი უბრძანა და წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: "დავუტოვოთ მათ თუნდაც ერთი რუსი, რომლითაც შეუძლიათ იამაყონ!" აღნიშნული საბუთები მოგვიანებით უკვალოდ გაქრნენ.

   რა საბუთი იყო ის, რაზედაც მიანიშნებდა ტოლსტოი?! რუსი მკვლევარების აზრით ეს იყო დარია (დარეჯან) არჩილის ასულის თავისი ბიძაშვილისადმი სამეგრელოს მთავარ დადიანის (დავიმახსოვროთ ეს სახელი!) ქალიშვილისადმი მიწერილი წერილი. კერძოდ, წერილში მოთხრობილი იყო წინასწარმეტყველების შესახებ, რომელიც დარეჯანს დედოფალისაგან, დედამისისაგან გაეგონა (სიტყვასიტყვით ): "მე დედაჩემმა მიამბო ვიღაც მატვეევზე (გაიხსენე მკითხველო ეს გვარი!), რომელმაც იხილა წმინდა გიორგის გამოცხადება და უთხრა მას: შენ რჩეული ხარ რათა მეფეს აცნობო, რომ მოსკოვში დაიბადება "მეფეთა მეფე", რომელიც მას აქცევს დიდ იმპერიად.ის უნდა დაიბადოს დავითის იმავე მუხლისაგან, საიდანაც არიან ბაგრატიდები, მოსული მართმადიდებელი ივერიის მეფისა და კირილე ნარიშკინის სუფთა გულის ქალიშვილისაგან. ამ ბრძანების უარყოფის შემთხვევაში იქნეს დიდი წარღვნა. ნება უფლისა ნებავე არს."(16)

    მიუხედავად ორივე ვერსიის სასარგებლოდ არსებული ფაქტებისა, სამართიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არჩილი ვერ იქნებოდა პეტრეს მამა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი მოსკოვში მხოლოდ 1681 წელს ჩავიდა, პეტრე კი უკვე დაბადებული იყო. ამრიგად, ქართული ვერსიებიდან, პეტრეს მამობაზე პრედენდენტად მხოლოდ ერეკლე I გვევლინება. ხოლო ის ფაქტი, რომ პეტრე და მისი დები სხვა მამის შვილები არიან, დასტურდება იმით, რომ ალექსის პირველ ცოლთან შეძენილი ყველა შვილი ჭკუასუსტი იყო , უმრავლესობა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, ხოლო გადარჩენილი ქალიშვილები არ გათხოვილან. მაშინ, როცა პეტრეს სიცოცხლის ბოლომდე საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა თავის ნამდვილ დებთან.

    ამდენად, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი საქართველოს სისხლი და ხორცი განაგებდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი იმპერიის ტახტს, იმპერიისა, რომელიც მომავალში მთელი 200 წლით დაიმონებდა მისი მშობელი მამის სამშობლოს; ხოლო რესტავრირებული სახით აღორძინების შემდეგ, მის სათავეში კვლავ სისხლისმიერი ქართველი, იოსებ (სოსო) ჯუღაშვილი (სტალინი) მოვიდოდა და სასტიკად გაუსწორდებოდა  მშობელ ხალხს უცხო ერის განსადიდებლად, "კავის რუსეთს ბირთვულ სახელმწიფოდ გადააქცევდა". ჭეშმარიტად, შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი!!

    -------------------

 1.ს. გველესიანი. "ვინ გადაუხადა მილიონი ოქრო თავად დადიანს მის ცოლთან ერთი ღამის გატარებაში" ჟურ. "თბილისელები". 21.07.2010.  http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=4880&rubr_id=27&jurn_id=26

2. ვ. გურული. "იყო თუ არა პეტრე პირველი ქართველი და იცოდა თუ არა მან, რომ იგი კახელი ბატონიშვილის უკანონო ძე იყო." http://iberiana.wordpress.com/iberiana/petre/

3. ნ. ნაკაშიძე. "პეტრე პირველი" თბ. "ნაკადული". 1975. გვ.5

4. იქვე. გვ.6.

5. ვ. გურული. დასახელებული სტატია.

6. ვლ. ტატიშვილი. "ქართველები მოსკოვში". თბ. "საბჭოთა საქართველო". 1959. გვ. 154-159.

7.ნ. ნაკაშიძე. "პეტრე პირველი" თბ. "ნაკადული". 1975. გვ.4-5.

8. ვ. გურული. დასახელებული სტატია.

9. ნ. ნაკაშიძე. დასახელებული ნაშრომი. გვ.6

10. იქვე. გვ.6.

11. ვლ. ტატიშვილი. დასახელებული ნაშრომი.

12. ვ. გურული. დასახელებული სტატია.

13. ნ. ნაკაშიძე. დასახელებული ნაშრომი. გვ.61.

14. იქვე. გვ.1.

15. ვ. გურული. დასახელებული სტატია.

16.О. Чеславский. "Царь Петр Первый не был русским." http://inosmi.ru/social/20160205/235301810.html

 

 

                                               

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები