ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი რუსუდან ხვედელიძე

არის თუ არა „ვეფხის ტყაოსნის“ ცამეტი და ოცი სტროფი ავთენტური?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

            რომ არ მომიწიოს ცალკე ცამეტი და ცალკე ოცი სტროფის მთლიანად წარმოჩენა წინამდებარე ტექსტში, გამოვიყენებ სტროფების ნუმერაციას და მკითხველისთვის მარტივი იქნება წიგნებში მიგნება იმ სტროფებისა, რომელზეც ქვემოთ ვაპირებ საუბარს. ცამეტი სტროფი შესულია „ვეფხის ტყაოსნის“ იმ ადრეულ გამოცემებში, რომელთა დედნადაც 1966 წელს დამტკიცებული ტექსტი გვევლინება და არ არის შესული ის ოცი სტროფი, რომლებიც „ვეფხის ტყაოსნის“ 1949 წლის გამოცემაშია მოხვედრილი. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, რომელიც სათაურშია დასმული და ვფიქრობ, კვლევის დროს, კიდევ გაჩნდება მრავალი კითხვა, რომელიც შეიძლება დასვას ნებისმიერმა დაინტერესებულმა მკითხველმა, თუკი შეეცდება შეადაროს ეს ორი განსხვავებული გამოცემა ერთმანეთს. გარდა სტროფებს შორის სხვაობისა, უნდა აღინიშნოს, ძირეული, ტექსტუალური განსხვავებების შესახებაც, რაც ეხება სახეცვლილ სიტყვებს და სახელებს, რაც იწვევს „ვეფხის ტყაოსნის“ ტექსტის სხვაგვარად წაკითხვას, გაგებას და ახსნას. რაკი 1949 წლის გამოცემა კომენტირებული არ არის, იძლევა საშუალებას ნებისმიერმა ჩვენგანმა გამოიჩინოს კონიექტურა და თავად მიხვდეს, იპოვოს შეცვლილი სიტყვების ახალი მნიშვნელობები; გაბედოს, მოძებნოს ახალი კონცეპტები. როდესაც ვადარებდი ამ ორ გამოცემას ერთმანეთს, პირველივე კითხვა დაბადა სიტყვამ, რომელიც დასაწყისის მეოთხე სტროფში ახსნილია, როგორც „ლერწამი, წერწეტა ტანის აღმნიშვნელი მეტაფორა.“ თუმცა, ეს სიტყვა, „ნა“,  კიდევ ორ ადგილას გვხვდება „ვეფხის ტყაოსნის“ ტექსტში საკრავის მნიშვნელობით და თანაც, 1445-ე (1453-ე ადრეულ გამოცემებში) სტროფში სიტყვა „ნა-ჩანგ-დაფენი“ შეცვლილია სიტყვით „საჩანგ-დაფენი“. დასაწყისის რიგით მე-4 სტროფები იდენტურია, ხოლო 179-ე სტროფი მხოლოდ რიგობრივად არ ემთხვევა ადრეულ გამოცემებში 184-ე სტროფს. შესადარებლად, აქვე მოვიყვან ორივე, 1445-ე და 1453-ე სტროფებს მაგალითებად:

 

„ზღვათა მეფესა ეტყოდეს სამნივე შუქთა მაფენი,

კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი:

„უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი, ნა-ჩანგ-დაფენი,

მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.“

 

„ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი,

კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:

„უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი საჩანგ-დაფენი,

მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.“

 

თუკი ამ სტროფში, ნაც, ჩანგიც და დაფიც საკრავის აღმნიშვნელი სიტყვებია და აქაც:

 

„თქვის: „ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,

მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა“.“

 

ჩანგი, ბარბითი და ნა, ასევე საკრავის აღმნიშვნელია, გამოდის, დასაწყისის მე-4 სტროფში:

 

„მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.“

 

„ნა რხეული“, რომლითაც სასმენად გვიხმობს პოეტი, ასევე საკრავის აღმნიშვნელი სიტყვა შეიძლება იყოს.

            დავუბრუნდები სათაურში დასმულ შეკითხვას და სტროფების ნუმერაციის გამოყენებით მნიშვნელოვნად საკვლევ თემას შევეხები. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემი მხრიდან ძალიან რთულია, რადგან კომპეტენტურ კვლევას საჭიროებს რუსთველოლოგების, ლიტერატორების, ფილოლოგების, ფილოსოფოსების, პოეტების და ა.შ. მხრიდან. 2016 წელს ხელმეორედ გამოვეცი 1949 წლის „ვეფხის ტყაოსნის“ ტექსტი, რომელიც არ იყო სტროფების მიხედვით დანომრილი. დავნომრე და ხელმეორე გამოშვებაში გარეკანზე გამოვიტანე ოცივე დაკარგული სტროფი, რომლებიც შესაძლებელია იყოს ავთენტური (ნაწარმოების მოძიება შესაძლებელია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასევე, ელექტრონული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ ციფრულ კოლექციაში). მათ აქვე ჩამოვთვლი. ეს სტროფებია: 304-ე, 655-ე, 835-ე, 1373-ე, 1581-ე, 1589-ე, 1596-ე, 1614-ე, 1617-ე, 1624-ე, 1641-ე, 1642-ე, 1643-ე, 1644-ე, 1645-ე, 1646-ე, 1648-ე, 1651-ე, 1652-ე, 1653-ე. რაც შეეხება ცამეტ სტროფს, რომლებიც ამ გამოცემაში არ შესულა და ადრეულ გამოცემებში ავთენტურად არის მიჩნეული, ვფიქრობ, თავიდან გადახედვას საჭიროებს. ეს სტროფებია: 26-ე, 69-ე, 88-ე, 118-ე, 140-ე, 282-ე, 344-ე, 729-ე, 773-ე, 774-ე, 812-ე, 813-ე, 1621-ე.

            ჩემი აღმოჩენილი ალტერნატიული „ვეფხის ტყაოსანი“, ვფიქრობ, ასეთ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს, არაფერს აკლებს. პირიქით, ინტერესს მატებს ნებისმიერ მკითხველს, რომ მისი ახლებური დანახვა სხვაგვარი, შედარებითი დაკვირვების საშუალებით შეძლოს. განასხვაოს, გაარჩიოს, იპოვოს მიზეზი ამ განსხვავებებისა და რაც მთავარია, ძველი წიგნი ახალი, საკუთარი აზრის ფურცელზე თავიდან გააცოცხლოს.

 

რ. ხვედელიძე (ჰუმანიტარი მეცნიერი; თანამედროვე ევროპული თეატრის მკვლევარი)

07.11.2016

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები