ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მანუჩარ კაჭახიძე

რატომ და როგორ - ტრამპის ტრიუმფი?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

უკვე 9 ნოემბრის დილის 3 საათზე ეს სასწაული მომხდარი იყო.

იმ მაგიურ 270 ელექტორატული ხმის სათავისოდ მითვლა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა მოახერხა - და ჰილარი კლინტონის მხარდამჭერები აცრემლებული, ხოლო დანარჩენი ამერიკა - გაოცებული, შოკირებული თუ გახარებული დატოვა.

თუმცა, თუ გვერდზე გადავდებთ ემოციებს და მცირეოდენ ანალიზს გავაკეთებთ, ეს გარდაუვალი იყო. 

ტრამპის სლოგანი "გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული" შეეხო ყველას, ვისაც პატრიოტული გრძნობების მიღმა შეეძლო დაენახა პრობლემების ზღვა. 

საერთოდ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკაში არჩევნებს სლოგანი იგებს. 

როცა კომუნისტური ერა დასრულდა და ამერიკა ახალ საუკუნესთან, ახალ გამოწვევებთან შესახვედრად ემზადებოდა, უილიამ კლინტონის სლოგანმა - "ავაშენოთ ხიდი 21-საუკუნესთან" მას ოვალურ ოფისამდე გაუკვალა გზა. 

ამ რვა წლის წინ, რესპუბლიკელების ასევე 8-წლიანი მართველობის შემდეგ დემოკრატი რომ გამოჩნდა, მაშინვე ითქვა, რომ INSIDER, ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში, იქაურ ჭაობში გათქვეფილი ადამიანი აღარ სურდათ. ობამას უნდა დაენახებინა ყველასათვის, რომ ის კი არის ასეთი, მაგრამ ცვლილებების საჭიროებას გრძნობს და შეუძლია. 

მისმა სლოგანებმა - "ცვლილებები გვჭირდება", "დიახ, ჩვენ შეგვიძლია" - ამ ახალგაზრდა შავკანიან ბიჭუნაში ერთიანად გააერთიანა ქვეყნის შეცვლისა და პრეზიდენტის სკამზე რასის შეცვლის სურვილი თუ აუცილებლობა. 

თუმცა, ტერორიზმის ბრძოლაში მიღწეული წარმატებისა (ბინ-ლადენის ლიკვიდაცია) და ჯანდაცვის მისაწვდომობის რეფორმის მიუხედავად, ეკონომიკამ დაღმასვლა განაგრძო. 

და ამას გრძნობდა პოლიტიკაში გაუცნობიერებელი ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტელევიზორისთვის საერთოდ ვერ იცლიდნენ, მაგრამ მათი ჯიბის სითხელით შესანიშნავად ატყობდნენ გალონ (3.785 ლ.) რძეზე 1.46 ცენტიდან ფასმა 3.49-მდე რომ მოიმატა. 

ეს შეიძლება ბევრისთვის არაფრის მაჩვენებელი იყოს, მაგრამ როცა რძის ფასი 8 წელიწადში ორმაგდება, ეს ეკონომიკის არარსებობას (როგორც ჩვენში იტყვიან, - ჩამოშლას) ადასტურებს. 

იაფი მუშახელისა და გადასახადების მარწუხების გამო შტატები დატოვა ავტოინდუსტრიულმა კომპანიებმა და მანუფაქტურამ. ფაქტიურად, ყველა მასიური ცნობადი ბრენდი - რალფ ლაურენიდან დაწყებული - ტომი ჰელფიგერით დამთავრებული ჩინეთში იკერებოდა. ის კი არადა, ამერიკაში ვერ იპოვით შეერთებული შტატების დროშას, რომელიც შეკერილია ამერიკაშივე. 

მიჩიგანიდან გაიპარა პატარ-პატარა ავტომწარმოებლები მექსიკასა და კანადაში - აწარმოებენ დღესაც ამერიკულ ბრენდს, თუმც ქვეყნის გარეთ! - რადგან მანქანის ამერიკულ ბაზარზე იმპორტის ტაქს-კოდი მიზერულია, როცა ექსპორტი გვარიანად იბეგრებოდა. 

ქვეყანას დღემდე წელში ტეხავს ნარკო-გზა მექსიკიდან და მისი არალეგალური ემიგრაცია. დიახ, კარგია იაფი მუშა ხელი, რომლებიც დაღამებისას გადიან სამუშაოდ, ან სასიკვდილოდ მცხუნვარე მზეში კრეფავენ ფორთოხალს (რასაც ამერიკელები არ კადრულობენ), მაგრამ როცა წარმოიდგენ ამის პარალელურად ასობით ათასობით იმ ემიგრანტს, რომლებიც არ მუშაობენ (ერთი დღე არ უმუშავიათ), მაგრამ სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობენ კვების ტალონებით, უფასო ჯანდაცვით, უფასო განათლებით და უფასო საცხოვრებლებით (ცნობილი მერვე პროგრამა), - სულაც არ გამოდის ის მუშახელი იაფი - ამერიკელი გადამხდელებისთვის ეს საკმაოდ ძვირადღირებული ტვირთია. 

და ამერიკა ეძებდა ადამიანს, რომელიც შეებრძოლებოდა ამ მანკიერ სისტემას, დამყაყებულ ტრადიციებს. 

ტრამპმა ეს საქმით დაუმტკიცა ამომრჩეველს - დღევანდელ დღემდე იმდენი ბრძოლა გადაიტანა, რომ ზუსტად ასეთი ბრძოლის უნარიანობაა აუცილებელი ამ პოზიციისათვის. 

ის ჯერ საკუთარ პარტიაში ბრძოლობდა, შემდეგ 17 კანდიდატს მოუგო შიგა პრაიმერებში, ყრილობის 2472 დელეგატის გადარწმუნებაც შეძლო - განხეთქილება რომ შეიტანეს პარტიაში ოჰაიოს ყრილობაზე. 

შემდეგ ერთიანად დაუპირისპირდა მოწინააღმდეგის ჯიბეში მოკალათებულ მედიას - მსოფლიო გიგანტური პრესის თუ ტელეკომპანიების მიკერძოებაში და ტყუილში დადანაშაულებასაც არ მოერიდა (არც სი-ენ-ენს და არც ნიუ-იორკ თაიმს დღემდე არ მიუმართავთ სასამართლოსათვის - ღირსების შელახვისათვის პასუხის მოსათხოვად). და მერე პირისპირ შეებრძოლა ქალს! და რა ქალს! 

საერთოდ, ქალი სხვა ფენომენია ტრამპისთვის. აღმერთებს მეორე მეუღლეს, მელანიას... თუმცა ჭეშმარიტება და სიმართლე ყველაზე მაღლა დგას, ყოველგვარ ეტიკეტზე და კონიუქტურაზე... როცა სიმართლე მაღლა ადის, ამ დროს ქალიც კი მიწაზე ენარცხება. 

გახსოვთ, საპრაიმერო დებატებისას "ფოქსის" ჟურნალისტის მეგან კელის შეკითხვა? შეკითხვამ წყობილებიდან გამოიყვანა ბატონი ტრამპი, ემოცია ვერ დაიჭირა და ჟურნალისტიც კი "შემოელახა". კითხვა კი ძალიან უბრალოდ გამოიყურებოდა: 

  • "ბატონო ტრამპ, ერთი რამ, რაც ხალხს თქვენგან უყვარს, ესაა რომ საუბრობთ რასაც ფიქრობთ და არ იყენებთ პოლიტიკურ ფილტრს. თუმცა, ეს არ ვრცელდება ქალებზე. ქალებს, რომლებიც არ მოგწონთ, თქვენ ეძახით - მსუქანა ღორებს, ძაღლებს, უხეირო, ამაზრზენ ცხოველებს. 
  • - ეს მარტო როუზ ო'დონელს დავუძახე - აწყვეტინებს ტრამპი. 
  • - თქვენს ტვიტერზე რამდენიმე დამამცირებელი კომენტარია ქალთა შესახებ. თქვენს შოუში, "შეგირდში", მონაწილეს უთხარით, რომ ლამაზი წარმოსადგენი იქნებოდა დაგენახათ ის მუხლებზე დაჩოქილი. როგორ გგონიათ, ასეთი ფიცხი ადამიანი უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად? და როგორ უპასუხებთ ჰილარი კლინტონის ბრალდებებს, როცა ქალთა წინააღმდეგ ომში ხართ ჩართული?" 

და გაცხარება და შარვლიდან ამოხტომა მაშინ უნდა გენახათ. 

ეს მაშინ, როცა ათეულ მილიონი ადამიანი არათუ შენს პასუხს, შენს სახეზე ნერვის მოძრაობას აკონტროლებს. 

საერთოდ, ტრამპთან მიმართებაში ხშირად ახსენებენ "რეიგანის ფაქტორს" (პოლიტიკაში გამოუცდელის მოსვლას), მაგრამ რეიგანი სიტყვებს ეფერებოდა, აგრესიაც კი იუმორში ჰქონდა გახვეული. 

ტრამპი შეულამაზებელი და უკმეხი სიმართლით შეიყვარა მისმა ამომრჩეველმა - ის სათქმელს ზოგჯერ უტაქტოდ, უზრდელად ამბობდა და - ამ პოლიტიკური თუ დიპლომატიური ტაქტიანობით დაღლილებს გულს მალამოდ ეცხებოდა. და აქამდე მოვიდა. 

რატომ ჰილარი ვერა? 

იგი ყოველთვის აგვიანებდა ცხელ კითხვებზე პასუხის გაცემას - ემაილების სკანდალზე ხანგრძლივმა სიჩუმემ დიდი ბოღმის გუნდა ააგორა. არადა, მყისიერად რომ გამოსულიყო და ადამიანურად ეთქვა: "უი, მართლა არ შეიძლებოდა? არ ვიცოდი, მაპატიეთ" - ამხელა გუნდა დასაწყისშივე დადნებოდა. დროული "ბოდიში" ყველაზე დიდი იარაღია, რომლის დრო თუ გამოგეპარა, შემდეგ ასმაგ ხარისხში აყვანილიც აღარ შველის გაფუჭებულ საქმეს, რაც დავინახეთ კიდეც - მისმა დუმილმა ერთი მედიის უბრალო კრიტიკა მასობრივ აღელვებად გადააქცია. 

ტრამპს "ლაგარტკიდან" დაწყებული, ტყვიით დამთავრებული, საბრძოლველი იარაღი მრავლად ჰქონდა - ოპონენტის სახელმწიფო მდივნად მუშაობისას რუსეთთან წარუმატებელი "გადატვირთვის" ჩავარდნა; ირანთან და კუბასთან მიღწეული შეთანხმებები, სადაც ამერიკის ინტერესები პირველ რიგში არ დგას; კლინტონის ფონდის წინააღმდეგ მიმდინარე ფედერალური გამოძიება; ბენგაზში აფეთქებული დიპლომატიური კორპუსის დაუცველობა... 

კლინტონსაც ჰქონდა ასეთი "ხლაპუშკები" ტრამპისადმი, თუმცა ამერიკელი ამომრჩეველის უმრავლესობისათვის, "ხლაპუშკებად" დარჩა -

ბანკროტის მუხლი იმიტომ გამოვიყენე, რომ საგადასახადო კანონი მაძლევდა იმის უფლებას, რომ ბოლომდე არ მიმეყვანა ეს პროცედურა, მაგრამ მის რეჟიმში ყოფნისას კანონში არსებული ხვრელებით მესარგებლაო. 

გადასახადებს იმიტომ ვერ გაჩვენებთ, რომ მილიარდელი თავის კონკურენტებს არც კარტს უშლის და არც ჯიბეში ახედებსო. 

რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობაში და მეგობრობაში ამერიკის ინტერესები იქნება პირველიო, ამით რაც შენ ვერ გააკეთე, იმას შევძლებო.

ეს კი მართალია, 28 წლის წინანდელ ინტერვიუში ოპრასთან, იმ დროისათვის გაცილებით ახალგაზრდა ტრამპი ამბობდა, - თუკი პრეზიდენტობას გადავწყვიტავ, უსათუოდ გავიმარჯვებო, დამარცხება ჩემი სტილი არ არისო. 

და ასე დამაჯერებლად წაიყვანა მთელი საარჩევნო კამპანია: 

თქვა, რომ ოჯახად მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობას ვაღიარებო, და დაიპირისპირა ათასი ჯურის უფლებადამცველები; 

11 მილიონ ემიგრანტს გავყრი ქვეყნიდანო, კედელს ავაშენებო - და ლათინური ამერიკა და ემიგრაცია მტრად მოიკიდა; 

მედია და ტელევიზია მატყუარები ხართ და ჯიბეში უზიხართ ჩემს ოპონენტსო (მართალი იყო, სი-ენ-ენის ანალიტიკოსმა და დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ წინასწარ გაანდო დებატების კითხვა კლინტონს) და ამით ბოლო ხმაზე ააკნავლა ანალიტიკოსებად გადაცმული დემოკრატიული პარტიის ნომენკლატურა; 

ობამას "ჯანდაცვას" ახალი რეფორმით ჩავანაცვლებო, დაიყვირა და ამაზე ბარაკი გააგიჟა - დაავიწყდა ჯერაც პრეზიდენტი რომ იყო და თავით გადაეშვა ჰილარის საარჩევნო კამპანიაში მეუღლესთან ერთად. 

ოოოო, ამ გადაცდომამ უსამართლო უპირატესობა დაანახა რიგით ამომრჩეველს და ორი საათი წვიმაში ქოლგით დადგა საარჩევნო უბანში შესვლისათვის, სიცივეში... 

P.S. ამერიკა თავის პრეზიდენტად ყოველთვის ირჩევდა ჭკვიანს, სიმპათიურს, გამჭრიახს, გამორჩეულს, მოხერხებულს - წელს ასეთი ფუფუნება არ იყო - კორუმპირებულსა და "იდიოტს" შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი და გააკეთა კიდეც. 

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამერიკას "გიჟი" პრეზიდენტად არასოდეს ჰყოლია და გადაწყვიტა, ამასაც გაუსინჯოს გემო. ქალ პრეზიდენტს კი, ისევ დაელოდება შტატები - ოღონდ პოლიტიკისათვის გაცილებით სუფთასა და უმწიკვლოს. 

მანუჩარ კაჭახიძე, 

ჟურნალ "მამულის" რედაქტორი, აშშ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები