ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მაია შენგელია

გზანი უფლისანი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

(წერილი მეორე)

    დავუბრუნდეთ ამბავს, რომელზეც წინა წერილში მოგახსენებდით და რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო: 1881 წელს საქართველოში უნგრელი მხატვარი (რომანოვების კარის მხატვარი) მიხაი ზიჩი იმყოფებოდა. იგი ხშირად სტუმრობდა ბაბალე ჩოლოყაშვილი-ბარათაშვილისას, სადაც იკრიბებოდნენ პოეტები, მხატვრები, მწერლები. მასპინძელი გატაცებული იყო შოთა რუსთაველის ქნილებით და ეხმარებოდა საზოგადოებას პოეტის ძეგლის დადგმისა და პოემის თარგმნისათვის თანხების შეგროვებაში. სწორედ მას დაებადა აზრი "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმის შესახებ. ბაბალემ თხოვა მხარვარს გაეკეთებინა ესკიზები ამ სურათების მიხედვით. ზიჩი ძმას წერდა: "ბაბალე ბარათოვამ მომმართა თხოვნით, დამედგა ცოცხალი სურათები შოთა რუსთაველის უძველესი ქართული ქმნილების "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით. წარმოდგენამ დიდი წარმატებით ჩაიარა. აპლოდისმენტებს ბოლო არ ჰქონდა". (17) ამ წარმოდგენაში მონაწილეობას ღებულობდა ქართველი თავად-აზნაურობის საუკეთესო ნაწილი. ცოცხალი სურათები ჯერ თბილისში, მერე კი ქუთაისში იქნა ნაჩვენები. სწორედ ცოცხალი სურათების ქუთაისში წარმოდგენის დროს ნახა (გადმოცემის თანახმად) თავად ტარიელ ალექსანდრეს ძე დადიანის უმშვენიერესი მეუღლე, აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანისა (იგი ნესტან-დარეჯანს განასახიერებდა) პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა, რომელსაც ქუთაისში შამპანურის ქარხანა ჰქონდა და ძმასთან ალექსანდრესთან ერთად გაგრის საკურორტო ზონისა და რკინიგზის მშენებლობითაც იყო დაკავებული.

    კონსტანტინე ოლდენბურგს ნახვისთანავე გულში ჩაუვარდა აგრაფინას სიყვარული, მაგრამ ქალი გათხოვილი იყო. პრინცი დადიანს ეახლა და ქალის დათმობაში (ზოგი ვერსიით ერთი ღამით დათმობაში), 1 000 000 რუბლი შეალია ოქროთი. იმ დროისათვის ეს თითქმის მილიარდს უდრიდა. დადიანმა ქალი დათმო. ხალხში სწრაფად გავრცელდა  (სავარაუდოდ აკაკი წერეთლის) კალამბური: "აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო"... ქმართან საქმის მოგვარების შემდეგ, პრინცი აგრაფინას ეახლა და განუცხადა, რომ ამიერიდან მისი საკუთრება იყო. ამ გარიგებით აღშფოთებულმა ქალმა უპასუხა, - ვისაც ფული გადაუხადე, სურვილიც იმან აგისრულოსო. ქალის თამამი ქცევით მოხიბლულმა პრინცმა იკითხა, თუ რა უნდა მოემოქმედნა ისეთი, რომ მანდსილოსნის ყურადღება დაემსახურებინა. აგრაფინამ ითხოვა ისეთი სასახლის აშენება თბილისში, რომლის მსგავსი და ბადალიც  მთელს ამიერკავკასიაში არ იქნებოდა. ეტყობა ქალი დარწმუნებული იყო, რომ უახლოეს პერიოდში ამ მოთხოვნის შესრულება იოლი არ იყო. მაგრამ პრინცი ოლდენბურგი უმდიდრესი ადამიანი იყო. მან სასწრაფოდ შეიძინა ავსტრიის ქვეშევრდომი ფრანც ტიტელის ქალიშვილისაგან მშენებარე სასახლე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც არქიტექტორ პოლ შტერნის ხელმძღვანელობით შენდებოდა. შემდგომში პროექტმა სახეცვლილება განიცადა. შენობას საბოლოო სახე 1895 წელს მიეცა (ამ დროისათვის აგრაფინასა და ოლდენბურგს უკვე სამი შვილი ჰყავდათ. (18)). სასახლის გახსნაზე მოწვეული სტუმრები სამოსის კალთებს იკაპიწებდნენ, რადგან შენობაში შესვლისას იატაკზე დაგებული ბროლისა და განათების საშუალებით, მოლივლივე წყლის ეფექტი იქმნებოდა. მანამდე შეყვარებული წყვილი უკვე აგებულ "სიყვარულის კოშკში" ხვდებოდა ერთმანეთს. ეს კოშკი მოგვიანებით სასახლის ორგანული ნაწილი გასდა. (19) აგრაფინასა და დადიანის გაყრის პროცესი სწრაფად განხორციელდა და უკვე 1882 წლის დეკემბერში აგრაფინა პრინცს გაჰყვა ცოლად. მაგრამ რადგან მათი ქორწინება მარგანენტული (ანუ წოდებრივად არათანაბარი პირების) იყო, ხოლო რუსეთის იმპერიაში ოფიციალურად არსებობდა ასეთი ქორწინების საწინააღმდეგო კანონი, პრინცის მამამ, დიდმა ჰერცოგმა პეტრე ოლდენბურგმა აგრაფინას და მთელს მის შთამომავლობას უბოძა გრაფ ზარნეკაუს ტიტული, იმავე სახელწოდების მიწების მიხედვით, რომელთა მფლობელებიც ისინი ხდებოდნენ. ამრიგად აგრაფინას შვილები იწოდებოდნენ არა პრინც და პრინცესა ოლდენბურგად, არამედ გრაფ და გრაფინია ზარნეკაუდ. (20) 1905 წლის რუსეთი რევოლუციის შემდეგ ოლდენბურგ-ზარნეკაუს ოჯახი დაიქსაქსა. 1906 წელს პრინცი მოულოდნელად ნიცაში გარდაიცვალა. ქონება და სასახლე ბოლშევიკებმა ჩამოართვეს, ხოლო  აგრაფინა 1927 წელს ქუთაისში გარდაიცვალა უკიდურეს სიღატაკეში. ქუჩაში გამოსულ გაუბედურებულ ქალს ბავშვები კიჟინით დასდევდნენ: - "გრაფინია ზარნეკა-უ-უ! გრაფინია ზარნეკა-უ-უ!" (21) შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი...

     ეს გახლავთ ის ისტორია, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, რისი გამორკვევა და ჩვენის აზრით, ერთმანეთთან დაკავშირებაც მოვახერხეთ...

     ამ ისტორიის მოსმენისას რამდენიმე შეკითხვა გაგვიჩნდა. პირველი მათგანი მთავარ პერსონაჟებს შეეხებათ, - ვინ არიან ისინი?

    როგოც აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის შორეული ნათესავი დევი ივანოვ-ჩიქოვანი გადმოგვცემს: "ქალბატონი აგრაფინა იყო თავადის ქალი, ჯაფარიძე. ჯაფარიძეების ერთი შტო თავადები არიან. შემდეგ ის ცოლად გაჰყვა თავად დადიანს და მიიღო ტიტული - კნეგინია დადიანი-ჯაფარიძე. უზომოდ ლამაზი ქალი ყოფილა, კოხტა და თან საოცრად მხიარული. ზედმიწევნით მხიარული ყოფილა, რაც იმ დროის ქალებისთვისაც უცნაური იყო, რადგან ისინი უფრო თავშეკავებულნი და მორიდებულები იყვნენ. ის ძირითადად ქუთაისსა და ზუგდიდში ცხოვრობდა. ზუგდიდი საკმაოდ სერიოზული ცენტრი იყო, იქ იყო სასახლე, ზღვისპირეთში დიდი მშენებლობები მიმდინარეობდა და ბევრი მაშინდელი ბიზნესმენი ჩადიოდა. ქუთაისში კი იკრიბებოდა მაღალი საზოგადოება." (22) აგრაფინას კიდევ ერთი ნათსავის, მსახიობ გია ჯაფარიძის ცნობით: მის ბაბუას, კონსტანტინე ჯაფარიძეს "დედაც ჯაფარიძე ჰყავდა და მამაც. მისი დეიდა - აგრაფინა ულამაზესი და ხალისიანი ქალი ყოფილა. აკაკი წერეთელმა თურმე "აგრაფინა კისკისა" დაარქვა. გალექსილიც იყო: "აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო", რასაც აგრაფინას პასუხი მოჰყვებოდა: "დადიანი და პრინციო, ორივე კარგად ვიციო".  აგრაფინა გახლდათ რაჭველი თავადის ქალი სოფელ ველთეთიდან. ბაბუა ჯარში რომ მიჰყავდათ, იმხანად აგრაფინა ქუთაისელი დადიანის მეუღლე ყოფილა, დიდი გავლენა ჰქონია და მისი წყალობით ბაბუა ელიტარულ ნაწილში გაუშვიათ. დღეს ველთეთელი ჯაფარიძეები, აგრაფინას პირდაპირი ჩამომავლები მამის მხრიდან, გარდაბანში ცხოვრობენ. ერთი, სხვათა შორის, დეპუტატიც იყო, მეორე - მერი." (23) მაგრამ ამით არ სრულდება ცნობები აგრაფინას თაობაზე. მისი მეუღლის, ტარიელ დადიანის შესახებ ცნობებიც მეტად საინტერესო ინფორმაციას შეიცავენ თვით ამ ქალბატონის შესახებ.

    მაშ ასე, ტარიელ ალექსანდრეს ძე დადიანისათვის, კაცისათვის, რომელმაც ულამაზესი მეუღლე 1 000 000 ოქროდ დათმო, აგრაფინა მეორე მეუღლე გახლდათ. პირველი ცოლი სოფიო ლეონის ასული შერვაშიძე, გენერალ პროკოფი შერვაშიძის და იყო, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა და დადიანმა 14 წლის აგრაფინაზე მეორედ იქორწინა. ქმართან გაყრის მომენტისათვის აგრაფინა მხოლოდ 26 წლის იყო. დადიანთან გაყრისა და პრინც ოლდენბურგზე ქორწინების მერეც, მისი გერები და შვილები დადიანისაგან, ოლდენბურგების სახლში ხშირი სტუმრები იყვნენ, მათ შორის დედა-შვილური ურთიერთობა არც შემდეგ გაწყვეტილა. მათთან სტუმრობდნენ გენერალ შერვაშიძის ქალიშვილებიც მარიამ-მერი (რუსეთის დედოფლის ფრეილინა, გალაკტიონის ცნობილი ლექსის ადრესატი) და თამარი (ამ უკანასკნელზე, ცნობილ მოდელზე, უკვე ემოგრაციაში ყოფნის დროს იქორწინა აგრაფინასა და ოლდენბურგის ერთ-ერთმა ვაჟმა.), მოდიოდნენ თავადი ერისთავებიც. (24) ამრიგად, შემთხვევითი არ არის, რომ ტარიელთან გაყრის შემდეგაც კი აგრაფინას უფლება მიეცა ეტარებინა დადიანების ტიტული და ესარგებლა მათი გერბით, ამიტომაც უნდა იყოს იგი გამოსახული თბილისის სასახლის ფასადზე. გარდა ამისა, ოლდენბურგები უმდიდრესი სამეფო კარის წარმომადგენლები იყვნენ და შესაძლოა, დადიანებს სურდათ მომავალში გარკვეული ქონებრივი პრეტენზიები შეენარჩუნებინათ, აგრაფინას ხომ შვილები ტარიელისგანაც ჰყავდა. ამ აზრს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოგვიანებით თბილისის ოლდენბურგების სასახლე დადიანების რეზიდენცია იყო და აქ ცხოვრობდნენ ჯერ სამეგრელოს მთავრის მემკვიდრე, ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი, ცნობილი მოჭადრაკე ანდრია დადიანი (25), შემდეგ კი პრინცი მიურატი, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა ციციშვილის ულამაზესი ქალი, რომელიც მოპირდაპირედ მდებარე მოზაიკიან სახლში ცხოვრობდა. ისინი სასახლის ეზოში საიდუმლოდ შეხვედრიან ერთმანეთს და ეზოში ამჟამად მდებარე ფანჩატურიც მათი სიყვარულის ნიშნად აუშენებიათ. იმასაც ამბობენ, ამ ეზოდან ციციშვილის სახლამდე საიდუმლო გვირაბი იყო გათხრილიო..." (26) და მიუხედავად ამ საკმაოდ დამაჯერებელი ვარაუდისა, ჩვენს მიერ ქვემოთ მოყვანილი ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ თბილისის სასახლის ფასადზე დადიანების გერბის დაფიქსირებას უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი გააჩნია და ეს აქტი ერთგვარი მადლიერების გამომხატველი უნდა იყოს დადიანების (ჩიქოვანების) მიმართ.

     მაინც, რამ აიძულა ქართველი წარჩინებული თავადი თუნდაც მილიონად დაეთმო ცოლი? ამ შეკითხვაზე პასუხის რამდენიმე ვერსია არსებობს: ზოგის მოსაზრებით თავადმა ცდუნებას ვერ გაუძლო, ზოგი ვერსიით ქაღალდში წააგო, ზოგი ვარაუდით კი დიდი ვალი დაედო... (27) ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გავცემთ, თუ ზოგიერთ დეტალს არ გავითვალისწინებთ და არ გავაანალიზებთ, კერძოდ:

    მეტად უცნაურად მოჩანს, რომ პრინცი ოლდენბურგი აგრაფინას მანამდე არ იცნობდა, მით უმეტეს, რომ ზუგდიდი სერიოზული ცენტრი იყო, ზღვისპირეთში მშენებლობები მიმდინარეობდა, ბევრი ბიზნესმენი ჩადიოდა ამ ქალაქში. დადიანები კი ძირითადად ზუგდიდსა და ქუთაისში ცხოვრობდნენ. პრინცი ოლდენბურგები კი საკურორტო საქმითა და რკინიგზის გაყვანით იყვნენ დაკავებულნი. ხოლო კონსტანტინე ოლდენბურგს ქუთაისში შამპანურის ქარხანა ქონდა და მისი ქარხნების მოურავი სხვა არავინ, თუ არა აგრაფინას ღვიძლი ძმა იყო. (28) თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ცნობიდა არ ჩანს აგრაფინას ძმა პრინცისა და აგრაფინას ქორწინების შემდეგ გახდა პრინცის ქარხნების მოურავი, თუ მანამდეც მსახურობდა მასთან?! 

     უცნაურია ისიც, რომ აგრაფინასა და დადიანის ქალიშვილი ნინო, ისევე როგოც აგრაფინა, მცირეწლოვანი გაათხოვეს ზუგდიდი პოლიციის შეფის ვაჟზე, დადიანზე. საყოველთაოდ ცნობილია,რომ საქართველოში მეექვსე მუხლის ნათესავებს შორის, ანუ ერთი გვარის პირთა შორის ქორწინება მიღებული არ არის. რატომ მიათხოვეს დადიანი დადიანს? (ამ დროისათვის "დადიანი" უკვე გვარადაა ჩამოყალიბებული.) იყო კი ბავშვი დადიანი?! შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი...

     ის ფაქტი, რომ დადიანი თუნდაც მილიონის საფასურად იოლად არ დათანხმებულა პრინცის შემოთავაზებას იქიდანაც ჩანს, რომ "ვიდრე ოლდენბურგი დადიანის ცოლთან გაყრაზე დაყოლიებას შესძლებდა, წყვილი იძულებული იყო ანგარიში გაეწია მაშინდელი საზოგადოებისათვის და დაქორწინებამდე საიდუმლოდ სასახლის კოშკში ხვდებოდნენ ერთმანეთს". (29) სწორედ აქედან უნდა იღებდეს სათავეს "სიყვარულის კოშკის" მითიც.

     ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ტარიელმა შეურაცყო ცოლი, დაუშვა საბედისწერო შეცდომა, დახარბდა ფულს... სამეგრელოს მთავრებმა მოკვეთეს იგი... და როგორ ამბობენ, დადიანები თავისიანებს ტარიელის სახლისაკენ გახედვასაც კი უკრძალავდნენ, რომელიც ქუთაისში იდგა... ", ტარიელ დადიანის "უმსგავსო საქციელი" მაინც გამონაგონს გავს, ქალის სახელის დასაცავად მოფიქრებულს (მსგავს მომენტებს ამ ისტორიაში კიდევ წავაწყდებით.), თუმცა ეს თანხის მიღების რეალობას არ გამორიცხავს.მაგრამ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, დადიანების განაწყენებას ტარიელის საქციელით, უმალ პოლიტიკური სარჩული უდევს, ვიდრე ზნეობრივი მრწამსი.

     მიუხედავად მოყვანილი ვარაუდისა, იგი მაინც ვერ ჩაითვლება უცილობლად და ამას გარდა ბავშვის (ნინოს) დაბადებიდან მის გათხოვებამდე საკმაო დროა გასული და თუ ცოლ-ქმარს შორის მაშუნათვე არ მოხდა კონფლიქტი, მით უფრო საეჭვოა, რომ წლების შემდეგ მომდხარიყო. ამასთან ხომ შეიძლება ზუგლილის პოლიციის შეფი სხვა განშტოების დადიანი ყოფილიყო (ისევე, როგორც გია ჯაფარიძის ბაბუის მშობლები)? თანაც დადიანი წოდებაა და არა გვარ,  რომელიც დროთა განმავლობაში იქცა გვარად. მაშ, რამ აიძულა თავმოყვარე თავადი დათანხმებოდა გარიგებას?! შევეცადოთ საკითხს სხვა კუთხიდა შევხედოთ.

     მაშ ასე, ოლდენბურგები... ვინ არიან ისინი და როგორ მოხვდნენ საქართველოში?! 

     ერთ-ერთ ცნობაში ვკითხულობთ: "ეკატერინე II დროიდან ოლდენბურგები რუსეთის იმპერიის მფარველობაში იმყოფებოდნენ. უფლისწული გიორგი ოლდენბურგი იყო დაქორწინებული ალექდსანდრე I დაზე ეკატრეინე პავლოვნაზე (ამ ქორწინებას კიდევ დავუბრუნდებით). მისი ვაჟი, უფლისწული პეტრე ოლდენბურგი ალექსანდრე II მეგობარი იყო და გენერალ-ადიუტანტის წოდება ჰქონდა. პეტრეს შვილებს, ალექსანდრესა და კონსტანტინეს (აგრაფინას ქმარს) უშუალო კავშირი ჰქონდათ კავკასიასთან, კერძოდ კი საქართველოსთან.

    ალექსანდრე და კონსტანტინე დაიბადნენ პეტერბურგის სასახლეში, რომელიც ერგო მათ მამას (პეტრეს, დავიმახსოვროთ ეს!). მათ მიიღეს ბრწყინვალე განათლება. სასახლეში ხშირად ტარდებოდა წვეულებები, სპექტაჯკლები და კონცერტები." (30)

    ეს ცნობა ჯერ კიდევ ვერ გვაძლევს წარმოდგენას ოლდენბურგთა გვარის კეთილშობილურ წარმომავლობაზე. ცნობარში ვკითხულობთ: " ოლდენბურგების დინასტია (დან. Oldenburgske slegt, გერ. Haus Oldenburg) - გერმანული წარმოშობის საგვარეულოა, რომლის განშტოებებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეფობდნენ. ოლდენბურგთა პირდაპირი ხაზი 1448-1863 წწ. დანიაში მეფობდა, 1523 წლამდე კი დანიის უნიაში შვედეთი და ნორვეგიაც ერთიანდებოდნენ (კალმარის უნია), ხოლო 1814 წლამდე დანია-ნორვეგიის უნიას უდგნენ სათავეში.

   ოლდენბურგების მამრობითი ხაზის შთამომავლებად შეიძლება ჩაითვალონ უკანასკნელი რომანოვები (1762-1917), შვედეთის მეფეების ჰოლშტეინ-გოტორპის დინასტია 1751-1818 წწ. , გლუქსბურგების დანიური, ნორვეგიული და ბერძნილი შტოები, ბერძნული გლუქსბურგებიდან კი მაუთენბერი-უინძორების ბრიტანული განშტოება (ელისაბედ II შვილებით დაწყებული)," (31) ანუ თითქმის მთელი მონარქიული ევროპა, ესპანეთის გამოკლებით.

    რუსეთთან კი განსაკუთრებული კავშირები გააჩნდათ. პეტრე I შემდეგ სამეფო დინასტიაში გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა და დინასტია ქალის ხაზით გაგრძელდა. რომანოვები კი აქტიურად ქორწინდებოდნენ ჰოლშტეინ-გოტორპის დინასიის წარმომადგენლებთან, ამიტომ რუსეთის სამეფო სახლი "რომანოვებისა და ჰოლშტეინ-გოტორპის სახლად" იწოდებოდა. (32) ხოლო ოლდენბურგის საჰერცოგო 1773 წლიდან, ეკატერინე II დროიდან მოყოლებული, რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა და ჰერცოგი ოლდენბურგები რუსეთის სამეფო კარზე "მათ იმპერატორობით უმაღლესობად" იწოდებოდნენ და დინასტიურ უფლებებში რომანოვებთან იყვნენ გათანაბრებულნი. (33) (საფიქრებელია, რომ ასეთივე უფლებებს მიელტვოდნენ ქართველი მონარქები, როცა რუსეთის მფარველობის ქვეშ შედიოდნენ და თუ წინა წერილს გავიხსენებთ, არც თუ უსაფუძვლოდ. მ. შ.)

    და მაინც, რატომ იყო რუსეთის სამეფო კარი კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი მაშინ, როცა თვით ჰერცოგი პეტრე ოლდენბურგი შემწყნარებელი აღმოჩნდა და ერთგვარი გამოსავალიც კი მოძებნა მომავალი სარძლოსათვის გრაფინიას ტიტულის მინიჭებით? მიზეზი მართლაც წოდებრივად არათანაბართა  ქორწინება იყო, თუ სხვა რამ საიდუმლოც იმალებოდა ამ ყველაფერის უკან?

    საიდუმლო კი მართლაც არსებობდა და ის პეტრე ოლდენბურგის (აგრაფინას მამამთილის) წარმომავლობას ეხება. ამ საკითხს შემდეგ წერილში დავუბრუნდებით. მართლაც რომ შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი!

-----------------

17. Матешвили. «Принц Олденбургский и графиня Зарнекау». Жур.: «Самиздат». https://sites.google.com/site/mateshvili17/

18.Матешвили. დასახელებული სტატია.

19. ა) იქვე.

    ბ) ს. გველესიანი. "ვინ გადაუხადა მილიონი ოქრო თავად დადიანს მის ცოლთან ერთი ღამის გატარებაში" ჟურ. "თბილისელები". 21.07.2010.  http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=4880&rubr_id=27&jurn_id=26

20. Матешвили. დასახელებული სტატია.

21. ს. გველესიანი. დასახელებული სტატია.

22. ს. გველესიანი. დასახელებული სტატია.

23. ირმა ხარშილაძე "ყველა სასახლე". http://www.art-ateuli.ge/artbase/new.php?lang=geo&uin=674  11.02.2011

24. Матешвили. დასახელებული სტატია.

25. ვალერიან მარდალეიშვილი. "გურული მხედრების ბედი და გერმანელი პრინცის სიყვარულის ამბავი". გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა". 2010-07-24.http://www.opentext.ge/index.php?m=12&y=2010&art=16601

26. თეა თავბერიძე. სიყვარულის სასახლის მოჩვენებები.http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=192:2010-07-15-08-36-33

27. Матешвили. დასახელებული სტატია.

28.ს. გველესიანი. დასახელებული სტატია.

29. ეკა ლომიძე. "ერთი ღამის ოთახი ანუ სიყვარულის სასახლის ისტორია" . ჟურ. "კვირის პალიტრა". 10.02.2011 http://old.kvirispalitra.ge/archive/2009/21-2009/htm/saxeebi.htm

30. К. Бараташвили. «Дворец Искусства». Жур.: «Русский Клуб». №3 . 2010. http://eventlenta.wordpress.com/2010/04/03/sakartvelos-teatris-kinos-da-koreografiis-sxelmts-muzeumi/

31.www.  wykipedia

32. Балязин В. Н. «Тайны дома Романовых».

33. იქვე. გვ. 215.

                          

  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები