ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მანანა თურმანიძე

ჯინსების თაობის პროტესტი თუ ტერორიზმი?!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   საინტერესო მოსაზრებას წარმოადგენს იუმორისტი, ბატონი ბაკურ სვანიძე მისი სოციალური ქსელის მეშვეობით, რომელსაც ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემა marshalpress.ge გვთავაზობს წერილის სახით (იხ. ბმული ქვემოთ). სამწუხაროდ, თემა ერთობ არა-იუმორსიტულია. თვითმფრინავის საქმე, ასე იხსენიებს ავტორი ჩვენი თაობის ტრაგედიას, რომელიც ჩემი აზრით ჩვენი, ანუ "ჯინსების თაობის" პროტესტი უფრო იყო, ვიდრე ტერორიზმი. წერილში ვკითხულობთ - "დიახ! 1983 წლის 18 ნოემბერს იმ ტერორისტებმა,  რომლებისთვისაც ჩვენი საზოგადოების დაავადებულმა ნაწილმა სცადა მოფერებით “ჯინსების თაობა” შეერქმია,  სინამდვილეში გაიტაცეს სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს თბილისი-ბათუმი-ლენინგრადი…" - წერს ავტორი და განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის დაბლოკვით ემუქრება მისი ფეისბუქის მეგობრებს. კარგია, რომ მხოლოდ დაბლოკვით და არა უფრო მკაცრი სასჯელით!     ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მოსაზრება არის ჩემთვის და ალბათ არა მხოლოდ ჩემთვის განსხვავებული აზრი, რომელსაც მუდამ პატივს ვცემ, რადგან დემოკრატიულ ღირებულებებს ვცემ პატივს, უპირველეს ყოვლისა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ არსებობს ნეიტრალური და გაწონასწრებული ტონი, რომელიც შეიძლება შეარჩიო ნებისმიერი აზრის დაფიქსირერიბას. საერთოდ, კულტურული ადამიანები ალბათ უნდა შეეცადონ, რომ თავიანთი პოზიციის დემონსტრირებით არ შეურაცხჰყონ ან, მითუმეტეს დააშინონ ადამიანები. დიდი ბოდიშის მოხდით და მოწიწებით, თქვენც იგივეს გირჩევდით ბ-ნო ჩემო, თუკი რასაკვირველია ამის სურვილი გაგაჩნიათ!      გარდა ამისა, ე.წ. "თვითმფრინავის ბიჭები", რომელიც ტკივილის სამახსოვრო ლაქად დააჩნდა ჩვენს საზოგადოებას საბჭოური სისტემისგან, რომლისგანაც ამ ახლაგაზრდებმა სცადეს გაქცევა, სწორედ დემოკრატიის დეფიციტს გაურბოდნენ იმ სამყაროდან, რომელსაც გამოუცხადეს პროტესტი ამ ავადსახსენებელი "გაქცევით". ისინი თავად შეეწირნენ თავიანთ პროტესტს, მათ თავიანთი სიცოცხლით ზღეს საზღაური, ამიტომ მსხვერპლად უფრო მოიაზრებიან საზოგადოების მხრიდან! ის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიბრალული და თანადგომა გამოხატა იმ ახლაგაზრდების მიმართ, რომლებმაც უზომოდ დიდი სასჯელი იწვნიეს თავიანთი დანაშაულის საპასუხოდ, აისახა ხელოვნების სხვადასხვა დარგში, რის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშადაც გამოდგება სწორედ ამ წერილში არაერთხელ ნახსენები "ჯინსების თაობა", ამოთქმული მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული თანაგრძნობის სიმბოლოდ. თანაგრძნობა კი ნამდვილად იყო საზოგდოების დიდ ნაწილში, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, მათ თავიანთი ახალგაზრდა სიცოცხლით გაასწორეს ანგარიში სისტემასთან, რომელმაც სიამოვნებით მიიღო ეს სისხლიანი საზღაური.     არასოდეს ყოფილა ჩვენს საზოგადოებაში საუბარი იმაზე, რომ ტერორიზმი დანაშაული არ არის, მაგრამ იყო კი ეს ტერორიზმი, თუ ტერორიზმის ბრალდება? მათ ხელყუმბარები ჰქონდათ, მაგრამ არ გამოუყენებიათ! მათ თავიანთი ბავშვური პროტესტით, ცხადია დააშავეს, ბევრი უდანაშაულო ადამიანი გაანერვიულეს, თვითმფრინავის პილოტიც მათ შორის, თქვენი სკოლის პედაგოგებიც და თანაკლასელი "მუდამ მხიარულთვალება გოგონაც", მაგრამ სიკვდილით დასჯა ალბათ არ იყო იმ დანაშაულის საპირწონე, რომელიც მათ ჩაიდინეს. ვფიქრობ, ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური სისტემა ან ის მატერიალური ზარალი, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ მიერ თვითმფრინავის გატაცებას და თურქეთის აეროპორტში დაშვებას. ზოგადად, ალბათ არც ერთი დანაშაული არ არის ადამიანის სიცოცხლის საპირწონე. დანაშაულებირივი იყო ცეცხლის გახსნის ის გადაწყვეტილებაც, რომელიც შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა მიიღო, რითაც ადგილზევე მოკლა გია ტაბიძე, ის გადაწყვეტილებაც, რომელიც პილოტმა მიიღო და თვითმფრინავი სტამბულის ნაცვლად თბილისის აეროპორტში დასვა, ის გადაწყვეტილებაც, რომელიც სისტემის მესვეურებმა მიიღეს, რომლის წყალობითაც თვითმფრინავს მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაიჭრა თერთმეტი მგზავრი და გარდაიცვალა ერთი. სხვათაშორის, პილოტ ახმათგერ გარდაფხაძესა და შტურმან ვლადიმერ გასოიანს მოგვიანებით მიენიჭათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.      1991 წლის ნოემბერში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, გაზეთში „თავისუფალი საქართველო“ გამოქვეყნდა მისი მძაფრად კრიტიკული სტატია იმის შესახებ, რომ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით გატარდა „უგუნური სასაკლაო“ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც თვითმფრინავით ცდილობდნენ იმპერიის დატოვებას. მასში ნათქვამია, რომ მხატვარი გია ტაბიძე მოკლეს, მხატვარმა დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა, მსახიობმა გეგა კობახიძემ, მხატვარმა სოსო წერეთელმა, ექიმებმა პაატა და კახა ივერიელებმა „იმპერიის სპეცნაზის“ მიერ მოწყობილი შტურმის დროს მიიღეს ჭრილობები. სხვათაშორის, სწორედ გამსახურდიას მმართველობის პერიოდში მოხერხდა თინათინ ფეტვიაშვილის გათავისუფლებაც.     მართლაც საინტერესოა, ის "უგუნური სასაკლაო", რომელსაც ამდენი ადამიანის და ახალგაზრდა სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა სისტემის მხრიდან, როგორც გაფრთხილება დანარჩენი თაობების დასაშინებლად, რამდენად ეთიკური და მისაღები იყო თქვენთვის, ვისთვისაც მიუღებელია "ჯინსების თაობის" რომანტიზირება და მათი "მოფერება" საზოგადოების მხრიდან? მომიტევეთ, მაგრამ, ტრაგედიას, რომელიც თვითმფრინავის გატაცების მცდელობას მოჰყვა და რომელსაც თქვენ საქმე უწოდეთ, არაერთი ოჯახის მოუშუშებელი ტკივილი და უბედურება ჰქვია რეალურ ცხოვრებაში. ამ ტრაგედიას ამ ქვეყნის არაერთი თაობა აღიქვამს 20-ე საუკუნის წითელი ტერორის სიმბოლოდ, თუმცა არა ტერირიზმის გამართლებად! გასაგებია, რომ თქვენ გიყვარდათ თქვენი თანაკლასელი " მუდამ მხიარულთვალება გოგონა", მაგრამ მათ დედებსაც, მამებსაც, თანაკლასელებს და მეგობრებსაც ასევე უყვარდათ არანაკლებ ლამაზთვალება და ნიჭიერი გეგა კობახიძე, გია ტაბიძე, სოსო წერეთელი, დავით მიქაბერიძე, ძმები ივერიელები, ფაქტობრივად უდანაშაულო მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე და ბოლოსდაბოლოს თინა ფეტვიაშვილის არდაბადებული შვილიც, რომელიც ხელოვნური აბორტის შედეგად შეიწირა სისტემამ იზოლატორში.      ტერორიზმი რომ დანაშაულია ეს მართლაც აქსიომაა და ამაზე არც არავინ დაობს, მაგრამ ეს არ ამართლებს იმ ტერორს, რომელიც საბჭოთა სისტემამ მოაწყო და არა მხოლოდ "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეში. ჩვენს თაობას, ანუ ჯინსების თაობას, ეს ე.წ. "თვითმფრინავის ბიჭების საქმე" ე.წ. "წითელი ტერორი"-ს სისხლიან ლაქად ამჩნევია სულზე.  http://marshalpress.ge/archives/15652

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები