ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლაშა ფარულავა

მეტი სარგებელი პარტიას!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კარგად თუ ცუდათ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ამორჩეველმა პროპორციაში 9 მოწვევის პარლამენტი ,,ქართული ოცნების'', ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებით დააკომპლექტა. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს აქ ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციული და ფინანსური შესაძლებლობის დახმარებით ჯერ პირველ ტურებში მიიღო მანდატების 25% ხოლო მეორე ტურში ოპოზიცია პირწმინდათ დადო ბეჭებზე. თუმცა გამონაკლისი ხაშურის ოლქი გამოდგა, სადაც მრეწველმა კანდიდატმა მოიგო. ეს ის გამონაკლისია სადაც ზუსტად იცი რომ მთავრობის ფარული ხელია ერია ხაშურის მარცხში თუ გამარჯვებაში... ასევე მთაწმინდის ოლქში ე.წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც პირდაპირ ქონდა ხელისუფლების მხარდაჭერა, დაამარცხა ნიკა რურუა. საგულისხმოა ის ფაქტი რომ მეორე ტურში ზურაბიშვილის კამპანიაში ღიად მიიღო მონაწილეობა მთაწმინდის ყოფილმა მაჟორიტარი დეპუტატმა არჩილ გეგენავამ. ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, ის ხომ ბიზნესმენია, ხოლო ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს...

საარჩევნო პროცედურები დამთავრდა, ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დადო, ახლა ის დროა დაველოდოთ რა სარგებელს ნახავს 9-ე მოწვევის პარლამენტის მუშაობით ხალხი. თუმცა უკვე შეგვიძლია გავეცნოთ იმ სარგებელს რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა გარანტირებულად მიიღეს.

 “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით, ამჟამად დაფინანსებას 11 პარტია იღებს და კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და დაფინანსებას 11-ვე ინარჩუნებს. ეს პარტიებია: - “ქართული ოცნება“, “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, “პატრიოტთა ალიანსი“ და “ლეიბორისტული პარტია“. ამასთან, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ პარტიებს ემატება - “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკში შემავალი პარტიები: “ტრადიციონალისტები“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“. კვალიფიციური სუბიექტი ხდება ბლოკ “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობაში“ შემავალი პარტია “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში მყოფი “ევროპული საქართველო“. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ხდება პაატა ბურჭულაძის “სახელწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო“. საკუთრივ საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში 300 000 ლარია. აღნიშნული თანხა ორმაგდება იმ პარტიისა და ბლოკისთვის, რომელიც არჩევნებში ხმების 6%-ს ან მეტს მიიღებს. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ფორმულის მიხედვით, საბაზო დაფინანსებას ემატება თანხა, რომელიც ითვლება პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობისა და არჩევნებში მიღებული ხმების ოდენობის მიხედვით. გარდა ამისა, დამატებით 300 000 ლარს იღებს პარტია, რომლის წევრებიც პარლამენტში ფრაქციის სახით არიან წარმოდგენილი. ქვე უნდა აღინიშოს, რომ პარტია იღებს დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ პარტიული სიის ყოველ მომდევნო ათეულში, ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი სულ მცირე 30%-ით არის წარმოდგენილი.ეს წესი პარტიული სიის შედგენისას “ლეიბორისტებმა“, ნინო ბურჯანაძის გაერთიანებამ და “თავისუფალმა დემოკრატებმა“ გაითვალისწინეს.

როგორც ცნობილია, პარლამენტის პირველ სხდომაზე, უმრავლესობის ფარგლებში მხოლოდ ორი ფრაქციის ფორმირება მოხდა. ერთი ეს არის საკუთრივ ”ქართული ოცნება”, რომელიც 110 დეპუტატს აერთიანებს და მეორე - ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველები”. ”მრეწველთა პარტიას“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ”ქართულ ოცნებასთან” ერთად არ მიუღია. ამასთან, არჩევნებში გოგი თოფაძის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 0.78% მიიღო. ”მრეწველების” სახელით კი, მე-9 მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი დეპუტატი - სიმონ ნოზაძე შევიდა, რომელიც ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მან ხაშურის მაჟორიტარული ოლქი ”ქართული ოცნების” კანდიდატს, ვალერი გელაშვილს მოუგო. სწორედ სიმონ ნოზაძის გამო შეიქმნა ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველები”. ის პარლამენტის სხდომის პირველივე დღეს უმრავლესობაში გაერთიანდა და 6-კაციანი ფრაქციის ფორმირების თაობაზე განაცხადა. აღნიშნული ფრაქციის დანარჩენი ხუთი წევრი ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი და ე.წ. უპარტიო დეპუტატები არიან. 

”ქართული ოცნება” აღნიშნული გადაწყვეტილებით ცდილობს, ”მრეწველებმა” ცესკოში წევრი არ დაკარგონ და პარტიას იმ ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსება დაუგროვდეს, რომ მან საარჩევნო ადმინისტრაციაში საკუთარი წარმომადგენლის ყოლის უფლება შეინარჩუნოს. ამასთან, საპარლამენტო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ „მრეწველების“ მიერ ცესკოში წევრის შენარჩუნებით, პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში რეალურად არა ერთი, არამედ ორი წარმომადგენელი ეყოლება. კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც ცესკოში პრეზიდენტის წარდგენით და პარლამენტის მხარდაჭერით არჩეული პირია, რეალურად სწორედ მრეწველთა პარტიას წარმოადგენს. ის არის ზურაბ ტყემალაძის ახლო ნათესავი და „მრეწველებთან“ ერთად „ქართული ოცნების“ ნდობითაც სარგებლობს.საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, 13-კაციანი ცესკოს ის ნაწილი შეიცვლება, სადაც წევრებს პარტიები ნიშნავენ. ცესკოში შვიდი წევრი პარტიების მიერ ინიშნება. თითო წევრის დანიშვნის უფლება იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს აქვთ, რომლებიც ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის შესაბამისად, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. როცა ასეთი პარტიების რაოდენობა შვიდ პარტიაზე მეტია, კანონი უპირატესობას სხვაზე მეტი დაფინანსების მქონე პარტიას ანიჭებს. სწორედ საბიუჯეტო დაფინანსება და მისი ოდენობა განაპირობებს იმას, რომ უახლოეს დღეებში პარტიათა წარმომადგენლების ნაწილს ცესკოში უფლებამოსილება შეუწყდებათ, ხოლო მათ ადგილს მეტი დაფინანსების მიმღები პარტიის წარმომადგენლები დაიკავებენ. 

”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის პირველივე სხდომაზე ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველების” ფორმირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ცესკოში ფაქტობრივად სამი წევრი შეიძლება ჰყავდეს, ”ქართულ ოცნებას” კი - მხოლოდ ერთი.საქმე ის არის, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საარჩევნო ბლოკის ფორმით - პარტია “ევროპულ საქართველოსთან“ ერთად მიიღო. ცესკოში წევრი ეყოლება როგორც საკუთრივ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ასევე “ევროპულ საქართველოს“. გარდა ამისა, ცესკოში წევრის დანიშვნის შესაძლებლობა შოთა მალაშხიას პარტიას - “ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიას“ მიეცემა. აღნიშნული პარტია ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ბლოკში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა და არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, მას მაღალი საბიუჯეტო დაფინანსება აქვს. შესაბამისად, ცესკოში წევრს სავარაუდოდ, შოთა მალაშხიას პარტიაც დანიშნავს. რაც შეეხება ”ქართულ ოცნებას”, მმართველმა პარტიამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მარტომ მიიღო. მართალია, ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იყვნენ და პარლამენტშიც შევიდნენ ”კონსერვატორები” და ”სოციალ-დემოკრატები”, თუმცა, აღნიშნული პარტიები ცესკოში საარჩევნო სუბიექტებად არ დარეგისტრირებულან და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მათ არც საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშვებათ და ვერც ცესკოში დანიშნავენ წევრებს. 

შექმნილ ვითარებაში, ცესკოში ერთი წევრით წარმოდგენილი ”ქართული ოცნება” მოკავშირეს ”მრეწველებში” ხედავს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებული პარტიაა და ამჟამად პარლამენტში ერთი მაჟორიტარით არის წარმოდგენილი. იმისთვის, რომ ”მრეწველებს” ცესკოში წევრის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცემოდათ, ”ქართულმა ოცნებამ” ”მრეწეველთა” ფრაქციის შექმნის გზას მიმართა. ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის თანახმად, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები პარტიისათვის დაფინანსების ერთ-ერთი კომპონენტი პარლამენტში ფრაქციის შექმნაა. აღნიშნული კანონის მიხედვით, პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულია პარლამენტის წევრად, თუ ის საპარლამენტო ფრაქციას შექმნის, 300 000 ლარს მიიღებს. ”ქართული ოცნების” გათვლებით და წინასწარი მონაცემებით, თუკი აღნიშნულ თანხას ”მრეწველების” მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან მისაღები დაფინანსებაც დაემატება, ”მრეწველები” ცესკოში წევრის ყოლის უფლებას ინარჩუნებენ. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ცესკოში წევრს შეინარჩუნებს ნინო ბურჯანაძის პარტია, რადგან ის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე სხვა პარტიებზე მაღალ დაფინანსებას იღებს. ასევე წინასწარი გათვლებით, ცესკოში ერთ წევრს დანიშნავს ”პატრიოტთა ალიანსი”. ამასთან, არსებული მონაცემების მიხედვით, ცესკოში ადგილს დაკარგავენ ”რესპუბლიკური პარტია”, ”კონსერვატორები”, ”თავისუფალი დემოკრატები”. 

 

აი ასე მეგობრებო, ამომრჩეველის ნაცვლად, მეტი სარგებელი პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს, ნამცხვრის ყველაზე დიდი ნაჭერი კი ,,ლურჯი მელიის'' პატრონმა

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი გავიდა

კომენტარები