ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

მიქარიის სულიერების ისტორია (,,ქართველების ექვსი ვნება”, ნ.I)

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

,,სიტყვა ,,მიქარიელი“ ორი ნაწილისგან შედგება – ,,მიქ“ – მოზეიმე იდიოტიზმის ქვეყანა და ,,არიელი“ – რაც მოქალაქეთა უმაღლესი, ,,არიული“ რასისადმი კუთვნილებაზე მიანიშნებს" – სიურრეალისტი გენო (,,ქართველების ექვსი ვნება")     

 …წამოწოლა და წარსულის ქება-დიდება, გაუთავებელ ქეიფთან ერთად, მიქარიელების ცხოვრების წესად გადაიქცა. მანამ კი სახელმწიფო კუნძულად გამოცხადდა და მის საზღვრებზე მიქარიელების ცნობიერებაში წარმოქმნილი ,,რკინის ფარდაც“ დაეშვა. მართალია, პერიოდულად, ცნობა რომელიმე სახელმწიფოს წარმატებასა და მასში ხალხის კეთილდღეობის შესახებ, ,,რკინის ფარდაშიც“ გამოჟონავდა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიქარიელები მწყობრი ნაბიჯით ,,აკლდამებისკენ“ მიაბიჯებდნენ და იქ ისმენდნენ სულიერი მამების მანუგეშებელ ქადაგებას ერის ეჭვშეუტანელ გენეტიკურ უპირატესობაზე ყველა დანარჩენ ხალხებზე. მეორე დღეს კი ყველა გაზეთში იბეჭდებოდა მთავარ აკლდამაში უკვე ერის სულიერი ლიდერის მიერ ნაქადაგები ,,ყირამალა ეპისტოლე“. მისი შინაარსი მასების ფართო განსჯის საგნად იქცეოდა. ამ წერილების არსი კი ის იყო, რომ ამქვეყნიერი ცხოვრება ფუჭი იყო და, რაც უფრო გასაჭირსა თუ სიღარიბეში გაატარებ მას, ერთი მხრივ, მით უფრო იმატებდა შენი სულიერება და, შესაბამისად, შენ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ხდებოდი, ხოლო, მეორე მხრივ, დიდად იზრდებოდა შენი ზეციური საზღაურიც. ამასთან ერთად, ყველა წარმატებული ქვეყანა თუ ერი მტრად ცხადდებოდა, ხოლო მისი მთავრობა – მასონებად, რადგან ისინი შურით აღვსილნი ცდილობდნენ, მიქარიელებისთვის სულიერება წაერთმიათ.

   აკლდამებით მოფენილი იყო მთელი მიქარია, პატარა ჩიხშიც კი ერთი ქადაგებისთვის განკუთვნილი შენობა იდგა, სადაც მთავარი მქადაგებლის – ,,უსაკალელესის“ სულიერი შვილები ხალხს ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა შეეზიზღებინათ სხვა ერის წარმომადგენელი თუ მიქარიელებისგან ოდნავ განსხვავებული.

  ჯერ კიდევ ,,ულვაშას“ ხანაში, ყველაზე საშინელ ხელსაწყოდ თურმე სარკე იქნა გამოცხადებული. დიდ ბელადს შემოუტანია წინადადება, ყველა სარკე დაემსხვრიათ. მოსახლეობამაც ენთუზიაზმით აიტაცა ეს წამოწყება და სარკეების მსხვრევას დიდი მონდომებით შეუდგა. დაიწყო ,,ანტისარკის“ დიადი კამპანია. ვინც სარკეს სახალხოდ არ დაამსხვრევდა, ხალხის მტრად ცხადდებოდა და მას აპატიმრებდნენ. ერთი-ორი მეპროტესტე (,,სარკის ქომაგები“) თურმე მაინც შემორჩენილა და ღრმა იატაკქვეშეთში გადასულა. მაგრამ აბა ერთი-ორი, ისიც შეშლილად გამოცხადებული მარგინალი, ამხელა მასის წინაშე, რას გახდებოდა? მათ მიქარიაში თურმე ყველა დასცინოდა და ქვებსაც ესროდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დროთა განმავლობაში მეპროტესტეები საზოგადოების აზრის ფორმირებიდან საბოლოოდ გარიყეს და ამიტომ ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. რამდენიმე ,,პროტესტანტი“ მთებში, გამოქვაბულში დასახლებულა, სადაც მათ ყურადღებასაც არავინ აქცევდა.

   სულ ბოლოს, როდესაც ყველა განსხვავებული აზრის ადამიანი გაანეიტრალეს, ხოლო ერი და ქვეყანა გამჭოლმა სულიერებამ მოიცვა, ,,უსაკალელესმა“ ჩამოწერა ათი ახალი მცნება:

უსაკალელესის ათი მცნება:

I. მე ვარ უსაკალელესი და უერთადერთესი, ყველამ თითო გულით დამილაიქეთ და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

II. კერპი შენი ჰქმენ ,,ერთმორწუნე ძმისგან“ და ,,ულვაშასგან“, აგრეთვე კერპნი შენნი არს მამონა, მამაო და თავი შენი: თაყუანი-ეც მათ და მსახურებდე მათ.

III.თვალებმინაბული დღენიადაგ იძახოდე: ,,უფალЬო, უფალЬო, შემიწყალЬე“ – და აქებდე ,,უსაკალელესსა“ და მამაოსა.

IV. მოიხსენე დღე იგი შაბათ-კვირა და გაუთავებელი დღესასწაულნი, და წმიდა-ჰყავ ისინი: ექვს დღე მცონარებასა შინა არაფერს იქმოდე, სცოდავდე, ხოლო შაბათ-კვირას მოინანიე, გადაიხადე და არხეინად გააგრძელე ცხოვრება.V. მამამან და დედამან შენმან მინიმუმ 40 წლამდე შეგინახოს, ,,ჩემი დედათი“ და ,,ბოიშვილივიყოთი“ მოიხსენიებდე მათ.

VI. მექრთამეებსა, ხაზინისა თუ,,კანონიერ“ ქურდებსა პატივს მიაგებდე – ,,ფულს სუნი არ უდის“.

VII.არა იმრუშო ცოლთან, მხოლოისა საყვარელთან ან პუტანებთან, ხოლო ცოლი იგი არს ფეხბანისა და  მორჩილებისთვის.

VIII. მოპარე სახელმწიფოსა და გაღატაკებულ ხალხსა, აიღე ქრთამი – ,,ოჯახი შენი ხრამი არს“.

IX. მთელი დღე იჭორავე მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა და მოიძულე უცხო და განსხვავებული.

X. გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუასისა შენისა, გული გითქუმიდეს სახლისათვის მოყუასისა შენისა, ყანისა მისისა, მანქანისა მისისა, ყოვლისა საცხოვარისა მისისა, ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყუასისა შენისა – ,,შურია – პური ჩვენი არსობისა“.

 ...ასე თანდათან ჩამოყალიბდა მიქარია მუდმივი კაიფისა და ღიპების ფხანის სამყაროდ, ასე აგურ-აგურ აშენდა გამარჯვებული იდიოტიზმის ქვეყანა, სადაც ჩვენი გაგებით ჭკვიანი – ბრიყვია, ხოლო უვიცი – განათლებული. მიქარიელებმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს გულმავიწყობაშიც, რაც გამოიხატა ნამდვილი ისტორიის სრულ დავიწყებასა და ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის წარსულის მიმართ აბსოლუტურ ამნეზიაში. ამისთვის მხოლოდ მორიგი ბელადისა ან ,,უსაკალელესის“ გაკვრით ნათქვამი სულ ერთი-ორი სიტყვა ხდება საკმარისი და გუშინდელი ქურდი ან მოღალატე დღეს –  ვაჟკაცად, პატრიოტად და ერის რჩეულად იქცევა. ამ საყოველთაო გულმავიწყობის ეპიდემიას კი ისევ და ისევ ყველაფრის პირიქით, შეტრიალებულად აღქმა უდევს საფუძვლად. მიქარიაში ხომ უსინდისობა წესიერებად არის მიჩნეული...

   დროთა განმავლობაში, ყველა მიქარიელი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, თავფეხიანად რელიგიასა და პოლიტიკაში გადაეშვა. ერს რომ საჭირბოროტო საკითხებზე არ ეფიქრა, ხალხი ორ მტრულ ბანაკად დაიყო – უმრავლესობად და უმცირესობად. მათ შორის არაფერი იყო საერთო – სრული გაუცხოება და აუტანლობა სუფევდა. ბარიერის ორივე მხარეს ჩირქივით ჩაგუბებული ზიზღი ბატონობდა. სწორედ ამის გამო იყვნენ მიქარიელები ასე გატაცებულნი რელიგიითა და პოლიტიკით – ამ სფეროებში სიძულვილის გადატანისა და ფიზიკური დაპირისპირების ადვილი შესაძლებლობით. მიქარიელებს ხომ არა ღმერთი, არამედ სხვაზე უპირატესობა სწყუროდა. 

ზურა ოდილავაძე. 2016 წელი, ნოემბერი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ელისაშვილის მიერ შეხვედრის დაანონსების შემდეგ, გუდიაშვილზე სამუშაოები დაიწყო

კომენტარები