ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ვასო ურუშაძე

HUB Georgia - რკინიგზის გასხვისების შესახებ

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

საქართველოს  პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა რკინიგზის და “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” წილები გაყიდოს.

“ჩვენ ვაკვირდებით ბირჟებზე სიტუაციას და როგორც კი იქნება საშუალება, პრინციპში, რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კორპორაციის 25%–ის ბირჟაზე ლისტინგის, ანუ განთავსებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პერიოდს დაველოდოთ. უნდა ითქვას, რომ შარშან ნამდვილად არ იყო ამ მხრივ საუკეთესო დრო და ეს არის ძალიან საფრთხილო საკითხი და სწორად გასაკეთებელი საკითხი. რა თქმა უნდა, პრივატიზაციის კუთხით რაც იქნება პოტენციალი, ამას ავითვისებთ”, – ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა  26 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა, სადაც მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა.

აღნიშნულ განცხადებას ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა “HUB Georgia” პასუხობს.

„HUB Georgia”-ს წევრი, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი, ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი:

საქართველოს, რომელიც მყარად ადგას ევროპულ სრუქტურებში ინტეგრირების გზას, ახლო მომავალში, აუცილებლად მოუწევს, ევროპაში აპრობირებული დირექტივების საკუთარ სარკინიგზო სისტემაში დანერგვა. რკინიგზების ფუნქციონირების მსოფლიო გამოცდილების ანალიზი ცხადყოფს, რომ გადაზიდვითი პროცესი ტრანსპორტის ყველა დარგისათვის განეკუთვნება კონკურენტულ სფეროს.  შესაბამისად, საქართველოს სარკინიგზო ბაზარი არ არის და არც შეიძლება იყოს გამონაკლისი. რაც შეეხება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, საქართველოს სტრატეგიული განლაგებიდან გამომდინარე - მუდმივად სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს.

აღნიშნული მოდელი - ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს ხელში, ხოლო, გადაზიდვები კონკურენტულ სფეროში, სრულად მორგებულია საქართველოს არსებული რეალობისათვის, რომლის ერთ - ერთი სასიცოცხლო არტერიის - რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაუფლება სადღეისოდ,  სხვადასხვა გარეგანი, ხშირ შემთხვევაში „შენიღბული“ ძალების გეოსტრატეგიულ ინტერსებშია.

რადგანაც საქართველო წარმოადგენს "ახალი აბრეშუმის გზის" საკვანძო სატრანზიტო მონაკვეთს, ამასთან, როგორც ევროკავშირის პრიორიტეტული პროექტის, ტრასეკას (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მონაწილე, საქართველო და მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი აღმოჩდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ეპიცენტრში. თუნდაც, მხოლოდ ამ პოლიტიკური ფაქტორების გამო საქართველოს რკინიგზის სრული პრივატიზირება (ინფრასტრუქტურა + გადაზიდვები) - სახელმწიფო ვალდებულების იგნორირების ტოლფასია.

ძნელი წარმოსადგენია, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება საქართველოზე გამავალი დერეფანი, თუ თითოეული მონაწილე ქვეყანა ცალ-ცალკე განახორციელებს ერთმანეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაყიდვას?! რადგანაც პერსპექტივაში ასეთი დერეფნის ფუნქციონირებაში წინა პლანზე წამოწეული იქნება მეწარმე სუბიექტის, რკინიგზების კომერციული ინტერესები, ასეთ ვითარებაში, დერეფანი ვერასდროს ვერ აღმოჩნდება კონკურენტუნარიანი.

ასეთი ნაბიჯების გადადგმის მიზანშეწონილობა გამართლებული იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ რომელიმე გავლენიანი საერთაშორისო კონსორციუმი ითავებდა მთლიანი დერეფნის მართვას. კერძოდ, მოქნილი სატარიფო პოლიტიკით და გამარტივებული საბაჟო პროცედურებით უზრუნველყოფდა რუსეთის ალტერნატიული დერეფნისათვის კონკურენციის გაწევას.

საქართველოს რკინიგზის სრული პრივატიზების შემთხვევში შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის მართვაში პირდაპირ ან ირიბად ჩაერთოს რუსეთის ინტერესების გამტარებელი კომპანია, ასეთ შემთხვევში წინა პლანზე წამოიწევს პოლიტიკური რისკები. ადგილი ექნება მინიმუმ რუსეთის მხრიდან ტვირთების, მისთვის სასურველი დივერსიფიცირებული სქემით გადაზიდვების (საჭიროების შემთხვევაში კი ბლოკირების) განხორციელებას, დაბალი თვითღირებულების ტვირთების გადმომისამართებას, ანდაც დამატებითი ფინასური სახსრების მხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე მოზიდვას. ამის პრეცენდენტი არსებობს, როდესაც რუსეთმა შეიძინა მეზობელი სომხეთის რკინიგზა.

„HUB Georgia”-ს წევრი, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“  დამფუძნებელი, ექსპერტი დავით გოჩავა:

როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 25 % გაიყიდოს, ჩნდება მარტივი კითხვა: პოტენციური ინვესტორი „საქართველოს რკინიგზის“ რა აქტივებს შეიძენს?

როგორც მოგეხსენებათ, სს „საქართველოს რკინიგზა“ - ეს არის ერთიანი მონოლითური რკინიგზა. ასეთი ტიპის რკინიგზის აქციების მეოთხედის გაყიდვის მაგალითს მსოფლიო პრაქტიკა არ იცნობს. არც ერთი კვალიფიციური ინვესტორი არ შეიძენს „საქართველოს რკინიგზის“ აქციებს უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ეს რკინიგზა სტრუქტურულად არ არის მზად ასეთი ტიპის ინვესტიციების მისაღებად.

სახელმწიფო რკინიგზამ, სანამ ინვესტორი შემოვიდოდეს, უნდა გაიაროს რესტრუქტურიზაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი. ეს გულისხმობს მინიმუმ სამი კომპანიის შექმნას არსებული რკინიგზის ბაზაზე: ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანია, სატვირთო კომპანია და სამგზავრო კომპანია. დირექტორატები სარკინიგზო ბიზნესის აღნიშნულ სეგმენტებში „საქართველოს რკინიგზაზე“ შექმნილია, მაგრამ ის ფორმალურ ხასიათს ატარებს მხოლოდ. ანუ, „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს ერთიან მონოლითურ კომპანიას, რომელსაც მართავს დირექტორთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გენერალური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დირექტორი, სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, მგზავრთა გადაყვანის დირექტორი და ფინანსური დირექტორი.

ზემოთ ხსენებული სამი ძირითადი ბიზნესი რომ იყოს დამოუკიდებელი კომპანიების გამგებლობაში, მაშინ პროცესი უფრო გასაგები გახდებოდა. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვიცნობთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რკინიგზების რესტრუქტურიზაციის მაგალითებს, იგულისხმება ბალტიის ქვეყნები, მაგრამ ისეთ პრეცედენტს, რომ რესტრუქტურიზაციის გარეშე რკინიგზაზე ინვესტორი შემოვიდეს, - არა.

ვიმეორებ, არც ერთი კვალიფიციური ინვესტორი „საქართველოს რკინიგზაზე“ კაპიტალს არ დააბანდებს, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენი რკინიგზა ამისთვის სტრუქტურულად მზად არ არის! და თუ ვინმე მაინც იყიდის შეთავაზებულ აქციებს, მას სავარაუდოდ სხვა მიზნები ამოძრავებს, რასაც „საქართველოს რკინიგზის“ განვითარებასთან კავშირი არ აქვს!

„საქართველოს რკინიგზაზე“ ინვესტორი რომ შემოვიდეს, მან რესტრუქტურიზაციის რთული და ხანგრძლივი გზა უნდა გაიაროს. მე თუ მკითხავთ, მთავრობამ „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 25 % კი არ უნდა გაყიდოს, არამედ „საქართველოს რკინიგზის“ მმართველი ელიტის მინიმუმ 25 % უნდა შეცვალოს და რკინიგზაზე ფუნდამენტური ცვლილებები დაიწყოს. ამისათვის, საუკეთესო გზას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დირექტივებისა და რეგლამენტების მოთხოვნების შესრულება წარმოადგენს.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა “HUB Georgia”, 2016 წლის დეკემბერში გამართავს კონფერენციას, სადაც იქნება დისკუსია  საქართველოს რკინიგზაში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, გასატარებელ რეფორმებზე და სხვ. “HUB Georgia”-ს წევრი ექსპერტები მთავრობას წარუდგენენ რეკომენდაციებს, სტრატეგიულ ხედვას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების მიზნით.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia”

Tel: +995 599 024 021 Tel: +995 599 02 10 13

HubGeorgia@Gmail.com  www.facebook.com/ngohubgeorgia

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ქებურია

კომენტარები