ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Groove

დამოკიდებულებასთან ბრძოლის მეთოდები.

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

რა იწვევს, მაგალითად, ჰეროინზე დამოკიდებულებას? სულელური კითხვაა, არა? ცხადია, ყველამ ვიცით, ჰეროინზე დამოკიდებულებას იწვევს ჰეროინი. ეს ასე ხდება: თუ 20 დღის განმავლობაში გამოიყენებთ ჰეროინს, 21-ე დღეს თქვენს სხეულს მძაფრი ფიზიკური მოთხოვნილება გაუჩნდება წამლის მიმართ, რადგან წამალში ქიმიური "ანკესებია". დამოკიდებულება სწორედ ესაა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველაფერი, რაც დამოკიდებულებაზე ვიცით, არასწორია. მაგალითად, თუ მოიტეხავთ ბარძაყს, წაგიყვანენ საავადმყოფოში და დაგინიშნავენ დიდი რაოდენობით დიამორფინს, რამდენიმე კვირით ან თვით. დიამორფინი ჰეროინია. ის გაცილებით ძლიერია ნებისმიერ ჰეროინზე რომელიც ქუჩაში იშოვება, რადგან ის დამატებითი ნაერთებით დაბინძურებული არაა დილერების მიერ. თქვენს გარშემო მრავალ ადამიანს ახლა საავადმყოფოებში დიდი რაოდენობით ხარისხიან ჰეროინს აწვდიან. მაშინ ნაწილი მაინც ხდება დამოკიდებული? ეს დეტალურადაა შესწავლილი; ასე არ ხდება. თქვენი ბებია არ გახდება ნარკომანი ბარძაყზე მკურნალობის გამო. რატომ ხდება ასე? აქ შემოდის დამოკიდებულების თანამედროვე თეორია, რომელიც ნაწილობრივ მე-20 საუკუნეში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგია. ექსპერიმენტი უბრალოა: ვათავსებთ ვირთხას გალიაში, რომელშიც ორი ბოთლია. ერთში უბრალოდ წყალია, მეორეში კი - წყალში გაზავებული ჰეროინი ან კოკაინი. ამ ექსპერიმენტისას თითქმის ყოველთვის ვირთხა წამლიან წყალზე დამოკიდებული გახდება და მუდმივად დაუბრუნდება ამ ბოთლს, სანამ არ მოკვდება. 1970 წელს, ბრუს ალექსანდერმა, ფსიქოლოგიის პროფესორმა, ექსპერიმენტში ერთი უცნაურობა შენიშნა: ვირთხა გალიაში მარტოა, მას წამლისა და წყლის გარდა არაფერი გააჩნია. ის დაინტერესდა თუ რა მოხდებოდა ექსპერიმენტის ოდნავი ცვლილებით. მან ააგო პარკი ვირთხებისთვის, რომელიც ვირთხების "სამოთხეს" წარმოადგენს. ეს არის კეთილმოწყობილი გალია, ფერადი ბურთულებით, სოროებით, მრავალი მეგობარი ვირთხით, რომელთანაც თამაში და სექსი შეიძლება - ფაქტობრივად ყველაფერი რაც ვირთახს სურს. გალიაში ასევე იყო წამლიანი და უწამლო წყლიანი ბოთლები. მოხდა საინტერესო რამ: ვირთხების პარკში ვირთხები, თითქმის არ იღებდნენ წამლიან წყალს, რეგულარულად - თითქმის არცერთი და აბსოლუტურად არცერთს არ მიუღია ჭარბი დოზა. შანსია ეს მხოლოდ ვირთხებს ახასიათებდეთ, არა? საბედნიეროდ მსგავსი ექსპერიმენტი ადამიანებისთვისაც ჩატარდა: ვიეტნამის ომი. ამერიკელი ჯარისკაცების 20% ვიეტნამში ჰეროინს იყენებდა. სახლში ნათესავები ნერვიულობდნენ, რადგან მათ ეგონათ, რომ ასი ათასობით ნარკომანი იქნებოდა ამერიკის ქუჩებში ომის შემდეგ. სამხედროები დაბრუნებისასაც შეისწავლეს და საოცარი შედეგი აღმოაჩინეს: ჯარისკაცები სარეაბილიტაციო ცენტრებში არ წასულან, არც უმკურნალიათ, 95%-მა დაბრუნების შემდეგ, უბრალოდ შეწყვიტა წამლის მოხმარება. დამოკიდებულების ძველი თეორიით, ეს სრულიად ალოგიკური გამოდის. მაგრამ თუ გჯერათ პროფესორი ალექსანდერის თეორიის, ეს საკმაოდ ლოგიკურია, რადგან უცხო ქვეყნის საშინელ ჯუნგლებში, სადაც არ გსურთ ყოფნა და ან უნდა მოკლა, ან მოკვდეთ ნებისმიერ მომენტში, ჰეროინის მიღება საკმაოდ კარგი გზაა "დროის გასატარებლად". მაგრამ, თუ დაბრუნდებით საკუთარ სახლში, მეგობრებსა და ნათესავებთან, ეს პირველი გალიიდან ამოყვანისა და ადამიანურ "ვირთხების პარკში" ჩასმის ანალოგია. ქიმია არაფერ შუაშია, მთავარია გალია და იზოლაციის განცდა. დამოკიდებულებაზე სხვაგვარად უნდა ვიფიქროთ. ადამიანებს კავშირის დამყარების შინაგანი საჭიროება აქვთ. როცა გვიხარია, ჯანმრთელი ვართ, ვუკავშირდებით ხალხს ჩვენს გარშემო. როცა ეს არ შეგვიძლია, ტრავმების, იზოლირების, ცხოვრებისეული სირთულეების გამო, კავშირს ვამყარებთ რაღაცასთან, რაც შვებას გვგვრის. შეიძლება ეს სულ: სმარტფონის შემოწმება იყოს, ან პორნოგრაფია, კომპიუტერული თამაშები, აზარტული თამაშები, ან ნარკოტიკები. კავშირს რაიმესთან დავამყარებთ, რადგან ეს ადამიანური ბუნებაა. არაჯანმრთელი კავშირებისგან თავის დასაღწევად, ჯანრმთელი კავშირებია საჭირო. კავშირი ხალხთან, ვისთან ერთად ყოფნაც გვსურს. დამოკიდებულება მხოლოდ ერთი სიმპტომია კავშირის გაწყვეტის, რომელიც ჩვენს გარშემოა. ამას ყველა ვგრძნობთ. 1950-იანი წლებიდან ამერიკელის მეგობრების საშუალო რაოდენობა მუდმივად იკლებს. ამავდროულად, საცხოვრებელი ფართი მუდმივად იზრდება. მეგობრებს საცხოვრებელ ფართს ამჯობინებენ, ნივთებს - კავშირს. ომმა, რომელიც "წამლების" წინააღმდეგ უკვე საუკუნეზე მეტია მიმდინარეობს, ყველაფერი გააუარესა. ხალხის დახმარებისა და ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლად, ასეთი ხალხი საზოგადოებიდან გავრიყეთ, მათთვის გავართულეთ სტაბილური ცხოვრების მიღწევა და სამსახურის შოვნა, ვართმევთ დახმარებასა და სარგებელს თუ დავიჭირეთ წამლის გამოყენებაში, ვსვამთ ციხეში, რაც ფაქტობრივად გალიას, იზოლაციას წარმოადგენს, რომელიც დამოკიდებულების პირველი მიზეზია, ხალხს, რომელიც არაა კარგად, ვათავსებთ სიტუაციაში, რომელიც მათ უარესად ხდის და ვკიცხავთ გამოუსწორებლობის გამო. დიდი ხნია დამოკიდებულებისგან მხოლოდ ინდივიდუალურ რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ. საჭიროა სოციალურ რეაბილიტაციაზეც ვისაუბროთ, რადგან ჩვენ, როგორც ჯგუფს, რაღაც გვეშლება. უნდა ავაშენოთ საზოგადოება, რომელიც უფრო ემსგავსება "ვირთხების პარკს" და ნაკლებად ემსგავსება იზოლირებულ გალიას. უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების არაბუნებრივი წესი და ხელახლა აღმოვაჩინოთ ერთმანეთი. დამოკიდებულების საპირისპირო არა სიფხიზლე, არამედ კავშირია. ჩვენ უნდა ვეცადოთ შევქმნათ რეაბილიტაციის ცენტრები, დავეხმაროთ ადამიანებს სოციალურად ფეხზე წამოდგომაში, მოვახდინოთ მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და არა პირიქით - გავრიყოთ, რადგანაც ყოველი დამოკიდებულების თავი და თავი, ისევ იზოლაციის განცდა და რეალობიდან გაქცევის სურვილია, კომპენსაციის მცდელობაა იმ დანაკლისისა, რაც ფსიქიკას გააჩნია, დღევანდელი მეთოდით, რომლითაც ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლა მიმდინარეობს, ეს პრობლემა არ იქნება აღმოფხვრილი, არამედ უფრო და უფრო გაღრმავდება, რადგანაც ნებისმიერ ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება "აკრძალულ ხილს" მიეტანოს - განსაკუთრებით თუ იგი რაიმე ნიშნით სოციალური წრისაგან, ოჯახისაგან თუ საზოგადოებისაგან გარიყულად გრძნობს თავს, არ აქვს მნიშვნელობა, რაზე არის ადამიანი დამოკიდებული. არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც ისედაც პრობლემები აქვს, ფინანსური მდგომარეობა გაუუარესო, ფული გამოსძალო, ხოლო შემდეგ ციხეში გაუშვა, ამ დროს გიკვირდეს, თუ რატომ არ გამოსწორდა იგი. მაშინ, როდესაც ფაქტიურად სახელმწიფო აიძულებს ყოველ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს, ჩარჩეს ამ მანკიერ წრეში და ვერასოდეს დააღწიოს თავი ამ პრობლემას, იმის მაგივრად, რომ ადამიანებს დახმარება გაუწიონ, რთულია ადგე და დაადანაშაულო თვითონ ის ადამიანი, რომელსაც დამოკიდებულება გააჩნია რაიმის მიმართ. ჩვენ ყველანი რაღაცაზე დამოკიდებულები ვართ, რატომ არის ის ადამიანი განსხვავებული? აკრძალვა და შეზღუდვა, ადამიანის გამოკეტვა, მხოლოდ ერთ შედეგს მოიტანს, გაიზრდება დამოკიდებულთა რაოდენობა... კიდევ ერთი ნათელი მაგალითია: "მშრალი კანონი" — კანონი, რომელიც კრძალავს ალკოჰოლური სასმელების წარმოებასა და გაყიდვას. შემოღებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში (1920-1933) და ზოგიერთ სხვა ქვეყნებში (მაგ. ფინეთში), მაგრამ სასურველი ეფექტი არ მოჰყოლია. მას სისტემურად არღვევდნენ ე. წ. ბუტლეგერები, რომლებიც ალკოჰოლური სასმელის კონტრაბანდით, არალეგალური წარმოებითა და ვაჭრობით მდიდრდებოდნენ. "მშრალი კანონი"-ს შემოღების პერიოდში, ამერიკაში დრამატულად გაიზარდა ალკოჰოლური სასმელის მოხმარების რიცხვი. ალკოჰოლური სასმელების აკრძალვა დაიწყო 1920 წლიდან, ნაციონალური მასშტაბით. მაშინ როდესაც, წესით ამ აკრძალვას ალკოჰოლური სასმელის მოხმარება და მასზე დამოკიდებულება უნდა შეემცირებინა, უკვე 1925 წლისათვის, ალკოჰოლის მოხმარების, ასევე სიმთვრალის შედეგად მომხდარი ინციდენტების სტატისტიკურმა რაოდენობამ გადააჭარბა 1920 წლამდე არსებულს, დრამატულად გაიზარდა მოხმარების რაოდენობა ქალებსა და ბავშვებში - ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება გვაფიქრებდეს - რაიმის აკრძალვა, ან დამოკიდებული ადამიანის გამოკეტვა გამოსავალი არ არის. ჩვენ დამოკიდებულებას უნდა ვებრძოლოთ და არა ადამიანებს, რომელთაც რაიმის მიმართ დამოკიდებულება გააჩნიათ. არა ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას საქართველოში! ... ტექსტში გამოყენებული იქნა წყარო: Addiction

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქალბატონი, ოქროს თევზები, ოქროს ხბო და პროტესტის ისტორია

კომენტარები