ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი სანდრო თარხან-მოურავი

მოკლე გზა ბედნიერებისკენ

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

(პირველად გამოქვეყნდა ფეისბუკზე, 2010 წლის 25 ოქტომბერს)

ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო — ალბათ ისტორიულ საქართველოში ყველას მოკლე ფეხები ჰქონდა. ევა ჰერციგოვას პარამეტრები არ სჭირდებოდა: არც ხეზე აძრომას და რომაელებისთვის გამხმარი ჩირგვების დაშინებას; არც ვიწრო ხეობის ჩახერგვას და მთად ბარიდან მომთაბარე მონღოლების ლოდებით დალოდებას; არც დევის საწნახელში ფეხის მტევნებით ყურძნის მტევნების ჭყლეტას. ტრადიციულად ხელებზე იყო აქცენტი. ლაპარაკიც დღემდე ხელებით უფრო გვეხერხება.

მაგრამ საუკუნეებმა განვლო, ათასგვარი მტერ-სტუმარი შემოგვესია და ათასი ხვეული გენი შეგვატოვა. დღევანდელ საქართველოში ტყუილს მოკლე ფეხებიც აქვს და გრძელიც, თხელიც, სქელიც, თანაბარიც და კოჭლიც, გაპარსულიც, გაუპარსავიც და ეტლზე მიჯაჭვულიც კი. მაგრამ ყველა სწრაფად მოძრაობს. ზოგი ისეთია, მთელი ქვეყანა წლობით ვერ ეწევა. ზოგს უცებ გამოიჭერენ, მაგრამ ისე განაგრძობს კიდურების ქნევას, ვითომ არაფერი.

ამბობენ, სანამ წმინდა წერილი ღვთისმშობლის წილხვედრ მიწამდე ჩამოაღწევდა, იერუსალიმიდან მცხეთაში მიმავალ გზაზე ეშმაკის მსტოვარს, რამდენიმე ნაწყვეტთან ერთად, მეცხრე მცნებაც მოუპარავს. შემდეგ სადღაც ზესტაფონსა და ხაშურს შორის დედამიწის ჭიპი უპოვია და მოკლე გზით გაქცეულა ქვესკნელში.

ამიტომაც ჩვენში ტყუის ყველა — სპილო, ტურა, ძროხა და მელა (ხალხის კლასიფიკაციაა, კამა სუტრას ვრცელი რედაქციის მიხედვით). ცრუობს პრეზიდენტი, მისი ოპონენტი, მმართველი ძალა, საპარლამენტო, ქუჩისა და ზომიერი, ბულვარის ოპოზიციაც. ცრუობს პოლიტიკურად დაინტერესებული, აჟიტირებული, გულგრილი და ნეიტრალური. ამავე ჭკუაზეა კულტურის, მეცნიერების, სპორტის თუ ცივი ოფლით ფულის შოვნის მუშაკი.

გამიზნულ ტყუილებთან ერთად, რომლებსაც ოსტატის ხელი ატყვია ხოლმე, აღსანიშნავია მექანიკური ტყუილები. მათ სიცრუის კულტი ირიბად შობს. რამეთუ მოკვდავმა უწყის, ფუჭი სიტყვისთვის არა გმობა ერგების, ფქვავსა და ფქვავს, არა უკან იხედების. ამის მაგალითია რიცხვებთან უდარდელი მოპყრობა. პრეზიდენტი იტყვის, ეროვნული მეფუტკრეობა ორასი პროცენტით გაიზარდაო, თუ რეალური ზრდა იყო ასი. ოპოზიციონერი იტყვის, მთავრობამ ორასი ათასი სკა ამოძირკვაო, არადა სულ იყო ასი ათასი. მოკლედ, ტყუილები შეიძლება არ იყოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და არ იწერებოდეს გასაიდუმლოებულ შტაბებში. უბრალოდ გადამოწმება, ჩახედვა, წაკითხვა გვეზარება. ამ ტექსტის ავტორსაც ეზარება ნამდვილი მაგალითების მოძებნა — არადა ბლომადაა. არ გვიღირს. მაინც იტყვით, დიდი ამბავიო.

არის ტყუილმადიდებლური (მართლმადიდებლურის ანტონიმი) მხარეები, სადაც ტყუილი ცოდვა ჰგონიათ; განსაკუთრებით, პოლიტიკოსისთვის. აბა სცადოს რომელიმე იანკიმ, მეფუტკრეობის დარგში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, და თქვას, რომ კარიბის კუნძულებიდან შემოვარდნილმა (ქარიშხალმა) ევიტამ ორჯერ ნაკლები ფუტკარი დახოცა, ვიდრე სინამდვილეში. სულ უოლსთრითჯორნალის დაკეცილი ფურცლების თავში ჩაცხობით გამოაძევებენ თეთრი სახლიდან, როგორც ბუზს. ყოველ შემთხვევაში, პრესა იმდენს იზამს, რომ ძილში მაინც ნახოს ეს ამბავი. მამა და ძე ბუშებმა უწყიან, ობამა-ობამას ყვირილით სიხარულისგან არასოდეს მიხტუნავია, მაგრამ ეს სია რომ ვნახე, ბარაქა მეც კი შემეცოდა, ისეთი ბოროტი ენთუზიაზმით ამხელენ.

ჩვენში უფრო დიდია ალბათობა ჟურნალისტმა პოლიტიკოსთან საბრძოლველად საკუთარი ტყუილი მოიფიქროს, ვიდრე გამოიჭიროს უკანასკნელი სიცრუეში. ასე ხომ უფრო ადვილია. უკეთეს შემთხვევაში, ტყუილ-მართლის კომპოტს მოამზადებს. იტყვის, რომ პოლიტიკოსს ჰქონდა ისტორიული სახლი, რომელიც გაყიდა და აჩვენებს რას? ჩემი ნაცნობის სახლს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი ცხოვრებაში არ უნახავს. პოლიტიკოსის სახლი მართლა არსებობს, მაგრამ არც ისტორიულია და არც გაყიდული (ეს კი მართლა მოხდა, ფუტკრების ამბისგან განსხვავებით). მერე რა? გვკიდია და...

განსაკუთრებით სახალისოა, როდესაც ცეცხლოვან დისკუსიებში უშიშრად შევარდნილი სიტყვის რაინდები ისე იწყებენ რაღაც მტკიცებების მხარდაჭერას და, მეტიც, დასაბუთებას, რომ არც კი ამოწმებენ, ტყუილია, მართალია თუ ხუმრობით ნათქვამი. დაწერეთ, რომ შალვა ნათელაშვილი სომეხია და სიცარიელიდან აუცილებლად აღმოცენდება შალვათმოძულე, რომელიც არგუმენტს შემოგაშველებთ — მოღრეცილი ცხვირი სომხობის უტყუარი ნიშანიაო. ერთმა დაწერა, ინგლისურის მასწავლებლად ამერიკელი ყივჩაღის ნაცვლად სლოვენიელი ჩამოიყვანესო; ყივჩაღთმოძულეებმაც ერთხმად აუბეს მხარი — დიახ, ინგლისურზე ვატყობთ(!), ამერიკელი არ არისო. კარგ და პატიოსან ხალხსაც იგივე ამეორებინეს. არადა, სლოვენიური წარმოშობის მერამდენეღაცა თაობის ამერიკელი გამოდგა (იქ ხომ ყველა ოკეანდალეულთა მოდგმისაა, აპაჩებისა და იროკეზების გარდა).

მაგრამ სიცრუის ყველა პოპულარული სახეობის განხილვა ცხრა მთას იქით წაგვიყვანს. ამიტომ: და ბოლოს: სიცრუის კულტი რამდენიმე მეტ-ნაკლებად შერყეულ ფეხზე დგას — პლაგიატის (გადაწერის), აფერისტობის, ქურდობისა და ქალიშვილობის ინსტიტუტზეც (თუ რატომ, ამაზე კლასში ან სხვა კოლექტივში თავისუფალი დისკუსია მოაწყვეთ). რომ ჩამოიშალოს, ფეხები უნდა მოტყდეს. არ მოტყდება და კარგ ჩიტსაც დავიჭერთ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები