ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ჰენრი კუპრაშვილი

ძველბერძნულ-ქართული უძველესი ტერმინი „იბერია“ თუ ახალი - ბიზანტიურ-რუსული „ივერია“?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ძველბერძნულ-ქართული უძველესი ტერმინი „იბერია“ თუ
ახალი - ბიზანტიურ-რუსული „ივერია“?

ამ ტერმინებიდან, თუ რომელია სწორი და რომელი უნდა გამოვიყენოთ, ხშირად გამხდარა დავის საგანი. ერთ დროს ანეგდოტადაც კი დადიოდა სასტუმრო “ივერიის” შესახებ. როდესაც სასტუმროს სახელის დარქმევაზე მიდგა საქმე, დაიწყო კამათი იმის შესახებ, თუ რომელი ტერმინი გამოეყენებინათ – ივერია თუ იბერია. ენაკვიმატობით ცნობილ მწერალ ნოდარ დუმბაძეს უთქვამს: ამ სასტუმროს არ შეიძლება იბერია დავარქვათ, რადგანაც ხომ ვიცით ჩვენი ნეონის ნათურებიანი რეკლამების ამბავი, ხომ შეიძლება პირველი ასო ჩაქრეს და მერე დარჩება მარტო ბერია. განა ხალხის მტრის ლავრენტის გვარის ასეთ რეკლამირებას გვაპატიებს ვინმეო? მწერლის ამ ხუმრობას საბოლოოდ გადაუწყვეტია თურმე სასტუმროსათვის “ივერიის” სახელის დამკვიდრება.

ამ ტერმინებს დღესაც მრავალი ორგანიზაცია და ფირმა ირჩევს. ამ ვითარებაში უკეთესი იქნება თუ გვეცოდინება ამ ტერმინების საქართველოში დამკვიდრების პერიპეტიების შესახებ. თუ რომელი ტერმინის გამოყენებაა მართებული, ამის გასარკვევად საკმარისია “ჩავიხედოთ” ისტორიაში და მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

მრავალი ხალხის ენის ლექსიკაში აღიბეჭდა უძველეს ბერძნულ ცივილიზაციასთან ზიარების კვალი. ეს კი საშუალებას იძლევა დადგინდეს ამ თუ იმ ხალხმა ისტორიის რომელ მონაკვეთში განიცადა ძველი ბერძნული ენის გავლენა. ამის გასარკვევად მრავალი ფაქტორი შეიძლება იქნეს განხილული. ამჯერად, ყურადღებას შევაჩერებ ბერძნულ ენაში თანხმოვან (ბეტას) გამოყენების ზოგიერთ ასპექტზე. ძველ ბერძნულში, ანუ ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებიდან ახ.წ. IV საუკუნემდე, გამოიყენებოდა თანხმოვანის შემცველი ტერმინები: ბაბილონია, ბარბაროს, ბასილეუს, ლიბიე (ლიბია), იბერია და სხვ. იმ პერიოდში, ძველი ბერძნები, რომ კარგად იცნობდნენ ქართულ ტომობრივ გაერთიანება იბერიას, მოწმობს ძველ კლასიკურ ბერძნულ წყაროებში ამ ტერმინის მრავალგზის გამოყენება. ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე მოღვაწე ავტორებთან სამივე იბერიას - კავკასიის, პირენეისა და ნისლიანი ალბიონის სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს მოიხსენიებენ მხოლოდ ტერმინ “იბერიათი”. ასევე, ლათინურ წყაროებშიც იხმარება ტერმინი Hiberia. სხვათა შორის, ევროპულ ენებზე გამოცემულ ყველა ცნობარსა და ენციკლობედიაში (გერმანული ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლობედია, ბრიტანიკის ყველა გამოცემა და სხვ., რუსულ დიდი საბჭოთა ენციკლობედიაშიც კი) გამოყენებულია ტერმინი იბერია.

მოგვიანებით, ცნობილია, რომ ბერძნული ენის ფონეტიკამ ცვლილებები განიცადა. შუა საუკუნეების, ანუ ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი (β ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა -ს (ქართულ ვინს). მაგალითად, ძველ საბერძნეთში ბერძენისათვის მეფის აღმნიშვნელი სიტყვა გამოითქმებოდა, როგორც ბასილეუს (ქართულად ბასილი). ბიზანტიური ხანის ბერძნულში კი უკვე, როგორც ვასილეუს (რუსულად ვასილიი). ქართველები იმ უძველეს ხალხთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებმაც ბერძნულ სამყაროსთან ადრეულ ეპოქაში დაამყარა ურთიერთობა (ოქროს საწმისის მითი ცარიელ ნიადაგზე არ შექმნილა). ძველ ბერძნულ ცივილიზაციასთან ზიარების კვალი აღბეჭდილია ქართული ენის ლექსიკაში, რასაც მოწმობს უამრავი ტერმინი, რომლებიც სწორედ უძველესი პერიოდიდან არის დამკვიდრებული ქართულ ენაში: ბარბაროსი, ბასილი და სხვა მრავალი (მე დავთვალე ასამდე).

იგივე ტერმინები ქართველებთან შედარებით, მაგალითად, სლავებში დაახლოებით 2 ათასი წლის (!!!) შემდეგ, შუა საუკუნეების ბიზანტიური ბერძნულიდან იწყებს დამკვიდრებას: Варвар, Василий და სხვა მრავალი (იხილე, თანდართული შედარებების სია). ცხადია, რომ რუსებთან სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგანაც ეს ხალხი ისტორიაში არათუ ძველი ბერძნული ცივილიზაციის დროს, არამედ ბიზანტიის იმპერიის შექმნა-განვითარების საწყის ეტაპზეც კი არ ჩანს. შესაბამისად, მათ საკუთარი ენა გაამდიდრეს, შედარებით ახლო ისტორიულ წარსულში, შუა საუკუნეების ბიზანტიური ხანის ბერძნულიდან შესული ტერმინებით.

არის ზოგიერთი ისეთი სიტყვაც, რომლებიც ქართულში სხვაგვარად გამოითქმის, მაგრამ ბერძნული ენის ზემოთ აღნიშნული სპეციფიკა აისახა სლავურში, მაგალითად, ქართულ ენაზე - ეშმაკი, ძველბერძნულ ენაზე გამოითქმებოდა, როგორც დიაბოლოს, ბიზანტიის პერიოდის ბერძნულ ენაზე კი დიავოლოს, რუსულშიც, რაკი ეს ტერმინი ამ პერიოდში იქნა ნასესხები, გვაქვს დიავოლ.

მოკლედ, ბერძნული „იბერია“, რომელიც ბიზანტიურში „ივერიად“ იქცა და ბიზანტიურიდან (მიახლოებით, ახ. წელთაღრიცხვის IX-X საუკუნეების შემდეგ) კიევის სამთავროს გავლით, „ივერიის“ სახით დამკვიდრდა რუსულ ენაში. ქართულ-რუსული ურთიერთობების დამყარებისა და გაღრმავების შემდეგ რუსულის გავლენით ქართველებმა დაიწყეს ტერმინ ივერიის ხმარება (ამას ხელი შეუწყო, ისტორიულ მახსოვრობაში და ისტორიის მეცნიერებაში ხარვეზების გაჩენამ, ი.ჭავჭავაძის გაზ. „ივერიამ“, განსაკუთრებით, ქართულმა ეკლესიამ, რომელსაც, მიუხედავად ილია მეორის ძალისხმევისა, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუღწევია თავი რუსული ეკლესიის ორასწლოვან გავლენისაგან).

უდავოა, რომ უნდა გამოვიყენოთ ტერმინი იბერია, როგორც ეს ძველ ბერძნულსა და ქართულში იხმარებოდა და არა ივერია, როგორც ეს ბიზანტიურსა და რუსულშია.

სანიმუშო შედარებების ნუსხა (ქართულ და რუსულ ენებზე):
1. აბელი - Авель; 2. აბესალომი - Авессалом; 3. აბიათარი - Авиатар; 4. ალფაბეტი - Алфавит; 5. აბრაამი - Авраам; 6. არაბეთი - Аравия; 7. ბალტასარი - Валтасар; 8. ბარბალე - Варвара; 9. ბარბაროსი - Варвар; 10. ბართლომე - Варфоломей; 11.ბარნაბა - Варнава; 12. ბასილი - Василий; 13. ბეთლემი - Вифлеем; 14. ბენედიქტე - Венедикт; 15. ბესარიონი - Виссарион; 16. ბიზანტია - Византия; 17. ბიკენტი - Викентий; 18. ბიქტორი - Виктор; 19. ებრაელი - Еврей; 20. ევსები - Евсей; 21. ზაბულონი - Завулон; 22. ზორაბაბელი - Зорававель; 23. თუბალი - Тувалкаин; 24. იბერია - Иверия; 25. იაკობი - Иаков; 26. იობი – Иов; 27. ლიბანი - Ливан; 28. ლიბია - Ливия; 29. ნაბუქოდონოსორი - Навуходоносор; 30. ქერუბიმი - Херувим; 31. რაბინი - Раввин; 32. რებეკა - Ревека; 33. რუბენი - Рувим; 34. საბა - Савва; 35. სებასტოპოლისი - Севастополь; 36. სებერიანი - Севериане; 37. ტობია - Товит და სხვ.

კომენტარები