ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

თოვლის მაგივრად ჯონჯოლი (ძველით ახალი წელი უთოვლო გუდაურში)

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ეპიგრაფი

ბურნუთა: - თოვლი გიყვარს?

მკერავი გოგო: - ძალიან!

ბურნუთა: - მოვა!

კინოფილმი “სიყვარული ყველას უნდა”


არ გეგონოთ რომ ჰალუცინაციაა, არც რაიმე ნარკოტიკის ან ალკოჰოლის ზემოქმედებას დააბრალოთ თუ ახვალთ გუდაურში და დაინახავთ, რომ მთის ფერდობებზე ძროხები ბალახობენ. უკვე თვენახევრის განმავლობაში აქ ორი მეტრი თოვლი უნდა იდოს და ბედნიერი მოთხილამურეები უნდა დასრიალებდნენ.

არ ვიცი ბედის უკუღმართობის ბრალია, თუ გლობალური დათბობის, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ გუდაურში თუ სასწრაფოდ თოვლი არ მოვა, სეზონი ჩავარდება. ეს კი ოცამდე პატარა სასტუმროსთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. სეზონის ერთი თვე უკვე გასულია, სასტუმროები მხოლოდ დამსვენებლების პატარა, ერთეულ ჯგუფებს მასპინძლობენ.

ყველა კანონზომიერებით 2010-2011 წლის სეზონი დამსვენებლების რაოდენობის მიხედვით საუკთესო უნდა ყოფილიყო, თუმცა დედაბუნების მშრალმა სიურპრიზმა ყველაფერი აურია. გუდაურისთვის ჩამოსული ასობით უცხოელი ტურისტი ჰოსტელებში ცხოვრობს და თოვლს ელოდება.

ძველით ახალი წელი უთოვლო გუდაურში მაინც ხმაურიანი და ბედნიერი იყო. ჩასვლისთანავე სასტუმრო “გუდაური ჰათის” ვერანდაზე მოთუხთუხე ასამდე ადამიანის დანახვამ სასიამოვნოდ გამაკვირვა. განსაკუთრებით სასიხარულო ამ ხალხში ბევრი ტურისტის აღმოჩენა იყო. ნამდვილი გუდაურული და საახალწლო ატმოსფერო იყო: ცეცხლზე შემოდგმული არყის სახდელიდან მაცოცხლებელი სითხე მოწანწკარებდა, ცოტა გვერდზე ცხვრის მწვადი შიშხინებდა, უზარმაზარი მონიტორებიდან მუმი ტროლის “С новым годом” ისმოდა, ყველა ცეკვავდა და სულ არ იგრძნობოდა, რომ თოვლი რატომღაც არ მოდის.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჯონჯოლი გავსინჯე!" მითხრა ალექსანდრე კოჟნოვმა, უკრაინელმა ტურისტმა, რომელიც იქვე, არყის სახდელ ქვაბთან გავიცანი."თუ გინდა თოვლი საერთოდ ნუ მოვა, ისედაც კარგია გუდაურში! გაგვიმარჯოს!"

12 საათისთვის ალაგ-ალაგ ფეიერვერკებიც გამოჩნდა. გუდაურის მიუზიქ ჰოლიდან გამოსულს ძალიან ბევრი 13-14 წლის ბავშვი შემხვდა, რომლებიც მთელ ხმაზე გაჰყვიროდნენ: “ვისკი! ვისკი! ვისკი!” ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ასეთ პატარა ასაკში ვისკის ასეთი სიყვარული ცოტა უცნაურია, თანაც აქამდე არ მინახავს ბავშვები რომ ვისკის ასეთი ისტერიული მოთხოვნით ქუჩაში ჯგუფურად დადიოდნენ.

“ვისკი ვისკი!” - ჩამძახა ერთ-ერთმა ყურში და მერე ვიღაცამ სასიგნალო შუშხუნა გაისროლა.

“ვისკი მართლა გინდათ თუ მაიმუნობთ?” - დაეჭვებულმა ვკითხე ჩემს გვერდზე მდგარ რამდენიმე გოგოს.

“ვისკი კი არ გვინდა, ჩვენს სათხილამურო სკოლას ჰქვია ასე, “We Ski” ამიტომ ვყვირით.”

“ზბორზე” ვართ. თოვლი რო არაა ვერ ვსრიალებთ მაგრამ მაინც მაგარიაააააა! ვისკი! ვისკი!!!”

გმირი "მიუზიქ ჰოლი"

ფოტოზე: ალმა გოლდი

«მიუზიქ ჰოლ გუდაური» საბრძოლო თავდადებისთვის ორდენს იმსახურებს. კლუბი 31 დეკემბერს გაიხსნა და დამსვენებლების ნაკლებობის მიუხედავად მუშაობა არ შეუწყვეტია. საახალწლო ღამეს აქ ალმა გოლდმა დაუკრა და მინიმალ-ტექნოს ბევრი მოყვარული გააბედნიერა. ულამაზესი გერმანელი დიჯეი საქართველოში უკვე მეოთხედ ჩამოვიდა და როგორც მითხრა უახლოეს მომავალშიც რამდენიმე ქართულ მუსიკალურ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

ყველაზე მეტად ის გამიხარდა და გამიკვირდა, რომ ალმა გოლდს ჭიათურაში, ფესტივალ "მეორე სიცოცხლეზე" უნდოდა დაკვრა.

"ფესტივალის ვიდეოები ფეისბუქზე ვნახე და ძალიან მომეწონა. ისეთი ენერგია მოდიოდა, ისეთი ლამაზი ადგილი იყო... ბედნიერი ვიქნები თუ შემდეგ წელს მეც მომიწვევენ."

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი “მეორე სიცოცხლე” გასული წლის ნოემბერში ჭიათურაში ჩატარდა და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რეგიონსაც მოივლის.

საახალწლო ფართიზე მიუზიქ ჰოლში ასამდე სტუმარი მოვიდა. საკმარისი არაა, მაგრამ უთოვლობის გამო კლუბი მუშაობას არ წყვეტს და უფრო მეტ ხალხს ელოდება. ძალიან სასიამოვნოა, როცა კლუბს ასეთი თავდადებული პოლიტიკა აქვს და გუდაურის კერიას არ აცივებენ.

ახალი წლის ფართის ფოტოები შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ: http://www.facebook.com/album.php?fbid=1764488241630&id=1521866433&aid=2099193

სინოპტიკოსების პროგნოზი დამაიმედებელია. პროგნოზის მიხედვით, იანვრის ბოლოს გუდაურში ბევრი თოვლი იქნება. დეტალური პროგნოზი აქ ნახეთ: http://www.accuweather.com/en-us/ge/mtskheta-mtianeti/gudauri/forecast.aspx

თოვლი აუცილებლად უნდა მოვიდეს. ეს უნდა პატარა სასტუმროებს, დიდ სასტუმროებს, ტურისტებს, ქლაბინგის მოყვარულებს, ფილტვებს… უთოვლოდ არაა ის მხიარულება, “ზაგარი”, არაყი, დილით სოკოს სუპი, გოგოები, გოგოები, გოგოები…

თოვლო მოდი, შენ სამშობლოს ჭირდები!

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები